დამოუკიდებლობის მოპოვება საკმარისი არ არის, მას განვითარება და დაცვა სჭირდება. 90-იანი წლებიდან მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ, საბოლოოდ, ვერ ჩამოვყალიბდით ერსახელმწიფოდ. განვვითარდით მოქალაქეები, თუმცა დღეს არსებობს მოთხოვნა, რომ ქვეყანამ ერსახელმწიფოდ ჩამოყალიბება დაიწყოს, რომლის საფუძველიც არა ეროვნული ნაციონალიზმი, არამედ სამოქალაქო ნაციონალიზმი იქნება, - ამის შესახებ ინიციატივა „ჯერ საქართველოს“ წარმომადგენელმა, ნიკოლოზ ხატიაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმი" განაცხადა, რითაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღესა და ამ დღესთან დაკავშირებით თავისუფლების მოედანზე გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, რელიგიური ფაქტორი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იყო, შესაძლოა, მმართველი პარტიის მხრიდან პროპაგანდისთვის იყო განკუთვნილი. ნიკოლოზ ხატიაშვილის თქმით, რელიგია საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია, თუმცა მისი და პოლიტიკის აღრევა არ უნდა მოხდეს.
„გუშინდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია ჩვენთვის. არაერთმა თაობამ, ზოგიერთმა კი საკუთარი სიცოცხლის ფასად მოგვიტანა დამოუკიდებლობა. მაგრამ დღეს ჩვენ ჯერ კიდევ გარკვეულ ბრძოლაში ვართ, დამოუკიდებლობის მოპოვება საკმარისი არ არის, მას განვითარება და დაცვა სჭირდება. 90-იანი წლებიდან მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ, საბოლოოდ, ვერ ჩამოვყალიბდით ერსახელმწიფოდ. განვვითარდით მოქალაქეები, თუმცა დღეს არსებობს მოთხოვნა, რომ ქვეყანამ ერსახელმწიფოდ ჩამოყალიბება დაიწყოს, რომლის საფუძველიც არა ეროვნული ნაციონალიზმი, არამედ სამოქალაქო ნაციონალიზმი იქნება, სადაც ქვეყნის მართვა არა ელიტურ და კონკრეტული ჯგუფებზე კი არ იქნება დამოკიდებული, არამედ ეს ხალხის ჩართულობითა და თანამონაწილეობით მოხდება, სადაც მმართველობის სისტემა არა ზემოდან ქვემოთ კი არ იქნება, რა დროსაც, სახელმწიფო უკარნახებს საზოგადოებას რა კანონებით იცხოვრებს, არამედ პირიქით, ხალხი უკარნახებს ხელისუფლებას.
[რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ წვევამდელების ფიცის დადება ქვეყნის მასშტაბით სამონასტრო კომპლექსებთან მოხდა] ქრისტიანობა ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნის რელიგია, რომელზეც საქართველო საუკუნეების განმავლობაში იდგა. ჩვენ ვართ დასავლეთის ნაწილი და ევროკავშირისკენ მივისწრაფვით და გვსურს, რომ დავუბრუნდეთ ჩვენს ისტორიულ ადგილს. ამის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორია ის არის, რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ, დასავლეთიც ძირითადად ქრისტიანულ რელიგიაზე დგას, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ რელიგია და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს და რელიგია არ უნდა იყოს პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებული. მნიშვნელოვანია რელიგიური ფაქტორიც, თუმცა ამ ორის აღრევა არ უნდა მოხდეს. შესაძლოა ეს პროპაგანდისთვისაც იყო გამოყენებული“, - განაცხადა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.
დიპლომატმა, ასევე შეაფასა ის ფაქტი, რომ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონიძიებას გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი არ დასწრებია. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ გერმანიის ელჩი საზეიმო ღონისძიებას არ დაესწრო, ეს ჟესტი და პოზიციაა, რომელიც გერმანიის მთავრობას, საქართველოსთან მიმართებით აქვს.
„დიპლომატიას თავისი განსხვავებული ენა და ჟესტები გააჩნია, თითოეულ ნაბიჯს თავისი მესიჯი ახლავს თან. არ ვიცი ელჩი რატომ არ ესწრებოდა, მაგრამ თუ ის არ მივიდა ღონისძიებაზე, ეს გარკვეული გზავნილია გერმანიის ხელისუფლების მხრიდან, რადგან ის თავის სახელმწიფოს წარმოადგენს, აქედან გამომდინარე ეს იყო გერმანიის პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით. ეს იყო გზავნილი, რომელსაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ვისმენდით, ეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, პოზიციის დაფიქსირება იყო“, - განაცხადა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.
