სუს - საქართველოზე გავლენის მოპოვებით დაინტერესებული სახელმწიფოები ცდილობდნენ მჭიდრო ურთიერთობები დაემყარებინათ კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან, სტუდენტებთან, ექსპერტებთან და ბიზნესთან, მომავალში მათი საკუთარი ინტერესებისთვის გამოსაყენებლად

ე.წ. რბილი ძალის პოლიტიკის ფარგლებში, ზოგიერთი უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურის ან მათთან კავშირში მყოფი პირების საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას ქვეყანაზე ეკონომიკური ზეგავლენის ბერკეტების შექმნის მცდელობები წარმოადგენდა - საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობის მიზნით ყურადღება ეთმობოდა კავშირების დამყარებას და ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის არხების ფორმირებას ქართულ ბიზნესთან. ამ მიმართულებით ეწყობოდა ცალკეული ღონისძიებები, რაც მიზნად ისახავდა ქართულ ეკონომიკაში მოქმედ წარმატებულ ბიზნესოპერატორებთან კავშირების დამყარებას, მომავალში მათი საკუთარი ინტერესებისთვის გამოსაყენებლად, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პარლამენტში წარდგენილ ყოველწლიურ ანგარიშში წერს.

სუს-ი 2025 წლის საქმიანობის ამსახველ ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე არსებითად უარყოფით გავლენას ახდენდა ცალკეული ქვეყნების ე.წ. რბილი ძალის პოლიტიკა და მისი რეალიზების მცდელობები.

როგორც სუს-ი აცხადებს, უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურები სხვადასხვა სახის სადაზვერვო ღონისძიებების განსახორციელებლად ცდილობდნენ აქტიურად გამოეყენებინათ საკუთარ ქვეყნებში მოქმედი პოლიტიკური და სამეცნიერო წრეების, არასამთავრობო, რელიგიური, დიასპორული და კერძო კომერციული ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და ფონდების შესაძლებლობები.

სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნული ორგანიზაციების მეშვეობით, საქართველოზე გავლენის მოპოვებით დაინტერესებული სახელმწიფოები ცდილობდნენ მჭიდრო ურთიერთობები დაემყარებინათ საქართველოში მათდამი ლოიალურად განწყობილ მოქალაქეებთან, კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან, სტუდენტურ წრეებსა და სამოქალაქო აქტივისტებთან, ასევე ცალკეულ ექსპერტებთან, პოლიტოლოგებსა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან.

“საანგარიშო პერიოდში ამ მიმართულებით გამოიკვეთა ზოგიერთი ქვეყნის განსაკუთრებული გააქტიურება, რაც გამოიხატა საგანმანათლებლო-კულტურული ღონისძიებების ჩატარება-ორგანიზებაში და ამ პროცესებში მათთან კავშირში მყოფი სუბიექტების ჩართვის მცდელობებში.

ასევე, გამოვლინდა ზოგიერთი უცხოური უმაღლესი სასწავლებლისა და სამეცნიერო კვლევითი დაწესებულების მხრიდან პერიოდული სამეცნიერო და სასწავლო ღონისძიებების მოწყობის, ახალგაზრდული ბანაკების ორგანიზების და ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა მიწვევის ფაქტები. დაფიქსირდა უცხო ქვეყნების სპეციალურ სამსახურებთან კავშირში მყოფი და ცალკეული ოფიციალური პირების მხრიდან სხვადასხვა პროექტში საქართველოდან ახალგაზრდების ჩაბმის მცდელობები.

აგრეთვე დადგინდა, რომ უცხო სახელმწიფოსთან აფილირებული და სპეციალურ სამსახურებთან კავშირში ეჭვმიტანილი საზღვარგარეთ მოქმედი ორგანიზაციების ზედამხედველობით და დაფინანსებით გამართულ ღონისძიებებში ხდებოდა საექსპერტო და ჟურნალისტური წრეების წარმომადგენელთა ჩართვა. ღონისძიებების საკითხთა თემატიკიდან იკვეთებოდა, რომ საქართველოდან ხსენებული კონტინგენტის შერჩევა მიზნად ისახავდა მათ იდეოლოგიურ-პროპაგანდისტულ “დამუშავებას“ და საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას“, - ვკითხულობთ სუს-ის მიერ პარლამენტში წარდგენილ ყოველწლიურ ანგარიშში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, საანგარიშო პერიოდში, ე.წ. რბილი ძალის პოლიტიკის ფარგლებში, ზოგიერთი უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურის ან მათთან კავშირში მყოფი პირების საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენდა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების მონიტორინგი და ქვეყანაზე ეკონომიკური ზეგავლენის ბერკეტების შექმნის მცდელობები.

“საქართველოსთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების ხელშეწყობის მიზნით ყურადღება ეთმობოდა კავშირების დამყარებას და ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის არხების ფორმირებას ქართულ ბიზნესთან. ამ მიმართულებით ეწყობოდა ცალკეული ღონისძიებები, რაც მიზნად ისახავდა ქართულ ეკონომიკაში მოქმედ წარმატებულ ბიზნესოპერატორებთან კავშირების დამყარებას, მომავალში მათი საკუთარი ინტერესებისთვის გამოსაყენებლად.

დაფიქსირდა უცხოეთში მოღვაწე ბიზნესმენთა გარკვეული აქტივობა საქართველოს ცალკეულ, მათ შორის სასაზღვრო, რეგიონებში სხვადასხვა პროექტის განხორციელებისა და დაფინანსების კუთხით, რაც სავარაუდოდ, მიზნად ისახავდა ადგილობრივ მოსახლეობაში საკუთარი იმიჯის ამაღლებას და საჭიროების შემთხვევაში, მათი მხარდაჭერის მოპოვებას.

გარდა ამისა, გამოიკვეთა, რომ ზოგიერთ კომპანიაში, სადაც ხელმძღვანელობას ახორციელებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ფიქსირდებოდა უცხოელთა დასაქმების ტენდენცია, რამაც ხანგრძლივ პერიოდში შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებაზე.

საანგარიშო პერიოდში სამსახურის მიერ ოპერატიულ კონტროლზე იყო აყვანილი საქართველოში უცხოური კაპიტალით შექმნილი ბიზნესსუბიექტები, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მათ საკუთრებაში არსებული კომპანიები. გრძელდებოდა ამგვარი კომპანიების ხელმძღვანელებისა და დასაქმებული პირების დაინტერესების სფეროებისა და კონტაქტების გამოვლენა.

მიმდინარეობდა საქართველოს სხვადასხვა ქვეყანასთან ორმხრივ ან მრავალმხრივ ფორმატში გასაფორმებელი სავაჭრო-ეკონომიკური ხელშეკრულებების ანალიზი, მათი შესაძლო თანმდევი რისკების იდენტიფიცირების მიზნით. არსებული გამოწვევების შესამცირებლად მუშავდებოდა რეკომენდაციები და გატარდა შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები”, - აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

დავით ზურაბიშვილი - ვეთანხმები მოსაზრებას, რომ დღეს არსებული ოპოზიციური ისტებლიშმენტი და პოლიტიკური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება
Acıbadem-ის გლობალური სამეცნიერო ძალა: სამი წამყვანი ექიმი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მეცნიერთა შორის
აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
სასტუმრო „ტელეგრაფის“ ახალი სივრცე „Network Lounge by Silknet“ პირველ გამოფენას მასპინძლობს
Trump Tower Tbilisi – თბილისის წამყვანი დეველოპერები The Trump Organization-თან პარტნიორობით საქართველოში ყველაზე მაღალი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავენ