პაატა ზაქარეიშვილი - გათვლაა, ადამიანებმა თავს თვითცენზურა დაუწესონ, „ოცნებას“ სურს, არჩევნებამდე მინიმუმამდე დაიყვანოს მისი დისკრედიტაცია, წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის გააქტიურებაც, ეს ყველაფერი გამიზნულია მიამიტ ამომრჩეველზე

ვთვლი, რომ ეს სიტყვისა და გამოხატვის წინააღმდეგ არის მიმართული, მაგრამ ამას უფრო მსუსხავი ეფექტი ექნება, ვიდრე რეალური. როგორიც იყო მაგალითად სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, რა კანონებიც მიიღეს - „რუსული კანონი“, „ფარა“, რომლებსაც დღემდე არ უმუშავია, არავინ დაუჯარიმებიათ, არცერთი პროცედურა არ განხორციელებულა, თუმცა პრაქტიკულად ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია დაიხურა - ჩვენ უფრო მეტად უნდა გავხდეთ დაკვირვებულები და არ ვაპატიოთ „ქართული ოცნების“ არცერთ პოლიტიკოსს რაიმეს წამოცდენა, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა "დღის ნიუსრუმი" სტუმრობისას განაცხადა, რითაც შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველოს ფუნქციონირების დაწყებას ეხმაურება.

მისი თქმით, ხელისუფლების გათვლაა, რომ ადამიანებმა თავს თვითცენზურა დაუწესონ.

„ამ შემთხვევაში ჯოხს ორი მხარე აქვს, შენ ვერ დასჯი სხვას, ვიდრე შენ თვითონ დემოკრატიულობას თამაშობ. ესენი ცდილობენ, რომ ავტორიტარული რეჟიმი გააფორმონ, დემოკრატიული ნიშნებით. აქ გათვლაა, რომ ადამიანებმა თვითცენზურა დაიწყონ. შესაძლოა სამაგალითოდ 1-2 ადამიანი დაიბარონ, გააფრთხილონ. მაგრამ მეორე მხარეც არის - ჩვენ უფრო მეტად უნდა გავხდეთ დაკვირვებულები და არ ვაპატიოთ არცერთ „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსს რაიმეს წამოცდენა. ჩვენ უნდა გავისიგრძეგანოთ ჩვენი სიძლიერე. ფანტასტიკური რამ მოხდა გორში, როდესაც გადაიღეს ამორალური და ანტისახელმწიფოებრივი ქმედება პოლიციელებმა და უცებ ეს საჯარო გახდა და იძულებულები გახდნენ, რომ რეაგირება ჰქონოდათ. შემდგომ ამას სამარცხვინო განცხადებები მოჰყვა, მაგალითად წულუკიანი, რომ „თუ კლავთ და ცემთ ადამიანს, ისე გააკეთეთ, რომ სხვებმა არ დაგინახონ, თორემ თქვენივე რეპუტაცია ირღვევაო“. ჩვენ უფრო მეტი კამერა გვაქვს და უფრო მეტი რამის დაფიქსირება შეგვიძლია. უნდა მოვაგროვოთ ფაქტები, ადრე თუ გვიან ამ რეჟიმის გასამართლება მოგვიწევს, ამიტომ ფატებია საჭირო“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, ეს ნაბიჯი მმართველი პარტიის მხრიდან არჩევნებისთვის მზადებას მიუთითებს, რადგან არჩევნების წინ არეალი მოსუფთავებული იყოს, რომ მათი ლანძღვა მინიმუმამდე დავიდეს და დისკრედიტირებულები არ იყვნენ.

