„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ - თამბაქოს მოწევის შეწყვეტის მსურველები სახელმწიფოსგან მხარდაჭერას ვერ იღებენ, ეროვნული ცხელი ხაზი კი ფინანსურ კრიზისშია

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ინფორმაციით, თამბაქოს მოწევის შეწყვეტის მსურველები სახელმწიფოსგან მხარდაჭერას ვერ იღებენ, ეროვნული ცხელი ხაზი კი ფინანსურ კრიზისშია.

მათივე ცნობით, 2025 წელს, საქართველო თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევის გლობალურ ინდექსში 100 ქვეყნიდან 97-ე ადგილზეა.

„საქართველოში თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის (WHO FCTC) ძალაში შესვლიდან 20 წელი შესრულდა. თამბაქოს კონტროლის მიმართულებით, 2018 წლის წარმატებული რეფორმის მიუხედავად, დღეს ქვეყანა კრიტიკულ ფაზაშია: თამბაქოს ინდუსტრიის უპრეცედენტო ჩარევა და არათანაბარი და დაბალი გადასახადები მიღწეულ პროგრესს სრულად აუფასურებს.

2025 წელს, საქართველო თამბაქოს ინდუსტრიის ჩარევის გლობალურ ინდექსში 100 ქვეყნიდან 97-ე ადგილზეა. ეს ნიშნავს, რომ მწარმოებლები გადამწყვეტ გავლენას ახდენენ სახელმწიფო გადაწყვეტილებებზე. ამის ნათელი მაგალითებია:

სადა შეფუთვის საბოტაჟი: სტანდარტიზებული შეფუთვის ნორმა, ინდუსტრიის ლობირებით, ოთხჯერ გადავადდა და რეგულაციის ამოქმედების შემდეგაც, ხანგრძლივად ხელი ეშლებოდა სრულფასოვან აღსრულებას.

საგადასახადო პარადოქსი: 2019-2025 წლებში სიგარეტზე აქციზი არ გაზრდილა, ხოლო 2024 წელს გარკვეულ ნაწარმზე (ნედლეული, ხელით გასახვევი თამბაქო, საღეჭი/საწუწნი თამბაქო) ორჯერ შემცირდა კიდეც.

სამიზნე- ბავშვები: გასახურებელი თამბაქოს ნაწარმი (HTP) შედარებით ნაკლებად, ხოლო ელექტრონული სიგარეტები (ვეიპები) 3-ჯერ ნაკლებად იბეგრება, ვიდრე ტრადიციული სიგარეტი. ეს ხელოვნურად დაბალი გადასახადი და ფასი პირდაპირ უბიძგებს მოზარდებსა და ბავშვებს ნიკოტინზე დამოკიდებულებისკენ.

მოწევის შეწყვეტის მსურველები სახელმწიფოსგან მხარდაჭერას ვერ იღებენ. ეროვნული ცხელი ხაზი (Quitline - 116001) ფინანსურ კრიზისშია, ხოლო საჭირო მედიკამენტები, რეალურად არ გათავისუფლებულა გადასახადისაგან, რადგან ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტროებმა 2019 წლიდან დღემდე ვერ შეძლეს ერთობლივი ბრძანების გამოცემა და ასევე, ამ საშუალებების ესენციური მედიკამენტების ნუსხაში შეყვანა, რითაც მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდებოდა მოწყვლადი ჯგუფებისათვის.

სრულიად იგნორირებულია ეკოლოგიური კატასტროფაც: ქალაქები, სხვა დასახლებული პუნქტები, ნიადაგი, ტყეები, მდინარეები, ტბები, წყალსაცავები დაბინძურებულია მომწამვლელი ნივთიერებებით გაჟღენთილი ნამწვებით. ნაცვლად ალტერნატიული საქმიანობის შეთავაზებისა, სახელმწიფო კვლავ ასუბსიდირებს თამბაქოსა მოყვანასა და ჩილიმის არომატების წარმოებას.

წელს შეფერხდა თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის აღსრულებაზე სამოქალაქო მონიტორინგის პროცესი და შემცირდა მისი დაფინანსება“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ კრიზისიდან გამოსასვლელად გადასადგმელ ნაბიჯს ასახელებს.

„საგადასახადო რეფორმა: აქციზის მუდმივი გაზრდა ყველა ტიპის თამბაქოსა და ნიკოტინურ პროდუქტზე და მისი ავტომატური ინდექსაცია მინიმუმ ინფლაციისა და მოსახლეობის მსყიდველობითი უნარის ზრდის შესაბამისად.

ანტილობისტური რეგულაცია: ინდუსტრიასა და პოლიტიკოსებს შორის ურთიერთობის გამჭვირვალობის მკაცრი რეგულაციის დამტკიცება, რომელიც 2018 წლიდან მომზადდა და ორჯერ გადამუშავდა და რომელიც ჩარჩო კონვენციის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტისა და თამბაქოს კონტროლის ადგილობრივი კანონმდებლობის ვალდებულებაა.

სამკურნალო მხარდაჭერა: ცხელი ხაზის დაფინანსების გაზრდა. მოწევის შეწყვეტის საშუალებების გადასახადებისგან გათავისუფლება. ამ საშუალებების შეყვანა ესენციური მედიკამენტების სიაში და მათი სახელმწიფო სუბსიდირება.

სამართლებრივი გათანაბრება: სტანდარტიზებული (სადა) შეფუთვის წესის გავრცელება ელ. სიგარეტისა (ვეიპების) და გასახურებელი თამბაქოს ნაწარმის (HTP) შეფუთვაზე.

კონტრაბანდის ბლოკირება: საქართველოს სასწრაფო მიერთება უკანონო ვაჭრობის აღმოფხვრის საერთაშორისო ოქმთან, რათა გამოირიცხოს ინდუსტრიის შანტაჟი „შავი ბაზრის“ შესახებ.

აგრო-ალტერნატივა: თამბაქოს მოყვანიდან სხვა, ჯანსაღ და მომგებიან ეკონომიკურ საქმიანობაზე გადასვლის სახელმწიფო პროგრამის შექმნა ფერმერებისთვის.

ეკოლოგიური პასუხისმგებლობა: თამბაქოსა და ნიკოტინის ნაწარმის ნარჩენების მართვის მკაცრი კონტროლი და წარმოებაში დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

სამოქალაქო მონიტორინგის გაძლიერება: აუცილებლად უნდა გაორმაგდეს თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის სამოქალაქო მონიტორინგი და გაიზარდოს ზედამხედველობის გეოგრაფიული მოცულობა.

2040 წლისთვის საქართველოში თამბაქოს მოხმარების 5%-ზე ქვემოთ შემცირება სრულიად რეალურია. თუმცა, „თამბაქოსგან თავისუფალი თაობა და საქართველო“ (Smoke-Free Generation) რომ მივიღოთ, აუცილებელია შესაბამისი ინიციატივების დანერგვა, რომელთაც მოსახლეობის 75% და მეტი უჭერს მხარს. ამისათვის აუცილებელია მტკიცე პოლიტიკურ ნება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - თუ ხელისუფლებამ დაინახა რომ პოლიტიკური პარტიები მისთვის საშიშროებას წარმოადგენენ, მაშინ, მათ, რა თქმა უნდა, გააუქმებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
„ვისოლის“ ბიუჯეტური ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ვიგო“ ქუთაისში 3 ობიექტს ხსნის