სალომე სამადაშვილი - საკუთარი უმოქმედობით ეს რეჟიმი ეწევა ქვეყნის ინტერესების საბოტაჟს და ხელს უწყობს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის პროცესს - რეჟიმს უნდა დაეკისროს პოლიტიკური პასუხისმგებლობა

მიმაჩნია, რომ დღეს საკუთარი უმოქმედობით ეს რეჟიმი ეწევა სწორედ ჩვენი ქვეყნის ინტერესების საბოტაჟს და ხელს უწყობს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის პროცესს. ამაზე, ამ რეჟიმს უნდა დაეკისროს შესაბამისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა და როდესაც ამისი დრო მოვა, აუცილებლად სამართლებრივი პასუხისმგებლობაც, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სალომე სამადაშვილის თქმით, გუშინ, რუსეთის დუმამ რუსეთსა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონს, ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის ე.წ. სამოკავშირეო ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა. მისივე თქმით, მაშინ, როდესაც რუსეთ-უკრაინას მიმდინარე ომის ფონზე, რეგიონის ყველა სახელმწიფო ამყარებს საკუთარ ეროვნულ ინტერესებს და რუსეთისგან დამოუკიდებლობის გაძლიერებას ცდილობს, ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ თმობს ყველა ეროვნულ ინტერესებს, „არის საქართველო და მისი დღევანდელი მმართველი რეჟიმი“.

„ჩვენს ტერიტორიაზე მიმდინარე ანექსიის პროცესი, რომელიც კიდევ ერთხელ გაფორმდა გუშინ მოსკოვში, ამის კიდევ ერთი მაგალითია. 9 მაისს მოსკოვში აღნიშნული ხელშეკრულების მოწერის დღიდან დღემდე, საქართველოს მმართველ რეჟიმს არც ერთი განცხადება ამ ფაქტზე არ გაუკეთებია. ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს რუსული ოკუპაციის გაპროტესტებისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნის მიზნით მშვიდობიანი მანიფესტაციისას, ტროტუარზე დგომისთვის აკავებს, აჯარიმებს, ფიზიკურად უსწორდება - დუმს საქართველოს რეგიონის ღია ანექსიის პროცესზე. დღეს,ეს დუმილი არის რეალურად თანხმობა მიმდინარე ანექსიის პროცესზე, შესაბამისად, შეიძლება ვთქვა, რომ ანექსია მიმდინარეობს სწორედ ივანიშვილის რეჟიმის მდუმარე მხარდაჭერით“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მისი თქმით, გასული წლების შემთხვევებისაგან განსხვავებით, ახლა ვხედავთ, რომ ანექსიის მიმდინარე ფაქტთან დაკავშირებით არანაირი რეაგირება არ ჰქონიათ იმ ქვეყნებს, რომლებიც ტრადიციულად იყვნენ საქართველოს პარტნიორები სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის თვალსაზრისით.

სამადაშვილის შეფასებით, ეს არის ლოგიკურ შედეგი იმ პოლიტიკის, რომელსაც „ივანიშვილის რეჟიმი აწარმოებს და რომელმაც ჩვენი ქვეყანა დატოვა საერთაშორისო იზოლაციაში“.

სამადაშვილი მიმართავს „ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს“ და მოითხოვს, გამოაქვეყნონ, რა ინსტრუქცია გასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 9 მაისს ე.წ. სამოკავშირეო ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ საქართველოს დიპლომატიურ მისიებსა და წარმომადგენლობებზე.

„მაინტერესებს, ერთი შეხვედრა მაინც თუ გაიმართა საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლებს და ჩვენ პარტნიორ ქვეყნებს შორის იმისათვის, რომ მოხდეს რაიმე სახის რეაგირება დასავლეთის ქვეყნებისგან, ევროკავშირისგან, აშშ-სგან და და შესაბამისი ორგანიზაციებისგან ანექსიის მიმდინარე ფაქტთან დაკავშირებით. მეტიც, შეკითხვა მაქვს, საერთოდ, ვინ დარჩა დღეს საქართველოს მოკავშირედ იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი მორიგ ჯერზე ფეხ-ქვეშ თელავს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მინდა ცალსახად ვთქვა, რომ მსგავსი დიპლომატიური ლობირების განხორციელებისგან თავშეკავება მოცემულ ვითარებაში არის საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედება", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, რუსეთის სახელმწიფო დუმამ ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. მოკავშირეობრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა. ე.წ. ხელშეკრულება „თავდაცვის, უსაფრთხოების, ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და სოციალური პოლიტიკის სფეროებში გაფართოებულ თანამშრომლობას, ასევე კაპიტალის, საქონლის, მომსახურებისა და შრომის თავისუფალი გადაადგილებისთვის პირობების“ შექმნას ითვალისწინებს.

დოკუმენტს ხელი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ლიდერმა ალან გაგლოევმა 9 მაისს მოაწერეს.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რაც უფრო უკეთეს ხელშეკრულებას დადებ რუსეთთან, მით უფრო დიდია შანსი, რომ რუსეთი გარკვეულ ეტაპზე დაარღვევს - ერთადერთი გარანტიაა, თუ მასში მონაწილეობას მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეები მიიღებენ
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
„ვისოლის“ ბიუჯეტური ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ვიგო“ ქუთაისში 3 ობიექტს ხსნის
შპს „ქართული სადისტრიბუციო მარკეტინგული კომპანია“ „საოჯახო კალათის“ ინიციატივაში ერთვება
PSP-ს მხარდაჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს