ე.წ. საბოტაჟის საქმის პროკურორი - ისინი ხვდებიან, რომ პოლიტიკოსობა არ ნიშნავს იმუნიტეტს, არის ქმედებები, რაც დანაშაულის შემცველია და პოლიტიკოსი იქნება თუ სხვა კერძო პირი, ამას არ აქვს მნიშვნელობა

ისინი ხვდებიან, რომ პოლიტიკოსობა არ ნიშნავს იმუნიტეტს, არის ქმედებები, რაც დანაშაულის შემცველია და პოლიტიკოსი იქნება თუ სხვა კერძო პირი, ამას არ აქვს მნიშვნელობა, - ამის შესახებ ე.წ. საბოტაჟის საქმის პროკურორმა, ლაშა კოტრიკაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „დაცვამ აირჩია ის მიმართულება, რომ საქმე უნდათ წარმოაჩინონ ისე, თითქოს ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკოსების პოლიტიკური განცხადებები“.

„ჩემთვის როგორც პროკურორისთვის საინტერესო იყო იმ კუთხით, რომ შესავალ სიტყვაში გამოიკვეთა მათი სტრატეგია, თუ რა გეგმა, რა მიზანი აქვთ საბოლოო შედეგისკენ, რა ტაქტიკურ მეთოდებს გამოიყენებენ უკვე პროცესზე გამოჩნდება. დაცვამ აირჩია ის მიმართულება, რომ საქმე უნდათ წარმოაჩინონ ისე, თითქოს ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკოსების პოლიტიკური განცხადებები. მეორე მნიშვნელოვანი გარემოებაა ის, რომ ფაქტი რაც ხდებოდა ანუ შედეგი რაც დადგა, ისინი იურისტები არიან და ხვდებიან, შედეგის წინააღმდეგ ვერ წავლენ, ამიტომ მათ ყურადღება გაამახვილეს იმაზე, დამდგარ შედეგთან მიმართებით ჰქონდათ თუ არა ამ პოლიტიკოსებს მიზანი. მიზანი იყო თუ არა ის, რა მოვლენებიც განვითარდა და რა შედეგიც დადგა. ეს იყო ძირითადი მიმართულებები რაც გამოიკვეთა პროცესზე, თუმცა რა ტაქტიკას გამოიყენებენ, ეს ბუნებრივია გამოჩნდება. ისინი ხვდებიან იმასაც, რომ პოლიტიკოსობა არ ნიშნავს იმუნიტეტს, არის ქმედებები, რაც დანაშაულის შემცველია და პოლიტიკოსი იქნება თუ სხვა კერძო პირი, ამას არ აქვს მნიშვნელობა“,- განაცხადა კოტრიკაძემ.

ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება წარუდგინა. უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს. მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს. აღნიშნულ საქმეში გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს კი 1 მილიონი ლარი გირაო აქვთ შეფარდებული.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი