მაკა ბოჭორიშვილი - დიპლომატიურ უწყებას აქვს რეაგირების დიპლომატიური გზები და გამოვიყენებთ - არ გვიჭირს პაველ ჰერჩინსკისთან კომუნიკაცია, გვექნება შესაძლებლობა, თბილისში შევხვდეთ, როცა დაბრუნდება ბრიუსელიდან

დიპლომატიურ უწყებას აქვს რეაგირების დიპლომატიური გზები და, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ მას. არ გვიჭირს პაველ ჰერჩინსკისთან კომუნიკაცია და გვექნება შესაძლებლობა, თბილისში შევხვდეთ, როდესაც დაბრუნდება ბრიუსელიდან, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საბერძნეთში ქართველ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ შემაშფოთებელია ევროკავშირის ბიუროკრატიის დღევანდელი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით იმ ფონზე, „როდესაც უგულებელყოფილია ქართველი ხალხის ინტერესები და არჩევანი“.

„კიდევ ერთხელ ჩვენ გავაჟღერებთ იმ პოზიციას, რაც თბილისში გაჟღერდა პოლიტიკოსების მხრიდან და რაც არის ჩვენთვის შემაშფოთებელი. საქართველოს მიმართ ევროკავშირის ბიუროკრატიის დღევანდელი დამოკიდებულება შემაშფოთებელია. შემაშფოთებელია ნამდვილად ქართველი ხალხის ინტერესების და არჩევანის უგულებელყოფა, მაშინ როდესაც ასე ხშირად ხდება სწორედ ქართველი ხალხის ინტერესებით სპეკულირება. ახლაც გვესმის ბრიუსელიდან ასეთი სპეკულაციები. რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება საუბარი“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მინისტრის თქმით, აღნიშნულ საკითხებზე დეტალური განხილვა გაიმართება საგარეო საქმეთა სამინისტროში.

„ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, პაველ ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში და ვისაუბროთ სწორედ იმ საკითხებზე, რამაც სამართლიანად გამოიწვია ქართული პოლიტიკური საზოგადოების აღშფოთება“, - აღნიშნა მაკა ბოჭორიშვილმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში, სადაც დოკუმენტური ფოტოგამოფენა „საქართველო ფოკუსში“ გაიხსნა, აღნიშნა, რომ საქართველო სწორ ტრაექტორიაზე აღარ იმყოფება.

ელჩის თქმით, „ხელისუფლებამ აირჩია ალტერნატიული, ავტორიტარიზმის მოდელი და საქართველოს ევროკავშირს აშორებს“.

„საქართველო გზაგასაყარზე დგას. საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს, რომელიც დაფუძნებულია დემოკრატიაზე, კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე, თუ სამწუხაროდ, თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება. ჩემი მთავარი გზავნილი ქართველი ხალხის მიმართ არის „ნუ დაკარგავთ იმედს“. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში. ეს არ არის ის მომავალი, რომელსაც ისინი იმსახურებენ. როგორც კი ხელისუფლება გამოთქვამს ჩვენთან თანამშრომლობის სურვილს, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს გახდეს ევროკავშირის წევრი“, - განაცხადა ჰერჩინსკიმ, რომლის ციტატასაც „ნეტგაზეთი“ ავრცელებს.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
„ვისოლმა“ ახალი კამპანია - „გზა შენია“ წამოიწყო
PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
BTU-ს სტუდენტმა George Washington University-ს სტარტაპ კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა
„გორგიამ“ და „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა“ დეკორატიული მებაღეობის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
„მაქრო სითი თბილისი" – მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ნოე რამიშვილის ქუჩაზე