თეონა აქუბარდია - მაკა ბოჭორიშვილი მოლდოვაში შეხვდა უკრაინელ კოლეგას და თითქოს იყო მოლოდინები, რომ ურთიერთობის რაღაც დონეზე ნორმალიზაცია მოხდებოდა, თუმცა, ამ ნორმალიზაციას გვარიანი საყვედურებიც მოჰყვა უკრაინელი კოლეგის მისამართით

საქართველო მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პროცესში იმიტომ, რომ ჩვენ ვიყავით, მათ შორის, ინიციატორები იმისა, რომ პუტინი გასამართლებულიყო. გარდა უკრაინის მხარდაჭერისა, ჩვენც გვაქვს ორი ოკუპირებული რეგიონი, რომლის ანექსიის გაღრმავების პროცესსაც ვხედავთ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რომ 36-მა ქვეყანამ და ევროკავშირმა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოძიებისთვის სპეციალურ ტრიბუნალში გაწევრიანების ვალდებულება აიღეს და მასში საქართველო არ არის.

აქუბარდიას თქმით, „ქართული ოცნების“ პრაგმატული პოლიტიკა სინამდვილეში მათი ხელისუფლებაში ყოფნის უზრუნველყოფას ემსახურება და არა სახელმწიფოს ინტერესებს.

„ამბავი მძიმეა, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც მაკა ბოჭორიშვილი ჩავიდა მოლდოვაში, შეხვდა უკრაინელ კოლეგას და თითქოს იყო მოლოდინები, რომ ურთიერთობის რაღაც დონეზე ნორმალიზაცია მოხდებოდა. თუმცა, ამ ნორმალიზაციას გვარიანი საყვედურებიც მოჰყვა უკრაინელი კოლეგის მისამართით ისევე, როგორც ევროპელების მისამართით.

საქართველო მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ პროცესში იმიტომ, რომ ჩვენ ვიყავით, მათ შორის, ინიციატორები იმისა, რომ პუტინი გასამართლებულიყო. გარდა უკრაინის მხარდაჭერისა, ჩვენც გვაქვს ორი ოკუპირებული რეგიონი, რომლის ანექსიის გაღრმავების პროცესსაც ვხედავთ და ერთი რაღაც არის დარჩენილი, რომ პუტინმა გამოაცხადოს, რომ ცხინვალი შეუერთდა რუსეთს.

ეს გარკვეულწილად თამაშია და რევანშის მცდელობაც უკრაინის მისამართით, მიუხედავად პირისპირ შეხვედრისა და მიუხედავად იმ პოზიტიური მოლოდინების შექმნისა, რომელსაც ერევნის სამიტის შემდგომ ვხედავდით. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ მათი პრაგმატული პოლიტიკა არის მათი რეჟიმის დაცვის, არა ქვეყნის სუვერენიტეტის, ამიტომ მძიმე ნაბიჯია და მე ვფიქრობ, რომ ამას ნეგატიური გაგრძელება მოჰყვება.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ არის 9 მაისს რუსეთსა და ცხინვალს შორის შეთანხმება ანექსიის გაღრმავება და არა ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი - თუ ტექსტს გაჰყვებით [ეს ტექსტი 9 მაისიდან მოყოლებული იდო დუმაში და გუშინ თუ გუშინწინ მოახდინა დუმამ რატიფიცირება ამ ხელშეკრულების], ამ შეთანხმებაში უკვე არა რუსეთთან ინტეგრაციაზეა საუბარი, აქ პირდაპირ საუბარია იმაზე, რომ რუსეთს შეუძლია იქ მართოს, ქონება და მიწა იყიდოს, როცა სხვა ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში ეს შეუძლებელია. რუსული საბუთები პირდაპირ მუშაობს ცხინვალის რეგიონში, საუბარია თავდაცვის, უსაფრთხოების, ენერგეტიკის, ვაჭრობის და ა.შ. დოკუმენტებზე. ბოლო ნაბიჯი დარჩა იმისთვის, რომ პუტინმა ამ რეგიონის შეერთება გააფორმოს.

მამუკა მდინარაძემ, რომელიც სუს-ის უფროსი იყო, თავის ანგარიშში, რომელიც პარლამენტს გაუგზავნა [საჯარო დოკუმენტია და პარლამენტის ვებ-გვერდზე დევს], დაწერა შემდეგი რამ, რომ რუსეთმა თავის კურატორ კირიენკოს მეშვეობით მოამზადა ნიადაგი იმისთვის, რომ ანექსია მოხდესო, ყველაფერი გამზადებული აქვს ამ კაცს იქაო და პოლიტიკურად ხელსაყრელ დროს ელოდება რუსეთი, როდის შეიერთებს ამ ორ ოკუპირებულ რეგიონსო. ანუ მათივე სუს-ის უფროსი, რომელიც ახლა კოორდინატორია, პარლამენტში აგზავნის ანგარიშს, სადაც ამას წერს. წითლად არის გრაფაში გამოტანილი. პარლამენტს ეს უკვე არათუ უნდა განეხილა და ჯერ არ არის განხილული, არამედ ამას უნდა მოჰყოლოდა განგაში, პარლამენტის რეზოლუცია, პარტნიორებთან კონტაქტები დასახმარებლად... არაფერი. ამ ვითარებაში არც რეზოლუცია არ არის, მაკა ბოჭორიშვილს პირში წყალი ჰქონდა ჩაგუბებული და ერთი განცხადება ვერ დადო, რომ ეს უკანონოა და მოლდოვაში, იმიტომ, რომ იქ იყო ჩასული, კონტექსტის ამბავში მოაყოლა, ანექსიისკენ დგამს ნაბიჯებს და ეს ხელშეკრულებაც ამას მოწმობსო.

ახლა მითხარით, რანაირად იცავენ ესენი [„ქართული ოცნება“] სუვერენიტეტს, როცა იძახიან, ორ ფეხზე ვდგავართ და ისე ვიცავთ სუვერენიტეტსო“, - განაცხადა აქუბარდიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - თუ ხელისუფლებამ დაინახა რომ პოლიტიკური პარტიები მისთვის საშიშროებას წარმოადგენენ, მაშინ, მათ, რა თქმა უნდა, გააუქმებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2026
„ვისოლის“ ბიუჯეტური ავტოგასამართი სადგურების ქსელი „ვიგო“ ქუთაისში 3 ობიექტს ხსნის