ადვოკატი - ირაკლი ჩიხლაძის პოზიციაა, რომ მას არასდროს ქვეყნის საზიანო ნაბიჯი არ გადაუდგამს და რომელიმე უცხო ქვეყნის წარმომადგენლისთვის საიდუმლო დოკუმენტი, ან ინფორმაციის შემცველი საგანი არ გადაუცია

ირაკლი ჩიხლაძის პოზიციაა, რომ მას არასდროს ქვეყნის საზიანო ნაბიჯი არ გადაუდგამს და რომელიმე უცხო ქვეყნის წარმომადგენლისთვის საიდუმლო დოკუმენტი, ან ინფორმაციის შემცველი საგანი არ გადაუცია,- ამის შესახებ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ჩიხლაძის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, სხდომის დახურულ რეჟიმში ჩატარებით ბრალდებულის წაართვეს უფლება, საზოგადოებისა და ქვეყნის წინაშე თავი იმართლოს.

„ამ მუხლით და ამ კვალიფიკაციით პირი რომ პასუხისგებაში მისცე და მერე ბრალი წარუდგინო, საჭიროა ორი ძირითადი კრიტერიუმი. პირველი, ამ პირმა ქვეყნისთვის საიდუმლო ნივთის, მასალის, ან ინფორმაციის შემცველი რამე საგანი უნდა გადასცეს უცხო ქვეყნის წარმომადგენელს. მეორე, მისი ნაბიჯებით უნდა ხდებოდეს საქართველოს ინტერესებისთვის ზიანის მიყენება. ჩვენ ეს ორი კითხვა გვექნება პროკურორთან - რა ჩაიდინა ამ ადამიანმა, რომ ამ კვალიფიკაციით პასუხისგებაში მისცეს. გუშინ გამომძიებელს არც ერთ ამ კითხვაზე პასუხი არ გაუცია. ბრალდებულის პოზიციაა, რომ მას არასდროს ქვეყნის საზიანო ნაბიჯი არ გადაუდგამს და არავისთვის საიდუმლო დოკუმენტი, ან ინფორმაციის შემცველი საგანი რომელიმე უცხო ქვეყნის წარმომადგენლისთვის არ გადაუცია.

ის იყო არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი, წარმომადგენელი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი. არაერთი ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული, ის მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის ინტერესებს წარმოადგენდა.

იქიდან გამომდინარე, რომ არანაირი დანაშაულის ნიშნები იმ ქმედებებში, რასაც ირაკლი ჩიხლაძე ახორციელებდა, არ არსებობს, ჩვენ მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოვითხოვთ.

მას ბრალად შერაცხეს ქმედება, რომელიც არ ჩაუდენია და არც იმის საშუალება არ აქვს, რომ თავი დაიცვას ქვეყნის, საზოგადოების და ხალხის წინაშე. მას არ აქვს უფლება საქმეში წარმოდგენილი ის მტკიცებულება გაასაჯაროოს, რას ედავებიან. მისთვის ამოუხსნელია, რატომ დააკავეს და რატომ შეურაცხეს ეს ბრალი",- განაცხადა გელხაურმა.

ცნობისთვის, ირაკლი ჩიხლაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით 30 მაისს დააკავა.

მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯაშუშობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი ჩიხლაძეს ედავებიან, რომ „უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის დავალებების შესაბამისად, მართავდა სხვადასხვა პირისგან შემდგარ სადაზვერვო ქსელს, კოორდინაციას უწევდა მათ საქმიანობას და უზრუნველყოფდა მიღებული ინფორმაციის შეგროვებასა და გადაცემას".

გიორგი კობერიძე - ხელისუფლება არათანმიმდევრულია ავტოკრატიულ რეჟიმებთან მიმართებით და არც დასავლურ ბანაკში უნდა ყოფნა და ვერც სხვა ბანაკში გადასვლას ბედავს, ამ ყველაფრით კი სახელმწიფო ინტერესები ზიანდება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს