დღეს ქართული სახელმწიფო, ქართული სპეცსამსახურები, ქართველი სამართალდამცველები და უსაფრთხოების სისტემა არის იმდენად ძლიერი, რომ მას შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტო ღონისძიებების ჩატარება - რეალური ჯაშუშური ქსელების გაშიფვრა და მათი წევრების დაკავება, - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, სუს-ის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ორი ადამიანიდან ერთს ბრალი ორი სხვადასხვა სახელმწიფოს სასარგებლოდ სადაზვერვო ინფორმაციების მოპოვებაში ედება. მისივე თქმით, ჯაშუშობაში და ჯაშუშური ქსელის ერთგვარ ლიდერობაში იმხილება მეორე ბრალდებული, რომელიც თანხებსა და დავალებებს ქსელის წარმომადგენლებზე ანაწილებდა.
„მინდა მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და მისი კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებს გასული დღეების განმავლობაში ჩატარებული ძალიან წარმატებული კონტრდაზვერვითი ღონისძიებებისთვის. როგორც მოგეხსენებათ, სუს-ის მიერ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ორი ადამიანიდან ერთს ბრალი ორი სხვადასხვა სახელმწიფოს სასარგებლოდ სადაზვერვო ინფორმაციების მოპოვებაში ედება. ჯაშუშობაში და ჯაშუშური ქსელის ერთგვარ ლიდერობაში იმხილება მეორე ბრალდებული, რომელიც თანხებსა და დავალებებს ქსელის წარმომადგენლებზე ანაწილებდა. აღნიშნული პირი იმავე სახელმწიფოს ე.წ. „სპეცსამსახურის რეზიდენტს” წარმოადგენდა ბრალდების მიხედვით, რომლის სასარგებლოდ სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემის ბრალდებით რამდენიმე კვირის წინაც დავაკავეთ ერთი ბრალდებული. ამას ნამდვილად მოჰყვა საკმაოდ პოზიტიური კომუნიკაცია შესაბამის სამსახურებს შორის, თუმცა ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ორი დღის წინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა მხოლოდ ის ადამიანები, რომლებმაც მიუხედავად გაფრთხილებისა, წინა დაკავებების შემდგომაც არ შეწყვიტეს გარკვეული მოძრაობები ხსენებული მიმართულებით. იმედია, ამ შემთხვევაში მაინც იქნება სწორი დასკვნები გამოტანილი შესაბამისი სამსახურების თუ კონკრეტული პირების მხრიდან.
ყველამ უნდა იცოდეს რომ, დღეს ქართული სახელმწიფო, ქართული სპეცსამსახურები, ქართველი სამართალდამცველები და უსაფრთხოების სისტემა არის იმდენად ძლიერი, რომ მას შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტო ღონისძიებების ჩატარება - რეალური ჯაშუშური ქსელების გაშიფვრა და მათი წევრების დაკავება, რაც იმ კატეგორიის ოპერატიულ და საგამოძიებო ღონისძიებებს მიეკუთვნება, რომელიც ძალიან უჭირთ ხოლმე გაცილებით ძლიერ და დიდ სახელმწიფოებს,“- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირები წარმოადგენდნენ თუ არა რუსეთის, პოლონეთის, ირანისა და საფრანგეთის სადაზვერვო სამსახურებს და დაადასტურებდა თუ არა ამ ინფორმაციას, მდინარაძე კითხვის პასუხად აღნიშნა: „ვერ დაგიდასტურებთ იმიტომ, რომ პოლონეთი არაფერ შუაში არაა“.