ჩვენ ვიხილეთ ჯანდაცვის მინისტრის გამოსვლა. ეს იყო უსუსური გამოსვლა და მტკიცება იმის, სახელმწიფო როგორ ებრძვის მშობლებს. მტკიცება იმის, რომ ჩვენს ქვეყანაში, არ არსებობს დაავადებასთან ბრძოლის კულტურა. მიხეილ სარჯველაძე ანგარიშობს ჩვენი შვილების სიცოცხლით, წლებით, დღეებით, - ამის შესახებ ორგანიზაციის „ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას“ თავმჯდომარემ ზაქრო გვიშიანმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, „მიხეილ სარჯველაძემ დღევანდელი გამოსვლით დააანონსა, რომ ჩვენ უნდა ველოდოთ ბავშვების გარდაცვალებას, ბავშვების ეტლში ჩაჯდომას და შევეგუოთ, რომ არ იქნება მკურნალობა“.
„დღეს ჩვენ ვიხილეთ ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის გამოსვლა. ეს იყო უსუსური გამოსვლა და მტკიცება იმის, სახელმწიფო როგორ ებრძვის მშობლებს. მტკიცება იმის, რომ ჩვენს ქვეყანაში, სამწუხაროდ, არ არსებობს დაავადებასთან ბრძოლის კულტურა. მიხეილ სარჯველაძე გამოვიდა დღეს და ამტკიცებს, რომ არცერთი მედიკამენტი არ არის აღიარებული. არადა არაერთი მედიკამენტია აღიარებული, რომელიც აღიარა როგორც ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA), ასევე, ევროპის წამლის სააგენტომ (EMA). მიხეილ სარჯველაძე ანგარიშობს ჩვენი შვილების სიცოცხლით, წლებით, დღეებით. მინდა საზოგადოებას მოვახსენო, რომ არის არაერთი მედიკამენტი და ჩვენ გვყავს ცოცხალი მაგალითები ჩვენი მოქალაქეების სახით. დავაზუსტებ იმას, რაც არ დააზუსტა მიხეილ სარჯველაძემ განზრახ და კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი არაპროფესიონალიზმი და ის, რომ ის არ უნდა იყოს ამ თანამდებობაზე. მედიკამენტი Elevidys აღიარა ამერიკამ, FDA-მ. დადასტურებულია, აღიარებულია, ეფექტურია. ჩვენმა ერთ-ერთმა მოქალაქემ მიიღო აღნიშნული მედიკამენტი და არანაირი უკუჩვენება მას არ ჰქონია. გასულ წელს მივიღეთ მშობლებმა ინფორმაცია, რომ 800 შემთხვევიდან 2 შემთხვევაში იყო თირკმლის პათოლოგია. ეს პრობლემა აღმოიფხვრა და 3 თვის შემდეგ, აღდგა მოხმარება. დღეს ამერიკა აწვდის საკუთარ მოქალაქეებს.
მიხეილ სარჯველაძემ დაიწყო მხოლოდ ფასით და არ დაასახელა მედიკამენტი Elevidys, რომელზეც კომპანიასთან შეიძლება მოლაპარაკება არა 3 მილიონის ფარგლებში, არამედ ნახევარ ფასად, მესამედ ფასად და დროში გადანაწილებით. შესაბამისად, ის, რომ FDA-მ აღიარა ეს მედიკამენტი, დღეს ჩაშვებულია, იმაზე საუბარი, რომ შესაძლოა გამოიწვიოს უკუჩვენება და ფატალური შედეგები, ეს არის დაუსაბუთებელი და ყოველგვარ მტკიცებულებას მოკლებული. EMA-მ აღიარა ასევე არაერთი მედიკამენტი, რომელსაც ასევე იღებენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და გვყავს ცოცხალი მაგალითები, ბავშვები, რომლებიც არის არასტეროიდები და არ გააჩნია უკუჩვენებები. ამაზე გვაქვს მტკიცებულებები.
მიხეილ სარჯველაძე საკუთარ გამოსვლაში აცხადებს, რომ ორი -სამი წლით შესაძლოა გადავადდეს ეტლში მიჯაჭვულობა. ეს არის აბსურდი. დღეს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია ნახოს, რომ აორმაგებს სიცოცხლის ხანგრძლივობას ნებისმიერი მედიკამენტი, რომელიც ჩამოვთვალე. ადამიანები ცოცხლობენ ცივილურ და განვითარებულ ქვეყნებში, სადაც მედიკამენტს აწვდიან თავის მოქალაქეებს და ქუჩაში არ გამოდიან მშობლები პაციენტებთან ერთად, სადაც მათ არ ებრძვის სახელმწიფო. ჩვენ ერთი მხრივ ვებრძვით დაავადებას და უფრო მეტ ბრძოლას გვიცხადებს სახელმწიფო და ჯანდაცვის სამინისტრო წარმოდგენილია როგორც არა მხარდამჭერი, არამედ დაპირისპირებული მხარე ამ ბრძოლაში. შესაბამისად, ის ფაქტი, რომ თითქოს ორი - სამი წლით გადაავადებს, ეს არის აბსურდული და მიუთითებს იმას, რომ მიხეილ სარჯველაძე ანგარიშობს დღეებითა და წლებით, ჩვენი ბავშვების სიცოცხლით.
ჩვენ არ ვიცოდით, არ გვქონდა ინფორმაცია და არ იყო რეგისტრირებული მედიკამენტები 2- 3 წლის წინ, დღეს გვაქვს მედიკამენტები, რომლებიც ბლოკავს ამ დაავადებას. ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სრულად ხდება ამ მედიკამენტებით ბავშვების განკურნება, ეს არცერთ შეხვედრაზე ჩვენ არ გვითქვამს. ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ თუ 2-3 წლის არ იყო მედიკამენტები, რომლებიც დაბლოკავდა ამ დაავადებას, დღეს გვაქვს ის მედიკამენტები, რომლებიც დაბლოკავს ამ დაავადებას და შესაძლოა 1, 2, 3 წელში სრულად განიკურნოს ეს დაავადება ახალი მედიკამენტებით. რადგანაც უამრავ ქვეყანაში მიმდინარეობს კლინიკური კვლევები და ეს კვლები არის დასრულების ფაზაში. დღეს არაერთი მედიკამენტი აღიარებულია არაერთ ქვეყანაში და ზეიმობს არაერთი ქვეყანა ამ დაავადების პროგრესირების შეჩერებას. თუ გვაქვს ეს მედიკამენტები უნდა გადავარჩინოთ ჩვენი შვილები დღეს, რომ ხვალ შემოსული მედიკამენტით სრულად განიკურნოს ეს დაავადება.
მიხეილ სარჯველაძემ დღევანდელი გამოსვლით დააანონსა, რომ ჩვენ უნდა ველოდოთ ბავშვების გარდაცვალებას, ბავშვების ეტლში ჩაჯდომას. მიხეილ სარჯველაძემ დააანონსა ის, რომ შეეგუეთ იმას, რომ არ იქნება მკურნალობა, არ იქნება მედიკამენტები გამოყოფილი და თქვენ დარჩებით სახელმწიფოს დახმარების გარეშე“,- განაცხადა ზაქრო გვიშიანმა.