ზახაროვას განცხადებებზე და ჟენევის შეხვედრების შინაარსზე დუმილი მიანიშნებს, რომ ხელისუფლებას შესაძლოა, მოღალატეობრივი პოზიცია ჰქონდეს ჩორჩანაზე და ჩორჩანას საგუშაგოზე, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
მისივე თქმით, გიორგი გახარიას წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა ფაქტობრივად, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია.
„ნიშანდობლივია ჩორჩანასთან დაკავშირებით, რომ ფაქტობრივად, სახელმწიფო, კონსპირაციულ მოლაპარაკებებს შეიძლება აწარმოებდეს რუსულ მხარესთან და ამის დასტური არის ის, რომ ბოლო IPRM ფორმატში გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გარეთ არ გამოდის. ამას ემატება მარია ზახაროვას გაკეთებული საგანგაშო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჟენევის ფორმატი, რომელშიც ასევე განიხილება, ეს არის მრავალმხრივი ფორმატი, სადაც საერთაშორისო ორგანიზაციებიც არიან წარმოდგენილი და ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას იცავენ, შეიძლება სხვა „ნეიტრალურ” ტერიტორიაზე იქნას გადატანილი.
ჩვენ ვიცით, რომ ჟენევის ფორმატში ბოლო სამი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია, რა შინაარსის საუბრები შედგა, მათ შორის, ჩორჩანასთან დაკავშირებით იყო თუ არა საუბარი, ამის შესახებ ინფორმაცია არ ვიცი და ფაქტობრივად, ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რასაც ახლა გიორგი გახარიას მიერ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებით და განხორციელებით ახორციელებს, ქართული პროკურატურა, „ოცნების“ რეჟიმი და ამას აუცილებლად გაეცემა პასუხი. იმიტომ რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების ხელყოფა, რასაც ამ სისხლის სამართლებრივი დევნის განხორციელებით აწარმოებს „ოცნების“ ხელისუფლება, არის საქართველოს ეროვნული ინტერესების, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული და ამაზე საუბრობს რუსული მხარე, ამაზე საუბრობენ რუსული მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლები და ამასთან დაკავშირებით რა არის ქართული მხარის პოზიციები, ჩვენ ამის შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს.
შეიძლება იყოს საგუშაგოს აღებაზე საუბარი, რა ვიცი, შეიძლება იყოს ბევრად უფრო მძიმე საკითხებზე საუბარი. ჩვენ გვჭირდება მკაფიოობა საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს როგორ იცავს საქართველოს ხელისუფლება, ამის შესახებ გვჭირდება დეტალური ინფორმაცია.
სხვა შემთხვევაში, ის ნარატივები, რასაც ეს ადამიანები აცხადებენ, მათ შორის, „ოცნების“ წარმომადგენლები, რომ ეს ტერიტორია თითქოს დაკარგულია, ეს არის მოღალატეობრივი ნარატივები და ასეთი ტიპის ნარატივების კულტივირება პირდაპირ შედის რუსული მარიონეტული რეჟიმის ცხინვალში ინტერესებში,“ - განაცხადა სიჭინავამ, რომლის კომენტარსაც პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ავრცელებს.