ტყუილ-უბრალოდ არის დაკავებული, პროკურატურა პატიმრობის შუამდგომლობას დააყენებს, მაგრამ ჩვენი მთხოვა იქნება ან აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება, ან გირაოთი გათავისუფლება - მას გამოძიებასთან არ უთანამშრომლია და არც ჩვენება მიუცია, ის ბრალს არ აღიარებს,- ამის შესახებ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გულბაათ რცხილაძის ადვოკატმა, ლაშა გოლუბიანმა განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც საქმე ჯაშუშობის მუხლით არის აღძრული, ბრალდების მხარეს მაღალი სტანდარტი და პირდაპირი მტკიცებულებები სჭირდება და ეჭვის დონეზე საქმე არ უნდა აწარმოოს.
ამასთან, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, გულბაათ რცხილაძე ირანში აპირებდა წასვლას იქ მიმდინარე პროცესების გასაშუქებლად, თუმცა ოჯახური მიზეზებიდან გამომდინარე გადაიფიქრა. მისივე თქმით, რცხილაძე ასევე იმყოფებოდა უკრაინაში.
„ჩვენი პოზიცია იქნება, რომ გულბაათ რცხილაძე აღკვეთის ღონისძიების გარეშე იყოს დატოვებული, ან არასაპატიმრო სასჯელი შეეფარდოს. ის არ გაიქცევა და არ დაიმალება, ყველა კითხვას უპასუხებს.
ტყუილ-უბრალოდ არის დაკავებული, პროკურატურა პატიმრობის შუამდგომლობას დააყენებს, მაგრამ ჩვენი მთხოვა იქნება ან აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება, ან გირაოთი გათავისუფლება.
მას გამოძიებასთან არ უთანამშრომლია და არც ჩვენება მიუცია, ის ბრალს არ აღიარებს.
საქმეში გარკვეული სახის ვიდეო-მასალა დევს, მაგრამ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ გულბაათ რცხილაძემ რაიმე დანაშაული ჩაიდინა. თვითონ ამ ყველაფერს პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირებს. იმას, რომ „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შექმნა. მაგრამ, როდესაც ადამიანს ჯაშუშობასა და მოღალატეობას აბრალებ, უფრო მაღალი სტანდარტი და მეტი მტკიცებულებები გჭირდება, მათ შორის პირდაპირი მტკიცებულებები. ეჭვის დონეზე საქმე არ უნდა იყოს.
ის ირანში წასვლას აპირებდა, თუმცა ოჯახური მიზეზებიდან გამომდინარე გადაიფიქრა. ის იქ მიმდინარე პროცესების გასაშუქებლად აპირებდა წასვლას, ასევე იმყოფებოდა უკრაინაში. ის ჟურნალისტიკური და ექსპერტული საქმიანობით იყო დაკავებული.
ბატონი გულბაათი დიდი ხნის განმავლობაში იყო ყურადღების ცენტრში. მას კონსპირაციული შეხვედრები არ ჰქონია“,- განაცხადა ლაშა გოლუბიანმა.
ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გულბაათ რცხილაძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.
ცნობისთვის, გულბაათ რცხილაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით 30 მაისს დააკავა.
მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯაშუშობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დაკავებულს ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურთან კავშირს ედავებიან. კერძოდ, გამოძიების მიხედვით, ბრალდებული ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურთან და ახორციელებდა პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას.