პაპუნა ლოცულაშვილი, რომელზეც გორში სამართალდამცავებმა ფიზიკურად იძალადეს, კლინიკა "ვივამედში" გადაჰყავთ.
ამის შესახებ " ინტერპრესნიუსს“ მისმა ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ განუცხადა.
ადვოკატის თქმით, მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.
"კლინიკა "ვივამედში" გადაგვყავს, რომ ჩაუტარდეს სამედიცინო მომსახურება, რადგან აღენიშნება სხვადასხვა, მრავლობითი დაზიანებები. აუცილებელია ტვინის შერყევაზე შემოწმდეს და ა.შ.. ", - აღნიშნა ადვოკატმა და განმარტა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს პოლიციელების მხრიდან ძალადობის შემდეგ მრავლობითი დაზიანებები აქვს, როგორც სახის არეში, ასევე, სხეულზე.
"სახეზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანება. ეჭვი გვაქვს, რომ შეიძლება ჰქონდეს ტვინის შერყევა. ასევე, დაზიანებული ჰქონდეს სახის ძვლები. როცა უტარდებოდა ექსპერტიზა და ცხვირზე მოკიდეს ხელი, ძალიან ეტკინა. მაშინვე თქვა ექსპერტმა , რომ უნდა გადაგვეყვანა კლინიკაში. ასევე, სხეულზე აქვს სხვადასხვა მრავლობითი დაზიანებები - სხვადასხვა არეში, ხელებზე, ფეხებზე, მუცელზე და ა.შ", - აცხადებს ადვოკატი.
მისივე ინფორმაციით, ლოცულაშვილი ბრალდებულის სახით გამოკითხა და დაცვა ითხოვს, რომ შეწყდეს მის მიმართ საქმის წარმოება, რომელიც პოლიციელზე ძალადობას გულისხმობს.
"ამ ეტაპზე გამოიკითხა, როგორც ბრალდებული. პირველ რიგში, ვითხოვ, შეწყდეს აღნიშნული საქმის წარმოება - პოლიციელზე ძალადობა და ა.შ.
მეორე საკითხი არის, დააკაონ მოძალადეები, ვინც აწამა. ექსპერტიზა ჩაუტარდა, მაგრამ ვერ მისცა ჩვენება, რადგან სჭირდება სწრაფი სამედიცინო მომსახურება - არ შეეძლო საუბარი, ამიტომაც ახლა გადაგვყავს თბილისში "ვივამედში". ჩვენი ძალებით გადაგვყავს", - აცხადებს ადვოკატი.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე მისი დაცვის ქცეშ მყოფს აქვს ბრალდებულის სტატუსი.
"დაკავებული იყო. როგორც ბრალდებული გამოკითხეს.ვითხოვ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ აღნიშნული საქმე" ,- დასძენს ადვოკატი.
რაც შეეხება ბრალდებულის გათავისუფლების საფუძვლებს, ადვოკატი განმარტავს, რომ ბრალდებამ აღარ ჩათვალა საჭიროდ მისი დაკავება.
"დოკუმენტში წერია, რომ ბრალდებამ აღარ ჩათვალა საჭიროდ საგამოძიებო მიზნებისთვის მისი დაკავება", - აღნიშნავს ის.
ასევე, ტყეშელაძის თქმით, საქმეზე გამოიკითხა სხვადასხვა პირი, ვინც ფაქტის შემსწრე იყო.
ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფთა საუბარი ამ ეტაპზე ვერ შეძლო, თუ რას მოჰყვა ძალადობის ფაქტი პოლიციელების მხრიდან, რადგან სჭირდება სწრაფი სამედიცინო მომსახურება.
შეგახსენებთ, ადვოკატის თანახმად, პაპუნა ლოცულაშვილი 353-ე მუხლით იყო დაკავებული, რაც გულისხმობს პოლიციის მუშაკების მიმართ წინააღმდეგობის გაწევას, მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ძალადობის მუქარით.
ცნობისთვის, გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში ორ პირს სამართალდამცავთა ჯგუფი ფიზიკურად დღეს გაუსწორდა. აღნიშნულის ამსახველ კადრებს სოციალურ ქსელში „ქართლის ამბები“ ავრცელებს. თავის მხრივ, პროკურატურამ პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.