ეს არის ერთგვარი შემრიგებლური ტონი და ასევე, იმ შიშის გამოხატულება, რომელიც „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედების შემდეგ გაჩნდა, - ასე შეაფასა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილის, ჟურნალისტ გურამ როგავასა და მომიტინგე ზვიად მაისაშვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე 5 პოლიციელის დაკავება.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, ხელისუფლებამ მანამდეც იცოდა თუ ვინ დაესხნენ თავს საპროტესტო აქციების დროს ჟურნალისტებს, სამოქალაქო აქტივისტებსა და საქართველოს მოქალაქეებს.
„როგორც ჩანს, შეინიშნება ერთგვარი ტენდენცია, რაც გამოიხატა ერევანში გაკეთებული განცხადებებით, ზელენსკისთან შეხვედრებით და საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამაოგნებელი განცხადებით, რომ მას პირადად არასდროს არაფერი უთქვამს ზელენსკის საწინააღმდეგოდ, რაც იყო ერთგვარი თავდასხმა იმ ადამიანებზე, რომლებიც „ქართული ოცნებიდან“ ანტიუკრაინული განცხადებებით გამოდიოდნენ. ვფიქრობ, ამ ტენდენციის ნაწილია ახლა ის ნაბიჯი,რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გადადგა. ვფიქრობ, არავინ არის ისეთი მიამიტი, არ იცოდეს, რომ წელიწადნახევრის წინაც შესანიშნავად მოეხსენებოდათ, თუ ვინ იყვნენ ჟურნალისტებზე, სამოქალაქო აქტივისტებზე, საქართველოს მოქალაქეებზე თავდამსხმელები, მაგრამ ახლა გადაწყვიტეს ამ ნაბიჯის გადადგმა. ეს არის ერთგვარი შემრიგებლური ტონი და ასევე, იმ შიშის გამოხატულება, რომელიც „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედების შემდეგ გაჩნდა“, - განაცხადა წიკლაურმა.
ის ფიქრობს, რომ ეს არის საერთაშორისო საზოგადოებისთვის გაგზავნილი პასუხი „მოსკოვის მექანიზმზე“ და დასანქცირების იმ შიშზე, რომელიც ახლა სულ უფრო და უფრო მზარდია „ქართულ ოცნებაში“.
„ამავე დროს, უნდა ვთქვათ, რომ საპროტესტო გამოსვლების დროს ძალადობა იყო სისტემური, მასობრივი. რამდენიმე ასეული ადამიანია დაშავებული ხელისუფლების უკანონო მოქმედებების შედეგად. სისტემურ ძალადობაზე ეს პასუხი ვერ იქნება საკმარისი. მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი ჟურნალისტური გამოძიების შედეგად უკვე დაადგინეს მოძალადეთა სახელები და გვარები, მიმაჩნია, რომ ეს სრულიად არასაკმარისია. დანაშაული იყო სისტემური და მასზე პასუხი უნდა აგოს იმ პოლიტიკურმა სისტემამ, რომელიც ასეთი დანაშაულების ჩასადენად ბრძანებებს გასცემდა“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
ის ფიქრობს, რომ სახელმწიფო დანაშაულების ორგანიზატორების იდენტიფიცირებას არ მოახდენს და მათ არ დასჯის.
„პარადოქსია, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ეს დაჭერები ახლა არის სისტემის გადარჩენის მცდელობა. იმის თქმა, რომ ჩვენ ნაბიჯებს ვდგამთ, გამოვიძიეთ რაღაც საქმეები. ის ფაქტი, რომ გასული წლის დეკემბრიდან არცერთი დაკითხვა არ ყოფილა და მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ იციან, ვინ არიან დამნაშავეები, მეტყველებს იმაზე, რომ ეს არის სისტემის გადარჩენის მცდელობა. სიმართლე გითხრათ, არ ველი, რომ ხელისუფლება გადადგამს ყველა ნაბიჯს, რომ სხვა დამნაშავეები გამოავლინოს, ეს უფრო არის იზოლირებული ინციდენტები, რომ საერთაშორისო საზოგადოების წინაშე თქვან, ისინი იძიებენ გარკვეულ დანაშაულებს და ამით ჩაფარცხონ სხვა ადამიანთა გვარები, რომლებიც სისტემის ძალადობაში ჩართულები იყვნენ. თუმცა, ყველაფერი არის დამოკიდებული ქართველ ხალზე, ჩვენს საზოგადოებაზე და იმ სიმტკიცეზე, რომელსაც ჩვენ გამოვიჩენთ ხელისუფლების ამ უკანონო ქმედებებთან ბრძოლის თვალსაზრისით“, - განაცხადა წიკლაურმა.
გარდა ამ თემისა, მან 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული პოლიტიკოსების მიმართ დამდგარ გამამტყუნებელ განაჩენზეც ისაუბრა. ნუგზარ წიკლაური მიიჩნევს, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები პოლიტიკურ ანგარიშსწორების მსხვერპლი არიან.
„მიმაჩნია, რომ ეს არის აშკარად პოლიტიკური პატიმრობა. ღობეები ისედაც იყო წინასწარ გადახერხილი და პრაქტიკულად მოხდა ამ ადამიანების პრეზიდენტის სასახლეში შეტყუება, ამ გარემოებაზე კარგად მიუთითებს ის, რომ არავითარი კავშირი სამართალთან ამ საქმეს არ აქვს. პაატა ბურჭულაძისთვის გახსნილი იყო მსოფლიოს ყველა კარი და რატომ გადაწყვიტა მან, რომ მაინც და მაინც პრეზიდენტის ჯებირი იყო მისი მხრიდან გადასალახი? ეს არის ტყუილი. ცალსახად, ეს ადამიანები არიან პოლიტიკური პატიმრები“, - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.
გარდა ამისა, ნუგზარ წიკლაურმა საქართველოში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის სონატა კოლტერის ვიზიტიც შეაფასა.
„ერთი წლის წინ მათი პოლიტიკური პროპაგანდისტის, კახა კალაძის განცხადებას ვისმენდით, რომ საერთოდ, რა თანამდებობა არის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოადგილის თანაშემწეო, როგორ დაცინვით იხსენიებდა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების პოზიციას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ვიზიტია. აშშ ყოველთვის ამბობდა და ეს დეპარტამენტის განცხადებებში ეწერა, რომ საქართველომ იცის, რა ნაბიჯები უნდა გადადგას, თუკი მას სურს სერიოზულად იფიქროს აშშ-თან ურთიერთობების აღდგენაზე. ეს განცხადებები მას შემდეგ გაკეთდა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მთავარ პოლიტიკურ მოკავშირესთან სტრატეგიული პარტნიორობა გაფლანგა.
ჩვენ ახლა ვართ ისტორიულ გზაგასაყარზე, რადგან საქართველო კარგავს თავის გეოპოლიტიკურ, პოლიტიკურ ფუნქციას, რომელიც საუკუნეების განმავლობაში დგება და ამაზე პასუხის გაცემა 26 მაისს ხალხს შეუძლია, ასევე პოლიტიკოსებს, სამოქალაქო აქტივისტებს და ყველას, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს“, - განაცხადა წიკლაურმა.