4 ოქტომბრის ძალადობა, 25 დაშავებული პოლიციელი, გადატრიალების მცდელობა არის სრულად ბრიუსელის პოლიტიკური პასუხისმგებლობა. -ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს 4 ოქტომბრის საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების შეფასებისას განუცხადა.
მისივე თქმით, „90-იანი წლების დაბრუნების სცენარის გამართლებას ვინც ცდილობს და ვინც აფინანსებს, ის არის საქართველოს მტერი და სხვა არაფერი“.
„რეალურად ეს არის მცდელობა დაიფაროს ის პოლიტიკური დანაშაული, რომელიც ბრიუსელმა ჩაიდინა საქართველოს წინააღმდეგ. 4 ოქტომბერი არის სრულად ბრიუსელის პოლიტიკური პასუხისმგებლობა. 4 ოქტომბრამდე მიმავალ გზაზე, ჩვენ არაერთხელ ვაფრთხილებდით ყველა იმ უცხოელს, ელჩი იქნებოდა თუ პოლიტიკოსი, რომელიც დადიოდა სალომე ზურაბიშვილთან და პრეზიდენტის შტანდარტის ფონზე ფოტოებს იღებდა მასთან. ამით აქეზებდა სალომე ზურაბიშვილს და მის პოლიტიკურ ალიანსში მყოფ ადამიანებს, რომ მათ ცრუ პრეზიდენტობა არ დაეთმოთ. შემდეგ 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე ვიხილეთ, როდესაც ევროკომისიის პრესსპიკერმა პირდაპირ მხარდაჭერა გამოუცხადა წინასწარ დაანონსებულ ძალადობას, ნეპალის სცენარს, რომელიც დაგვიანონსეს 4 ოქტომბერს. ამას ევროკომისიამ დაუჭირდა მხარი. თავად 4 ოქტომბერს ძალადობის მიმდინარეობისას, როდესაც შტურმი მიმდინარეობდა პრეზიდენტის სასახლეზე და ამას პირდაპირ ეთერში უყურებდა ყველა, ბრიუსელიდან გაისმა მხარდამჭერი ხმები. ამიტომ 4 ოქტომბრის ძალადობა, 25 დაშავებული პოლიციელი, გადატრიალების მცდელობა არის სრულად ბრიუსელის პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ახლა ვხედავთ აგრესიულ კამპანიას, რომელიც ასევე დაფინანსებულია იმ უცხოელებისგან, რომლებიც 4 ოქტომბერს გვიგეგმავდნენ და მცდელობას, რომ ის ჯგუფი, რომელიც საქართველოს მართლა ბნელ წარსულში დაბრუნებას აპირებდა, გაამართლონ და რაიმენაირად კამპანია შექმნან უცხოეთში. თორემ საქართველოში ვერაფერს დააჯერებენ. უნდათ პლაკატები გააკრან ევროპარლამენტში და თქვან, რომ პრეზიდენტის სასახლეზე თავდამსხმელები გმირები არიან. ის, ვინც სამოქალაქო ომის ინსპირაციას აწყობს, სისხლის ღვრა უნდა, ნეპალი უნდა, ხალხის ხეზე ჩამოკიდება უნდა, ადამიანის დახრჩობა და დატყვევება უნდა, ეს ადამიანები არიან გმირები. ეს არის ცივილიზაციური უფსკრული. მე ვნახე ბანერი ესტონური ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ რომელიც ამბობს, რომ პოლიტიკური პატიმრები არიანო. მინდა საქართველომ კარგად იცოდეს, რომ ყველა ვინც ამ ორგანიზაციას აფინანსებს, არის საქართველოს მტერი. ეს უნდა გავიგოთ ჩვენ, უნდა ჩავეძიოთ, ვინ აფინანსებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს“ და გავიგებთ ვინ არის საქართველოს მტერი. 90-იანი წლების დაბრუნების სცენარის გამართლებას ვინც ცდილობს და ვინც აფინანსებს, ის არის საქართველოს მტერი და სხვა არაფერი. ეს პირდაპირ უნდა ითქვას. ჩავეძიებით. იცით რომ ოფისი ვნახეთ, სადაც არის დარეგისტრირებული ეს ორგანიზაცია, ის ხუხულა. ვნახავთ, გავერკვევით ცოტა ხანში, ვისი ფული იხარჯება საქართველოში სისხლის ღვრის ინსპირაციისთვის“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, 4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებული პოლიტიკოსები: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე, ირაკლი შაიშმელაშვილი და კიდევ ხუთი პირი: ირაკლი ჩხვირკია, გური ჟვანია, ნიკა გვენცაძე და თორნიკე მჭედლიშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის გადაწყვეტილებით, ლაშა ბერიძეს - 7 წლით, მურთაზ ზოდელავას - 7 წლით, პაატა ბურჭულაძეს - 7 წლით, ირაკლი ნადირაძეს - 7 წლით, პაატა მანჯგალაძეს - 7 წლით, თორნიკე მჭედლიშვილს - 5 წლით, გური ჟვანიას - 5 წლით, ნიკა გვენცაძეს - 5 წლით, ირაკლი ჩხვირკიას - 5 წლით, ირაკლი შაიშმელაშვილს - 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.