ნიკოლოზ ხატიაშვილმა, ასევე აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მისალოცი წერილიც შეაფასა, რომელიც მან საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს გაუგზავნა, რომელშიც დონალდ ტრამპი იმედს გამოთქვამს, რომ ეს წელი ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის ახალ შესაძლებლობებს იძლევა მეგობრული კავშირების განსაახლებლად და ქვეყნებს შორის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის.
„ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესია, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების აღდგენა მოხდეს, იმ ნიშნულზე, რომელიც გვქონდა. რა თქმა უნდა, აშშ-ს საქართველოსთან დაკავშირებით გააჩნია ინტერესები, შესაბამისად მესიჯი დადებითია. მაგრამ ასეთი ტიპის მილოცვები ყველა ქვეყანაში იგზავნება, ეს პროტოკოლური ნაწილია, მაგრამ თუ იმ ვიზიტებს გავითვალისწინებთ, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში განხორციელდა, ტენდენციები იკვეთება, რომ ურთიერთობები გარკვეულწილად აღდგება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა იმ ნიშნულს დაუბრუნდება, რომელიც 2023 წელს იყო. არ გამოვრიცხავ, რომ რაღაც დონეზე კომუნიკაციასა და ურთიერთობების დათბობას.
[რაც შეეხება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს მისალოც განცხადებას, რომლითაც ის „ქართველ ხალხს“ ეროვნულ დღეს ულოცავს] მის განცხადებაშიც იკვეთება ტენდენცია და სურვილი, რომ საქართველოსთან ურთიერთობა აღდგეს და კომუნიკაცია დაიწყოს, ორივე ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. არ განვასხვავებდი იმას, რომ რუბიომ ქართველ ხალხს მიულოცა ეროვნული დღე, ტექნიკური საკითხია. ჩვენ გვინახავს სხვა ქვეყნების მიმართ აშშ-ს განცხადებები და არა წერილები. აქ მთავარი შინაარსია, თუ რა პოზიცია აქვს აშშ-ს. აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ აქ პოლიტიკური სტაბილურობა იყოს, რომელიც დღეს საქართველოში არ არის, რაც ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორია, რის გამოც ჩვენი ურთიერთობების აღდგენა ფერხდება“, - განაცხადა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, დიპლომატმა 26 მაისს „ოპოზიციის ალიანსის“ მიერ ორგანიზებული აქციაც შეაფასა. მისი თქმით, ქვეყანაში საპროტესტო მუხტი არსებობს, თუმცა გამოწვევები ოპოზიციური პარტიების მისამართით არსებობს, რადგან მათ საზოგადოებაში დაბალი ნდობა გააჩნიათ, ამიტომ ხატიაშვილი მიიჩნევს, რომ ახლა პოლიტიკურმა ძალებმა მობილიზება უნდა მოახდინონ და საზოგადოებაში ნდობა აღადგინონ.
„ყოველ დღე თუ ქუჩები გადავსებული არ არის, ეს არ ნიშნავს, რომ პროტესტი არ არსებობს. მე ვფიქრობ, რომ ქვეყანაში უფრო მეტია პროტესტი, ვიდრე ეს 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადების შემდეგ, როდესაც რუსთაველის ქუჩები გადავსებული იყო. პროტესტი არსად გამქრალა, სხვა სახე მიიღო. გუშინდელი დღე კი კიდევ ერთი მუხტის გამოხატულება იყო. მთავარია, რომ პოლიტიკურმა ძალებმა მობილიზაცია მოახდინონ და საზოგადოებაში ნდობა აღიდგინონ. ეს გამოწვევაა, როდესაც მოსახლეობაში პოლიტიკური პარტიების მიმართ ნდობა შემცირებულია. ასევე, ვერ ხდება პროტესტის სწორი კაპიტალიზაცია, რომ სწორ ჩარჩოში მოთავსდეს პროტესტი და ეს გამოყენებული იმისათვის, რომ ქვეყანაში ცვლილებები მოხდეს. რეალურად, საზოგადოების დაკვეთაა, რომ ცვლილებები მოხდეს, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის ის მოცემულობა, რომ კონსოლიდაცია მოხდეს, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა დღის წესრიგი წარადგინონ. საზოგადოება გაიზარდა და სხვა ტიპის პოლიტიკური პარტიები სჭირდება“, - განაცხადა ნიკოლოზ ხატიაშვილმა.