„ამ ნაბიჯით მმართველი პარტია არჩევნებისთვის ემზადება, განსხვავებით ოპოზიციისგან, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდნენ, მიდიან თუ არა ამ ტიპის არჩევნებში. ამიტომ, [მმართველ პარტიას] სჭირდება, რომ მინიმუმამდე დაიყვანონ თავიანთი დისკრედიტაცია. რაც არ უნდა არარაობამ ლანძღოს „ქართული ოცნება“, ეს უარყოფითად მოქმედებს ამომრჩევლებზე, მითუმეტეს ამ ლანძღვის დროს, შესაძლოა, რომ მლანძღველმა ფაქტები მოიტანოს. შესაბამისად არჩევნებისთვის მათ ეს არ აწყობთ, ამიტომ უნდათ, რომ არჩევნებისთვის არეალი მოასუფთაონ, რომ მათი ლანძღვა მინიმუმამდე დავიდეს და დისკრედიტირებულები არ იყვნენ“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

ასევე, პოლიტოლოგმა 31 მაისს, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, ქვეყნის პირველი პირების განცხადებებიც შეაფასა. მან პრემიერ-მინისტრი განცხადება, სადაც ის აცხადებს, რომ „სწორედ პოლიციის დამსახურებაა, რომ ამ წლების განმავლობაში სახელმწიფომ წარმატებით აღკვეთა ხელისუფლების გადატრიალების რამდენიმე ძალადობრივი მცდელობა“, სიცრუედ შეაფასა.

„ბლეფი“ და სიცრუე იყო ის, რასაც კობახიძე ამბობს. ის, რასაც კობახიძე რევოლუციის თავის არიდებაში გულისხმობს, ეს სიტყვისა და გამოხატვის მაგალითები იყო. გამოსვლები დაიწყო მაშინ, როდესაც საქართველომ უარი თქვა ევროკავშირში განცხადების შეტანაზე, შემდეგ იძულებულები გახდნენ, რომ განაცხადი გაეკეთებინა. შემდეგ იყო „რუსული კანონი“, მოსახლეობა გამოდიოდა და წარმატებას აღწევდა და აქციები საზღვრებს არ გასცდენია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აქციების დაშლას ხელისუფლება იწყებდა, თანაც უსაფუძვლოდ. ისინი პროვოკატორები არიან და წავლენ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გამკაცრებისკენ, მაგრამ ვინაიდან კომპეტენტურები არ არიან ქვეყნის მართვაში, ვერ მოახერხებენ ამ პროცესის მართვას და ორგანიზებას. ეს ყველაფერი დაშინებისთვისა და დატერორებისთვისაა. ყაველაშვილმა განაცხადა, რომ პოლიცია გარანტორი გახდაო, გორის მაგალითი რისი ნიშანია? ესე იგი ასეთი ფაქტები რეგულარულად და ხშირად ხდება. საქართველოში პოლიციას არ ვენდობი და სიმშვიდის განცდას არ მიქმნის“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, პოლიტოლოგმა, ბოლო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, ჯაშუშობის ბრალდებით დაწყებულ დაკავებებზეც ისაუბრა. მისივე შეფასებით, ესეც წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია და ამით მმართველი პარტია ცდილობს არჩევნების წინ შექმნას მითი, რომ ისინი პრორუსები არ არიან.

„ესეც წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია, „ქართული ოცნება“ რასაც საჯაროდ და უცნაურად აკეთებს ყველაფერი წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. მათ უნდათ, რომ დღეს კარგად გაიმყარონ პოზიციები. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა შექმნას მითი, რომ ის პრორუსული ძალა არ არის. ადრე ახალგორელი ბიჭი დაიჭირეს, ახლა რცხილაძე, რომელიც პრორუსი ფიგურაა, ასევე ირაკლი ჩიხლაძე, რომელიც არაჩვეულებრივი პიროვნებაა. ჩანს, რომ ისინი განტევების ვაცს ეძებენ. მაგრამ რუსეთს ეს ხალხი ფეხებზე ჰკიდია, რადგან არ არიან მათი აგენტები. ჟურნალისტი როგორ შეიძლება აგენტი იყოს, რა წვდომა აქვს ჟურნალისტს საიდუმლო დოკუმენტებთან? რომც მოიპოვოს, ესე იგი ეს მას ვიღაცამ გადასცა და ის ვიღაც უნდა დააპატიმრო. ამ დროს, კი შენ აპატიმრებ ადამიანს, რომელსაც საერთო არაფერი აქვს საიდუმლო დოკუმენტებთან და ამავე დროს, არ ეძებ ადამიანს, ვისაც ეს დოკუმენტები შესაძლოა მიეცა? ეს ყველაფერი გამიზნულია მიამიტ ამომრჩეველზე. ეს მკაფიოდ გამოკვეთილი ანტირუსული პროპაგანდის შექმნაა, როგორც „გარეჯი - საქართველოა“, როგორც „გლობალური ომის პარტია“, „დიფ-სთეითი“ და ახლა, ახალ ლოზუნგს შემოაგდებენ არჩევნების წინ“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

რაც შეეხება კავკასიის რეგიონში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის სომხეთის მისამართით რუსეთის ხელისუფლებაში გაკეთებულ განცხადებებს, პოლიტოლოგმა მას ერევნის მიმართ მუქარა უწოდა.

„თუ რუსეთი არჩევნების შემდეგ მუქარას გააგრძელებს, მაშინ საქმე სერიოზულადაა, მაგრამ თუ შეწყდა ესე იგი, ეს წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო. ამ შემთხვევაში პუტინი სომხეთში პრორუს ამომრჩევლებზე მუშაობს. რუსეთმა იცის, რომ ფაშინიანი იმარჯვებს, მაგრამ მისი მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი პარტია გაიყვანოს, რომლებიც პარლამენტში დაბლოკავენ ბიუჯეტს, ამიტომ არის [მნიშვნელოვანი] პარლამენტში შესვლა, ამ იდიოტებს [ქართულ ოპოზიციაზე საუბრობს] რომ არ ესმით, რომ პარლამენტში ხმაური იყოს. ფაშინიანი პირველ ადგილზე გადის, მაგრამ შესაძლოა ვერ გახდეს პრემიერი, ან მთავრობა ვერ დაამტკიცოს, ბიუჯეტი ვერ მიიღოს. ამიტომ ფაშინიანის მიზანია, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა მიიღოს, რომელიც პუტინს არ სურს, ამით ფაშინიანი შეცვლის კონსტიტუციას და ამოიღებს იმ მუხლებს, რომელიც ხელს უშლის აზერბაიჯანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს. შესაძლოა როდესაც არჩევნები ჩაივლის, შედეგების მიუხედავად, ურთიერთობა დათბეს, რადგან სომხეთის დაკარგვა რუსეთს არ სჭირდება. ფაშინიანი, რუსეთის მიმართ კორექტულად იქცევა. მაგრამ, რუსეთი აგრესიულია და ეს ფაშინიანის მშვიდობიანმა პოლიტიკამ გამოააშკარავა.

რაც შეეხება სომხეთში არსებულ რუსულ - გიუმრის ბაზას, ის არა სომხეთის უსაფრთხოებისთვის, არამედ თურქეთისა და NATO-ს წინააღმდეგ არის. თუ სომხეთი და თურქეთი საერთო ენას გამონახავენ, შესაძლოა, რომ ამ ბაზის საკუთხით დაიძრას, მაგრამ ჯერჯერობით სომხეთი ამ ბაზასთან დაკავშირებით ხმას არ იღებს და აცხადებს, რომ ეს ბაზა საჭიროა. თუ ფაშინიანი გაიმარჯვეს და პლუს საკონსტიტუციო უმრავლესობას მიიღებს, რუსეთს სომხეთთან კარგი ურთიერთობის ქონა მოუწევს, რადგან მისი დაკარგვა არ უნდა. თუ ფაშინიანმა არადამაჯერებლად გაიმარჯვა და ფაშინიანის მოგება სათუო გახადა, პარლამენტში შევლენ, განსხვავებით ჩვენი იდიოტი ოპოზიციისგან და პარლამენტში „ომი“ დაიწყება, ამის შემდეგ კი რუსეთი თავის პოლიტიკას გაამკაცრებს“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

გიორგი კობერიძე - ხელისუფლება არათანმიმდევრულია ავტოკრატიულ რეჟიმებთან მიმართებით და არც დასავლურ ბანაკში უნდა ყოფნა და ვერც სხვა ბანაკში გადასვლას ბედავს, ამ ყველაფრით კი სახელმწიფო ინტერესები ზიანდება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს