რასაც ჩვენ ვისმენთ, განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში, „ოპოზიციის ალიანსის” აქცია არის უფრო სხვა მიზნებისთვის, ვიდრე სხვა აქციები, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი სიორიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ 26 მაისის დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
სიორიძის თქმით, „ძლიერი საქართველო - ლელოს“ „ოპოზიციის ალიანსისგან” განსხვავებული ხედვები და მიდგომები აქვს.
„პირადად მე და ჩემი პარტიის წევრები ყოველთვის დავდიოდით აქციებზე მიუხედავად იმისა, ვიყავით თუ არა მისი ორგანიზატორები. აქ პარტიების მიერ ორგანიზებულ აქციაშიც კი არ არის პრობლემა. სხვა აქციები, რომლებიც ტარდება, მაგალითად, შაბათის მარშები, მე ხვალაც იქ ვიდგები. მაგალითად ხვალინდელი დღე კონკრეტულად პაატა ბურჭულაძის მხარდასაჭერად ტარდება. გასვლითი მარშებიც არსებობს, რომლებიც ჩატარდა ზუგდიდში, ბათუმში, ქუთაისში. იქ ყოველთვის ვართ არა მარტო მე, არამედ ჩემი პარტიის წევრებიც და მას სამოქალაქო ჯგუფები აორგანიზებენ.
პარტიების მიერ ორგანიზებულ აქციებშიც მიგვიღია მონაწილეობა არაერთხელ, თუმცა რასაც ჩვენ ვისმენთ, განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში, „ოპოზიციის ალიანსის” აქცია არის უფრო სხვა მიზნებისთვის, ვიდრე სხვა აქციები. საუბარია იმაზე, რომ მათ პოლიტიკური სცენა ექნებათ. ვისმენდით იმას, რომ მანდატი უნდა მივიღოთ ხალხისგან კონკრეტული გეგმებისთვისო, მათ შორის, საუბარი არის ალბათ ისეთ გეგმებსა და საკითხებზე, რომლებზეც ჩვენ, „ძლიერ საქართველოს“ განსხვავებული ხედვა და მიდგომა გვაქვს“, - განაცხადა სიორიძემ.
მან ასევე ისაუბრა „ოპოზიციის ალიანსის“ ექვს პირობაზე, რომელიც „ქართულ ოცნებას“ დღეს წაუყენა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩასატარებელ მთავარ პუნქტებად.
„უნდა გავმიჯნოთ ის, რასაც ვითხოვთ და ვითხოვთ წნეხის გაზრდით როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ჩვენ არჩევნები გვაქვს მოსაპოვებელი. ამისგან საერთოდ უნდა გავმიჯნოთ ის, რომ რისი გამოყენების შესაძლებლობაც გვაქვს, ის არ გამოვიყენოთ. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ერთს მეორით ვანაცვლებთ. ალიანსი დღეს ექვს მოთხოვნას რომ აყენებს, ისინი უკვე სხედან მოლაპარაკების მაგიდასთან „ქართულ ოცნებასთან“? არის ახლა ის ფორმატი, რომ „ქართულ ოცნებას“ უკვე ამაზე ვესაუბრებით? დადგება მომენტი, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ერთ მაგიდასთან მოგვიწევს დასხდომა და მას უკვე რაღაცას ვათმობინებთ? მაშინ რატომ დავიწყოთ ექვსი მოთხოვნით, დავიწყოთ 28 მოთხოვნით. ჯერ არ ვართ მოლაპარაკების მაგიდაზე და დაკიდებული გვაქვს ეუთო/ოდირის მოთხოვნები“, - განაცხადა სიორიძემ.