სუს-ის ანგარიში - 2025 წელს საქართველო ერთმანეთთან დაპირისპირებული მსხვილი აქტორების კონკურენციის ერთ-ერთ საკვანძო არეალად რჩებოდა - ადგილი ჰქონდა პოლიტიკური გარემოს დესტაბილიზაციისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილების მცდელობას

2025 წელს საქართველო და მთლიანად სამხრეთ კავკასია ერთმანეთთან დაპირისპირებული მსხვილი აქტორების კონკურენციის ერთ-ერთ საკვანძო არეალად რჩებოდა - ე.წ. რბილი ძალის, ფარული ოპერაციებისა და საინფორმაციო ომის ინსტრუმენტების გამოყენებით ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ სხვადასხვა სახის აქტიური ღონისძიებები წარმოებდა - მათ შორის ადგილი ჰქონდა საქართველოში პოლიტიკური გარემოს დესტაბილიზაციისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილების მცდელობას, - ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დასკვნა, რაც ასახულია უწყების მიერ პარლამენტში წარდგენილ ანგარიშში.

სუს-ის შეფასებით, რეგიონის უსაფრთხოების გარემოზე კვლავ მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენდა რუსეთ-უკრაინის შეიარაღებული კონფლიქტი და ახლო აღმოსავლეთში განვითარებული პროცესები.

სუს-ი ასევე წერს, რომ გასული წლების მსგავსად, საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში ცალკეული საგარეო და შიდა აქტორების მხრიდან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეების დონე კვლავ მაღალ ნიშნულზე იყო შენარჩუნებული.

“პირთა გარკვეული ჯგუფი საქართველოში გეგმავდა სამოქალაქო არეულობისა და დესტაბილიზაციის პროვოცირებას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო.

ამასთან, თბილისში, 4 ოქტომბერს ორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად, დივერსიული აქტების განხორციელება იგეგმებოდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აღმოჩენილ იქნა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები დეტონატორით. საქმის მასალების თანახმად, უკრაინაში მოქმედი ერთ-ერთი სამხედრო დანაყოფის ქართველი წარმომადგენლის მითითებით, რაც დასტურდება არაერთი მტკიცებულებით, საქართველოს მოქალაქის მიერ შეძენილ იქნა დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი საშუალებები, რომლებიც გადამალული იყო სპეციალურ სამალავში თბილისის მახლობლად, ყის მასივში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად, მოხერხდა იმ პირთა წრის განეიტრალება, რომლებსაც, სავარაუდოდ, აღნიშნული საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები თბილისის ცენტრში უნდა გადმოეტანათ. ასევე, იდენტიფიცირებულ იქნა პირი, რომელმაც შეკვეთით დაამზადა დეტონატორის პულტი, რომლითაც შესაძლებელი იყო ასაფეთქებელი მასალის მოქმედებაში მოყვანა.

შედეგად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით გატარებული ღონისძიებების შედეგად, თავიდან იქნა აცილებული 2025 წლის 4 ოქტომბერს ქვეყანაში დესტრუქციული პროცესების განვითარება და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილების მცდელობა. დაკავებულ იქნენ და ბრალი წარედგინათ ძალადობრივ აქციებში ჩართულ პირებსა და ორგანიზატორებს”, - ნათქვამია სუს-ის მიერ პარლამენტში წარდგენილ ანგარიშში.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია