"გახარია საქართველოსთვის" - რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ანექსიისკენ მიმართული პროცესი აქტიურ და უკიდურესად საშიშ ფაზაშია გადასული - მოვუწოდებთ “ოცნებას”, გამოვიდეს დანაშაულებრივი დუმილისა და უმოქმედობის რეჟიმიდან, მოახდინოს მკაფიო რეაგირება

რუსეთის ფედერაციის მიერ ცხინვალის რეგიონის ანექსიისკენ მიმართული პროცესი აქტიურ და უკიდურესად საშიშ ფაზაშია გადასული, რაც „ოცნების“ ხელისუფლების დანაშაულებრივი დუმილისა და უმოქმედობის ფონზე მიმდინარეობს. ამის შესახებ პარტიის “გახარია საქართველოსთვის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, “ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი ქმედებები, რომელიც ჩორჩანას საქმეს, ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებულ განცხადებასა და ასევე, 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს დამნაშავედ წარმოჩენის მცდელობას ეხება, “პირდაპირ მიანიშნებს, რომ ეს პროცესები საეჭვო დანაშაულებრივ კავშირშია რუსეთის ფედერაციის მიერ ცხინვალის რეგიონის ანექსიის პროცესთან”.

გახარიას პარტიის წევრები ხელისუფლებას დუმილისა და უმოქმედობის რეჟიმიდან გამოსვლისა და სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

“დღეს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმამ პლენარულ სხდომაზე მიიღო ვლადიმერ პუტინის მიერ ინიციირებული ფედერალური კანონი რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას“ შორის მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე, რაც ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯია. განსაკუთრებით სიმბოლურ და ცინიკურ ხასიათს ატარებს ის ფაქტი, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელი 9 მაისს მოეწერა.

უკვე ყველასთვის აშკარაა „ოცნების“ ხელისუფლების დანაშაულებრივი დუმილი როგორც „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმისა“ (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში გამართული შეხვედრების შინაარსთან დაკავშირებით, ასევე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებაზე, რომლის თანახმად, რუსეთის ფედერაცია კონფიდენციალურ რეჟიმში მუშაობს ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის „ნეიტრალურ ტერიტორიაზე“ გადატანის საკითხზე.

„ოცნების“ ბოლო დროინდელი ქმედებები, საჯაროდ მოხდილი ბოდიში, 2008 წლის აგვისტოს ომში აგრესორად საქართველოს წარმოჩენის მცდელობა და საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული სისხლის სამართლებრივი დევნა, რომელსაც ქართული მიწის დაცვისათვის, მცოცავი ოკუპაციის შესაჩერებლად, სოფელ ჩორჩანაში სტანდარტული საპოლიციო საგუშაგოს განთავსებისათვის, "ოცნების" ხელისუფლება ცხინვალის რუსული საოკუპაციო რეჟიმის რიტორიკითა და რუსული პროპაგანდისტულ ნარატივებით ასამართლებს, პირდაპირ მიანიშნებს, რომ ეს პროცესები საეჭვო დანაშაულებრივ კავშირშია რუსეთის ფედერაციის მიერ ცხინვალის რეგიონის ანექსიის პროცესთან.

მოვუწოდებთ „ოცნების“ ხელისუფლებას, გამოვიდეს დანაშაულებრივი დუმილის და უმოქმედობის რეჟიმიდან და მოახდინოს მკაფიო რეაგირება მომხდარ ფაქტზე, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებისა და შესაბამისი ფორმატების მობილიზაცია, რათა არ დავუშვათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის - ცხინვალის რეგიონის ანექსიის პროცესი”, - ნათქვამია განცხადებაში.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.05.2026
შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივაში ერთვება
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს