ადვოკატი - გულბაათ რცხილაძემ აღნიშნა, რომ არ იყო დამნაშავე, არ იყო ჯაშუში, არ იყო მოღალატე - ქართველია, პატრიოტი ადამიანია და მზადაა ითანამშრომლოს ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურებთან

ბრალდებულმა აღნიშნა, რომ არ იყო დამნაშავე, არ იყო ჯაშუში, არ იყო მოღალატე და მზადაა ითანამშრომლოს. მან კატეგორიულად უარყო რომელიმე ქვეყნის ჯაშუშობა ან სხვა ქვეყნის სასარგებლოდ მოქმედება. ქართველია, პატრიოტი ადამიანია და მზადაა ითანამშრომლოს ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურებთან,- ამის შესახებ ჯაშუშობისთვის ბრალდებული გულბაათ რცხილაძის ადვოკატმა ლაშა გოლუბიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ადვოკატის განმარტებით, გულბაათ რცხილაძემ „რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო“ შექმნა, რათა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ნორმალიზება მოეხდინა და საქართველოში არ მომხდარიყო ის, რაც ადვოკატის თქმით, „უკრაინაში ხდება ან სომხეთში შეიძლება მოხდეს.“

„თუ რამით დაეხმარება, გულბაათი მზადაა გამოკითხონ ორი დღის განმავლობაში, თუ უნდათ, იქ ვიქნები მეც და თუ რამე კითხვები აქვთ, გამოკითხონ. პირდაპირ რომ გაქანდნენ და განჩინება აიღეს დაკავებაზე და შუაღამით შეუვარდნენ ჩხრეკაზე, რა საჭიროება იყო ამისი? ჯერ დაებარებინათ, გამოეკითხათ. გამოძიება მიმდინარეობს დიდი ხნის განმავლობაში.

დაკავების შემდგომ მან გამოიყენა დუმილის უფლება, ბრალი არ აღიარა, ეს არის დაფიქსირებული გამოკითხვის ოქმში“,- განაცხადა ადვოკატმა.

მისი თქმით, გულბაათ რცხილაძეს სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან კავშირი არ ჰქონდა და მათი დავალებით არ მოქმედებდა.

„რასობრივი გამოხტომებია, შენ რუს იმიტომ რომ დაჩაგრავ, რომ რუსია და ამერიკელს დაჩაგრავ, რომ ამერიკელია, რამდენად მართებულია ეგ? ეგ აზიანებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას. პირიქით, ბატონი გულბაათ იყო იმისკენ მოწოდებული, რომ ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობა არ ყოფილიყო, ნორმალიზება მომხდარიყო ორი ქვეყნის ურთიერთობის და ჩვეულებრივად ქართველები პაპუასებივით არ წარმოვჩენილიყავით საერთაშორისო არენაზე, რომ იმიტომ რომ რუსია, მაგის გამო ვდევნოთ და ჩავქოლოთ. არ არის ნორმალური ეს და ეს ფაქტები უნდა გამოევლინა, რათა ის ვითარება არ მიგვეღო, რაც დღეს უკრაინაშია და შეიძლება სომხეთში იყოს.

არანაირად სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებთან კავშირი არ ჰქონდა და მათი დავალებით არ მოქმედებდა. ჯაშუში არ არის ეგ ადამიანი!

თვითონ აღიარა პროკურორმა რეპლიკების დროს, რომ დაშვება არ ჰქონდა ბატონ გულბაათს საიდუმლო ინფორმაციასთან, მაშინ რა ინფორმაცია გადასცა, მათ ლოგიკას რომ მივყვეთ?! ერთია რას შეკერავენ და მეორეა რა გახდა დაკავების რეალური მიზეზი. რა საჯარო აქტივობაც ჰქონდა გულბაათს, ეგენია მტკიცებულებებში, თუ მაგის გამოა დამნაშავე, აქამდე რატომ არ დაიჭირეს?! არ არის კონსპირაციული შეხვედრები, საჯარო შეხვედრებია. მისი საჯარო აქტივობები კონკრეტული ჩანაწერებია იქ და ვერ ვიტყვი დეტალურად რა ჩანაწერებია, მაგრამ ამ მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ რაიმე დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა ან რომელიმე ქვეყნის ჯაშუშია“,- განაცხადა ადვოკატმა.

ჟურნალისტების კითხვაზე, უდასტურდება თუ არა მას თანხის აღება, ადვოკატმა აღნიშნა, რომ ჯერ არაფერი არ უდასტურდება.

„გარკვეულ საქმიანობას რომ ახორციელებ ადამიანი და ჰონორარს იღებ, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ეს ჯაშუშური ქმედება არ იყო. მაგალითად წიგნი რომ თარგმნა, ახალი წიგნი გამოუშვა, კონფერენციებში გარკვეულ ჰონორარს იღებდა. სამამულო ომის შესახებ დაწერილი წიგნი აქვს“, - განაცხადა ადვოკატმა.

მისი ინფორმაციით, სასამართლოს სხდომაზე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება მოითხოვეს დამატებით ვალდებულებებთან ერთად, თუმცა ამაზე უარი ეთქვათ.

„ჩვენ, ბუნებრივია, აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება მოვითხოვეთ დამატებით ვალდებულებებთან ერთად, რომ ელექტრონული ზედამხედველობის სამაჯური გამოეყენებინათ და გაეკონტროლებინათ მისი გადაადგილება, პასპორტი ჩამოერთმიათ, საზღვარი ჩაეკეტათ, გირაო შეეფარდებინათ დამატებით, ყველაფერზე უარი გვეთქვა. ერთმნიშვნელოვნად ადგნენ და პატიმრობა შეუფარდეს, თითქოს მართლა დამნაშავე ყოფილიყო“, - განაცხადა ლაშა გოლუბიანმა.

ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გულბაათ რცხილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა მარიდაშვილმა მიიღო.

ცნობისთვის, გულბაათ რცხილაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით 30 მაისს დააკავა.

მას ბრალდება საქართველოს სსკ-ის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯაშუშობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებულს ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურთან კავშირს ედავებიან. კერძოდ, გამოძიების მიხედვით, ბრალდებული ერთდროულად თანამშრომლობდა ორი უცხო სახელმწიფოს სპეციალურ სამსახურთან და ახორციელებდა პარალელურ სადაზვერვო საქმიანობას.

გიორგი კობერიძე - ხელისუფლება არათანმიმდევრულია ავტოკრატიულ რეჟიმებთან მიმართებით და არც დასავლურ ბანაკში უნდა ყოფნა და ვერც სხვა ბანაკში გადასვლას ბედავს, ამ ყველაფრით კი სახელმწიფო ინტერესები ზიანდება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს