მიხეილ სააკაშვილზე ეს მუდმივი თავდასხმები მახსენებს ქართულ ლექსს, „აგიაშვილს და ნიკასო, არ ჰყვარებია პიკასო. გადარეულა პიკასო, რა დავუშავე, ნიკასო“. ისედაც გასაგებია, რომ ვიღაცებს არ უყვართ მიხეილ სააკაშვილი, ოღონდ ნება დართონ და საშუალება მისცენ კაცს, რომელიც 5 წელია პატიმრობაშია, გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ფავლენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა მელიას შორის დაპირისპირებას გამოეხმაურა.
ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, ნიკა მელიას წერილში მთავარი თეზისი აბსოლუტურად მცდარი იყო.
„ჩვენ ვსაუბრობთ, ქართულ პოლიტიკაში სამწუხარო მოვლენაზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ქცეულია სამიზნედ პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილისთვის. ბატონ ნიკაზე როდესაც ვლაპარაკობთ, მაინც სენსიტიური თემაა იმიტომ, რომ ეს კაცი არის პატიმრობაში, პოლიტიკურ ტყვეობაში. დასაფასებელია მისი ბრძოლა და ის, რომ ის უკვე მეორედ იმყოფება პოლიტიკურ ტყვეობაში, ამიტომ ახლა, ძალიან მიმძიმს მის პოზიციებთან დაპირისპირება, მაგრამ ფაქტობრივად, მცდარი იყო მისი ბევრი თეზისი, რომელიც ეწერა პოლიტიკურ პასკვილში. მინდა პასუხი გავცე, მაგალითად, მთავარი თეზისი, რაც აბსოლუტურად მცდარია და რაზეც ხშირად მიხეილ სააკაშვილს უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებენ, ეს არის 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებში ჩვენი პარტიის დამფუძნებლის უარყოფითი წვლილი, რაც არის აბსოლუტურად მცდარი, იმიტომ, რომ ფაქტობრივად არ ემთხვევა სიმართლეს“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.
რაც შეეხება თავად მიხეილ სააკაშვილის მიერ, დაახლოებით 10 დღის წინ გაკეთებულ განცხადებას, რომ საქართველოში ჩამოსვლისას უღალატეს, ფავლენიშვილის თქმით, სააკაშვილს „მოღალატეში“ ნიკა მელია არ უგულისხმია.
„კონკრეტული სახელი და გვარი, ალბათ, ოდესმე დაფიქსირდება, მაგრამ თანამედროვე საჯარო პოლიტიკურ მოღვაწეებს ეს არ ეხებათ, როგორც ეს ბატონმა სააკაშვილმა თქვა. თავად მან აღნიშნა, რომ საჯარო ფიგურა არ არის, ვისაც გულისხმობდა ღალატში. შესაბამისად, რომც გაიგოთ, არაფერი შეიცვლება.
მიხეილ სააკაშვილზე ეს მუდმივი თავდასხმები მახსენებს ქართულ ლექსს, „აგიაშვილს და ნიკასო, არ ჰყვარებია პიკასო. გადარეულ პიკასო, რა დავუშავე, ნიკასო“. ამ ხალხს, როცა არ უყვართ სააკაშვილი, არ მოსწონთ სააკაშვილი, გასაგებია, მაგრამ დაიღალა ხალხი ამის მოსმენით. ისედაც გასაგებია, რომ ვიღაცებს არ უყვართ მიხეილ სააკაშვილი, ოღონდ ნება დართონ და საშუალება მისცენ კაცს, რომელიც 5 წელია პატიმრობაშია, გამოთქვას საკუთარი მოსაზრებები „ფეისბუქ“ გვერდზე“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.
გარდა ამ საკითხისა, ფავლენიშვილმა გადაცემაში ისაუბრა სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შს სამინისტროში შექმნილ სამმართველოზე. ფავლენიშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ მიერ აღნიშნული სააგენტოს შექმნა არის ტოტალიტარიზმის და ავტორიტარული სისტემის გამოხატულება.
„ე.წ. მთავრობის აზრით, მოქალაქე აქციაზე უკანონოდ იმყოფება, რის გამოც 5 000 ლარით ჯარიმდება, სოციალურ ქსელში დაწერ რამე მწარეს და მკვახეს და რომელიღაცა სამმართველო, სიძულვილთან თუ სისხლთან მებრძოლი სამმართველო მიგიჩენს ადგილს და დაგაჯარიმებს. საბოლოო ჯამში, ეს არის ტოტალიტარიზმის და ავტორიტარული სისტემის გამოხატულება, რომ ყველანაირი აზრის დაბრკოლება გსურს, გინდა, რომ უფრო მეტი სახადი და სასჯელი იყოს დაწესებული ნებისმიერ პოლიტიკურ აქტივობაზე. როდესაც სიძულვილთან ბრძოლაზე ივანიშვილი საუბრობს, იგივეა, პუტინმა რომ გამოაცხადოს ტერორიზმის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ თვითონ „ოცნება“ და განასახიერებს და სიმბოლოა სიძულვილსა და ზიზღის. შესაბამისის სამსახურების მიერ გაშიფრულ იქნა ყველაზე დიდი ტროლ-ბოტების ქსელი, რომელიც იყო დაკავშირებული უშუალოდ მთავრობის სტრატკომთან. ყველა ვაცნობიერებთ იმას, რომ ამ სამმართველოს მიზანი ვერ იქნება „ქოცური“ქსელის დაზიანება“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.