ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს დანაშაული უნდა დაკვალიფიცირდეს სპეციალური მუხლებით, რაც გულისხმობს წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. თუ გამოძიება ამ მუხლებით არ წავა, ფაქტობრივად, შეიზღუდება გამოძიების ფარგლები, მტკიცებულებები არ შეფასდება ისეთი სტანდარტით, როგორც უნდა შეფასდეს ამ სპეციალური კვალიფიკაციის შემთხვევაში, - ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, თამარ ონიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, გორში, პაპუნა ლოცულაშვილსა და მის მეგობარზე პოლიციელთა მხრიდან ძალადობაზე საუბრისას განაცხადა.
საია-ს თავმჯდომარის თქმით, 2 დღის წინ გორში მომხდარი ფაქტი, რისი კადრებიც საზოგადოებამ იხილა, არ იყო [პოლიციელთა მხრიდან] უფლებამოსილების გადამეტება, როგორც ამას საქართველოს პროკურატურა აკვალიფიცირებს და რა მუხლითაც მან 6 პოლიციელს წარუდგინა ბრალი, არამედ, მათ შორის ეს იყო სადამსჯელო ოპერაცია.
„ეს იყო გარკვეულწილად სადამსჯელო ოპერაცია განხორციელებული ძალმომრეობით, განსაკუთრებული სისასტიკით, ჯგუფურად, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ადამიანის მიმართ, რომელსაც ყველა კარგად ვხედავთ, რომ ეს ადამიანი, ფაქტობრივად, მიწაზე უმოძრაოდ გდია, რა დროსაც მას უსწორდებიან, გვესმის ამ ადამიანის განწირული ხმა, ამ ხმამ, სავარაუდოდ, მიაღწია კორპუსებამდე, რის გამოც ჟურნალისტებმა მოახერხეს ფაქტის გადაღება. ფაქტობრივად, ეს ადამიანი იხსნეს სამომავლო სხვა რეპრესიებისგან იმიტომ, რომ სამწუხაროდ, ჩვენ გვინახავს არაერთი შემთხვევა, როდესაც ადამიანები ჩივიან საპოლიციო ძალადობაზე, თუმცა იმის გამო შეიძლება არ არსებობდეს ვიდეო-მტკიცებულება, ამ საქმეების ბედი გაურკვეველია. განუსაზღვრელი ვადით გამოძიება მათ ეუბნება, რომ ეს გამოძიება არის განგრძობადი რაიმე კონკრეტული შედეგის გარეშე.
ზოგადად, ძალის გამოყენების აკრძალვა აბსოლუტური აკრძალვა არ არის. რიგ შემთხვევაში, თუკი რაღაც აუცილებელი შემთხვევა არსებობს, პოლიციელს შეუძლია ძალის გამოყენება, ოღონდ ეს უნდა გადიოდეს „ბეწვის ხიდზე“. ჩვენ აქ ვერ ვხედავდით ლეგიტიმური ძალის გამოყენებას და ამის საპირწონედ რასაც ვხედავდით, იყო სადამსჯელო ოპერაცია. ამიტომაც, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს დანაშაული უნდა დაკვალიფიცირდეს სპეციალური მუხლებით, რომელიც სსკ-ში მოცემულია 144-ე პრიმა სეკუნდა და ტერცია მუხლებში, რაც გულისხმობს წამებას, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. დაზარალებულისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ რაც მოხდა მასთან მიმართებით, სახელმწიფოს მიერ აღქმული იქნეს სწორედ ისე, როგორც ეს მან განიცადა, რეალურად რაც მოხდა და არა უფლებამოსილების გადამეტებად. მნიშვნელოვანია ის,რომ თუ გამოძიება ამ მუხლებით არ წავა, ფაქტობრივად, შეიზღუდება გამოძიების ფარგლები, მტკიცებულებები არ შეფასდება ისეთი სტანდარტით, როგორც უნდა შეფასდეს ამ სპეციალური კვალიფიკაციის შემთხვევაში.
აღსანიშნავია ის, ფაქტი, რომ დაზარალებულ პაპუნა ლოცულაშვილს ბრალი აქვს წარდგენილი და აქეთ ედავება სამართალდამცავი უწყება სისხლის სამართლის წესით [დანაშაულს], რაც თავისი შინაარსით საგანგაშოა. არადა, გავრცელებულ კადრებში არცერთი ელემენტი არ მიუთითებდა იმას, რომ პაპუნა ლოცულაშვილს, თუნდაც რომ რაიმე წინააღმდეგობა გაეწია, ადეკვატური იყო ის ძალა, რომელიც პოლიციამ მასთან მიმართებით გამოიყენა“, - განაცხადა თამარ ონიანმა.
მან ისაუბრა მომხდარზე შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებაზე, რომლის მიხედვით, სამართალდამცველებსა და პაპუნა ლოცულაშვილს შორის მომხდარს წინ უძღოდა საპოლიციო საპრევენციო ღონისძიება, რომლის დროსაც შეჩერებული იქნა მოქალაქე, რომელიც არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას და სამინისტროს თანამშრომელს „ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“. თამარ ონიანის შეფასებით, წამებას არაადამიანურ მოპყრობას სამართლებრივად, არანაირი გამართლება არ აქვს.
„ამიტომაც, ის კადრები, რომელიც ვნახეთ, რეალურად არის არა უფლებამოსილების გადამეტება, არამედ ეს არის გამიზნული, მიზანმიმართული, კონვენციური გაგებით, არასათანადო მოპყრობა, რომელიც ასეთად უნდა იქნეს აღქმული და ასეთად უნდა იქნეს დასჯილი“, - განაცხადა თამარ ონიანმა.