13 მაისს, ქალაქ სტოკჰოლმის მთავარ საკონცერტო დარბაზში (Konserthuset), საქართველოს კულტურის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ასევე, შვედეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „რუსთავის“ კონცერტი გაიმართა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, უკანასკნელ პერიოდში, საქართველოს საელჩოს ინიციატივით შვედეთის დედაქალაქში ქართული პოლიფონიური სიმღერისა და ცეკვების უკვე მეორე მასშტაბური პრეზენტაცია განხორციელდა.
„ღონისძიებას, რომელმაც სრული ანშლაგით ჩაიარა, 500-მდე მაყურებელი დაესწრო. სახელმწიფო ანსამბლის მიერ შესრულდა 20-ზე მეტი ნომერი.
კონცერტის ფარგლებში, საელჩოს მიერ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ოფიციალური მიღებაც გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილნი იყვნენ შვედეთის სამეფო კარის, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, ასევე მედიის, კულტურისა და ბიზნესის სექტორის მაღალი რანგის წარმომადგენლები.
მიღების მსვლელობისას, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი ხუცურაულმა. მან თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა შვედეთ-საქართველოს ურთიერთობების ისტორიულ ნიუანსებსა და საქართველოს მნიშვნელოვან როლზე მსოფლიო ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე. ამასთან, ელჩმა სტუმრებს ქართული პოლიფონიისა და ცეკვის უნიკალური განვითარების ისტორია გააცნო.
ღონისძიებისას, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და ტრადიციული კერძები, ხოლო ანსამბლმა „რუსთავმა“, აგრეთვე, ცოცხლად შეასრულა საქართველოსა და შვედეთის სახელმწიფო ჰიმნები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.