ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული, გულბაათ რცხილაძის ადვოკატის, ლაშა გოლუბიანის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მის დაკავებას “რუსოფობიის მონიტორინგის საბჭოს შექმნას უკავშირებს”.
როგორც ადვოკატმა ბრალის წარდგენის შემდეგ განმარტა, რცხილაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.
ამასთან, ადვოკატს ჰკითხეს შესაძლოა თუ არა, რომ ერთ-ერთი ქვეყანა, რომელზეც სუს-ი საუბრობს, რუსეთი იყოს, ადვოკატმა უპასუხა, რომ კი სავარაუდოა, თუმცა ამ ეტაპზე დადასტურება არ შეუძლია.
“ბუნებრივია, კატეგორიულად უარყოფს და ეგ ადამიანი ამბობს თვითონ, რომ არანაირი ჯაშუში მე არა ვარ და პირიქით, ჩემი მოღვაწეობა, თუ რამე იყო, იყო მიმართული იქითკენ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ნორმალიზება მომხდარიყო და ქვეყანაში რაღაც ომი და უბედურება არ მომხდარიყო. ანუ რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო რომ შექმნა, დიდწილად მაგას უკავშირებს თვითონ, რომ ალბათ ამის გამო მოხდა ჩემი დაკავებაო. ობიექტივზე უკვე თავისი გადაცემა რომ მიჰყავდა 27 მარტიდან, უფრო გააქტიურდა და რაღაც თემები გაშალა, ალბათ, გარკვეული თანამდებობის პირების გაღიზიანება მოჰყვა - არ ვიცი, ვის ინტერესში შედიოდა ბატონი გულბაათის დაკავება. ფაქტი ერთია, რომ ბატონი გულბაათი არის უდანაშაულო, თავს მიიჩნევს თვითონ უდანაშაულოდ და დანარჩენს ერთად ვნახავთ.
კი, შესაძლოა ვივარაუდოთ [რუსეთის ჯაშუშობას ედავებოდნენ], კი ბატონო. უბრალოდ, ვერ დაგიდასტურებთ ამ ეტაპზე, მაგრამ არის ალბათ ეგ, ერთი ქვეყანა ეგ [რუსეთი] იქნება ალბათ. ალბათ მეორე სხვა ქვეყანაა”, - განაცხადა ადვოკატმა.
ამასთან, ადვოკატის თქმით, საქმე 11-12 ტომისგან შედგება, თუმცა მასში “პირდაპირი მტკიცებულება არ დევს, რომელიც გულბაათ რცხილაძის დანაშაულს ამტკიცებს”.
“11 თუ 12 ტომია - დეტალებს ვერ მოგიყვებით ახლა, რა მტკიცებულებები დევს შიგნით, მაგრამ რაიმე ისეთი ღირებული, რომ პირდაპირი მტკიცებულება იყოს, რომ ბატონმა გულბაათმა რაიმე დანაშაული ჩაიდინა, არ არის. პირდაპირი კი არა, ირიბი მტკიცებულებაც არ არის.
მტკიცებულება შესაძლოა იყოს რაიმე დოკუმენტი, რომელიც შექმნილია საგამოძიებო ორგანოს მიერ, მაგრამ ამ დოკუმენტით, ამ მტკიცებულებით, ამ ფარული მიყურადების, გარკვეული მასალით რამდენად მტკიცდება პირის დანაშაული, აი ეგ არის აქ გასარკვევი და სასამართლომ უნდა შეაფასოს აღნიშნული მტკიცებულებები. მე გეუბნებოდით, რომ იქ არ არის რაიმე ისეთი პირდაპირი მტკიცებულება, საიდანაც ჯაშუშობა დასტურდება”, - განაცხადა გოლუბიანმა.
კითხვაზე, რატომ შეიძლება საბჭოს შექმნა დაკავების საფუძველი გამხდარიყო, გოლუბიანმა განმარტა, რომ მან არ იცის ეს ვის ინტერესში შედიოდა, თუმცა თავად ბრალდებული ამ ფაქტთან აკავშირებს მის დაკავებას.
“რუსოფობიის წინააღმდეგ საბჭო შექმნა ხომ ამ ადამიანმა [შექმნა], რომ აღნიშნული რუსოფობიის ფაქტები გამოევლინა და გაესაჯაროებინა. არ ვიცი, ვის ინტერესში არ შედიოდა ამ ფაქტების გასაჯაროება, ვერ გეტყვით, მაგრამ თვითონ ამას უკავშირებს მის დაკავებას”, - განაცხადა ადვოკატმა.
კითხვაზე, რას მოითხოვს დაცვის მხარე, ადვოკატმა განმარტა, რომ მათი მოთხოვნა ან აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება იქნება ან გირაოს შესთავაზებს.
მისივე თქმით, ჯაშუშობაში ბრალდებული გულბაათ რცხილაძე სასამართლო პროცესზე სიტყვით ისარგებლებს.
“[დაკავებას უკავშირებს] ამ საბჭოს შექმნას, მის გააქტიურებას და თვითონაც გაოგნებულია, ვერ ხვდება, რატომ შესაძლოა ყოფილიყო მისი დაკავება გადაწყვეტილი”, - განაცხადა ადვოკატმა.
კითხვაზე, აპირებდა თუ არა რცხილაძე ირანში წასვლას, ადვოკატმა განაცხადა, რომ კი, თუმცა ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე გადაიფიქრა.
“კი, ირანში აპირებდა, მაგრამ ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, ბოლო მომენტში უკვე გადაიფიქრა. ანუ ირანის ელჩი და „ობიექტივის“ ხელმძღვანელობა ჩააყენა საქმის კურსში, რომ მამა ჰყავს ძალიან ცუდად და თვითონ უვლიდა ხოლმე. ოჯახური მდგომარეობიდან შესაძლებელია [ირანი იყოს ქვეყანა, რომლის ჯაშუშობასაც ედავებიან], კი ბატონო, ხომ გითხარით, შესაძლებელია ამერიკაც ყოფილიყო ან ევროპის რომელიმე ქვეყანა”, - განმარტა ადვოკატმა.
გულბაათ რცხილაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით 30 მაისს დააკავა. სუს-ის განცხადების თანახმად, დაკავებული საქართველოს მოქალაქე დაკავშირებული იყო ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურთან. კერძოდ, გამოძიების მიხედვით, ბრალდებული ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურთან და ახორციელებდა პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას.