აშშ-მა რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები დამატებით 30 დღით შეამსუბუქა, - ინფორმაციას აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი ავრცელებს.
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის განცხადებით, გასულ თვეში გაცემული ლიცენზიის მოქმედების ვადა გახანგრძლივდა და ქვეყნები რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შეძენას 16 მაისამდე შეძლებენ.
აშშ-ის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის ცნობით, საშეღავათო ნებართვა რუსული ნავთობის გაყიდვას, გადაზიდვასა და გადმოტვირთვას მოიცავს იმ ტანკერებიდან, რომელთა ჩატვირთვაც 17 აპრილამდე მოხდა.
„უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი გენერალურ ლიცენზიას გამოსცემს 2026 წლის 17 აპრილის მდგომარეობით საზღვაო ხომალდებზე დატვირთული რუსული წარმოშობის ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიწოდებისა და გაყიდვის ავტორიზაციის შესახებ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ცნობისთვის, ირანში ომის ფონზე აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა 30-დღიანი საშეღავათო ნებართვა 12 მარტს გამოსცა, რათა ქვეყნებს ზღვაში მყოფი სანქცირებული რუსული ნავთობი და ნავთობპროდუქტები შეეძინათ.
აშშ-ის მიერ გაცემული ნებართვის ვადა გასულ შაბათ-კვირას ოფიციალურად ამოიწურა.
ნებართვის მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსულ ნავთობზე ლიცენზიის განახლება არ იგეგმებოდა.
„რუსულ და ირანულ ნავთობზე ლიცენზიას არ განვაახლებთ. აღნიშნული ნავთობი ზღვებში 11 მარტამდე იყო, ამიტომ, ეს ყველაფერი უკვე გამოყენებულია“, - აღნიშნა ბესენტმა 16 აპრილს გამართულ ბრიფინგზე.