შესაძლოა, სენტიმენტალური უფროა ეს მომენტი, ვიდრე რამის გადამწყვეტი, - ამის შესახებ ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქიის ეპისკოპოსმა, მეუფე დოსითეოს ბოგვერაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, როდესაც დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის მიერ პატრიარქის კარნახით შედგენილი ჩანაწერის გამოქვეყნებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, „ეს სამართლებრივი დოკუმენტი არ გახლავთ, ეს ჩანაწერია“.
„დღეს ბევრი საუბარია ანდერძის შესახებ და შესაძლოა, მამა ანდრიამ ჩათვალა საჭიროდ, რომ დამატებით რაღაც ეთქვა ამით. ეს პირადი გადაწყვეტილება ჩანს. მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჩვენი პირადი შეხედულებების და ემოციების შემატებისგან იმაში, რაც ზოგადსაეკლესიო საკითხია, თავი უნდა შევიკავოთ.
ამაში[ჩანაწერის გამოქვეყნებაში] მე ცუდს ვერაფერს ვხედავ. გავეცანი წერილს. შესაძლოა, სენტიმენტალური უფროა ეს მომენტი, ვიდრე რამის გადამწყვეტი. ეს წერილი რომ უფრო ადრე გამოქვეყნებულიყო შეიძლება რაღაც კიდევ უფრო რთული ყოფილიყო და ეს აღქმულიყო მეუფე შიოს მხარდასაჭერად. ეს სამართლებრივი დოკუმენტი არ გახლავთ, ეს ჩანაწერია“, - განაცხადა მეუფე დოსითეოსმა.
ინფორმაციისთვის, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ავრცელებს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს კარნახით შედგენილ ჩანაწერს, რომელიც 2017 წლის 24 ნოემბრით თარიღდება. ჯაღმაიძის თქმით, ჩანაწერი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტის, შიო მუჯირის მოსაყდრედ გამორჩევის მეორე დღეს შედგა.
აღნიშნული ჩანაწერის შესახებ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „იმედის“ ეთერში ისაუბრა.
„27 ნოემბერს სატელევიზიო ეთერი მქონდა „ტვ პირველზე“. პატრიარქმა დამისვა და მიკარნახებდა, რაზე უნდა გამეკეთებინა აქცენტი. რასაც მკარნახობდა ვიწერდი და ეს ფურცელი მოვიტანე“, - აღნიშნა მან.