მარკ რუტე უკრაინის დახმარებაზე - მძიმე საქმეს მხოლოდ 6-7 მოკავშირე აკეთებს - მსურს, რომ ტვირთი უფრო თანაბრად გადანაწილდეს

უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესაძენად ყველაზე მეტ თანხებს მხოლოდ ექვსი-შვიდი ევროპული ქვეყანა გამოჰყოფს, ამიტომ ეს ფინანსური ტვირთი უფრო თანაბრად უნდა გადანაწილდეს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ შვედეთის ქალაქ ჰელსინგბორგში ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში გამართული ბრიფინგის დროს ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, უკრაინა კვლავ იღებს სამხედრო დახმარებას „უკრაინის პრიორიტეტული მოთხოვნების სიის“ (PURL) ინიციატივის ფარგლებში.

„სინამდვილეში ეს უკვე ხდება. უკრაინაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ამერიკული აღჭურვილობის მიწოდება გრძელდება. ეს მოიცავს რაკეტსაწინააღმდეგო რაკეტებს, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის მხარდაჭერას, კერძოდ, Patriot სისტემებისთვის. ამას ევროპელი მოკავშირეები PURL-ის ინიციატივის ფარგლებში აფინანსებენ. ეს გრძელდება“, - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ სურს, მეტი ქვეყანა შეუერთდეს უკრაინისთვის თანხის გამოყოფას PURL ინიციატივის მეშვეობით იარაღის შესყიდვისთვის. რუტეს თქმით, უკრაინის მხარდაჭერის ხარჯები ნატო-ს მოკავშირეებს შორის რაც შეიძლება თანაბრად უნდა გადანაწილდეს.

„მსურს ტვირთის უფრო თანაბარი განაწილების მიღწევა. ამჟამად მხოლოდ 6-7 ქვეყანა ასრულებს მძიმე სამუშაოს. კარგი ამბავი ის არის, რომ ის, რასაც ისინი აკეთებენ, საკმარისია იმისათვის, რომ უკრაინას კრიტიკულად მნიშვნელოვან ამერიკულ აღჭურვილობაზე წვდომა ჰქონდეს. თუმცა, სამართლიანი იქნება, თუ ნატო-ს ფარგლებში და განსაკუთრებით ევროპულ ნაწილში, დავინახავთ, რომ სხვა მოკავშირეებიც წინ მიიწევენ“, - აღნიშნა რუტემ.

მისი თქმით, ყველას შეუძლია დაინახოს, თუ როგორ კარგად უმკლავდებიან უკრაინელები ბრძოლის ველს, მაგრამ მათ მხარდაჭერა სჭირდებათ.

„საკითხი იმაში მდგომარეობს, როგორ შეგვიძლია ამ ბრძოლაში უკრაინის მაქსიმალურად გაძლიერება. ნამდვილად შთაბეჭდილების ქვეშ ვარ იმით, თუ როგორ ეწინააღმდეგებიან ისინი რუსეთის თავდასხმას, სრულმასშტაბიან შეჭრას 2022 წლიდან“, - აღნიშნა რუტემ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა