სააკაშვილი მის მიმართ უპირობო, ქედმოხრილ დამოკიდებულებას შეეჩვია, მელიას ეს არ ახასიათებს მაინცდამაინც - მელია „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელია და ჰგონია, რომ უკეთესია, ვიდრე სისხლიანი სააკაშვილი, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციაში დაპირისპირებები არსებობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ იდეა მკვდარია.
ვოლსკი აღნიშნავს, რომ „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ თვითმყოფადია მის სათავეში სააკაშვილი იქნება, მელია, ბოკუჩავა, თუ ხაბეიშვილი.
„სააკაშვილი მის მიმართ უპირობო, ქედმოხრილ დამოკიდებულებას შეეჩვია. მელიას არ ახასიათებს მაინცდამაინც. თანაც მელია, გარკვეულად, სტრატეგიულად გეგმავს თავის პოლიტიკურ კარიერას. მან ზუსტად იცის, რომ სააკაშვილს სერიოზული დანაშაულები აქვს ჩადენილი, პოლიტიკური თვალსაზრისითაც, როცა რუსეთს საქართველოს ოკუპაციის საშუალება მისცა. ის, რომ ქუჩებში 150 ადამიანია დახოცილი, ეს მელიასთვის სერიოზული დამაბრკოლებელია, რომ ბოლომდე სააკაშვილის მიმართ ლოიალური იყოს. თუმცა, არც მელიას განწყობა, არც მისი სტატუსი ოდესმე არ შეცვლილა. ის "ნაცმოძრაობის" წარმომადგენელია და ჰგონია, რომ უკეთესია, ვიდრე სისხლიანი სააკაშვილი. ასე ჰგონია, თუმცა ყველას, ვინც დღეს სააკაშვილს აკრიტიკებს, მათ პირდაპირ აქვთ დანაშაული ჩადენილი, ან ხელი აქვთ შეწყობილი. მელია ამ თემისგან შორს არ არის. ისე, სააკაშვილის მიმართ გიგი უგულავასაც ჰქონდა გამონათქვამები. გვახსოვს, მან ჩამოწერილი მანქანა უწოდა და მოუწოდა, პოლიტიკურ სანაგვეზე გადავარდნილიყო. სამაგიეროდ, კრიტიკოსები იქცნენ მის მაქებრებად, მაგალითად, გუბაზ სანიკიძე, ლევან ბერძენიშვილი. ეს დაპირისპირებები შიგნით არსებობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კოლექტიური "ნაცმოძრაობის" იდეა მკვდარია. კოლექტიური "ნაცმოძრაობა" არსებობს, თვითმყოფადია. მის სათავეში სააკაშვილი იქნება, მელია, ბოკუჩავა, თუ ხაბეიშვილი, თვითმყოფადია ეს, იმიტომ რომ შინაარსი არ იცვლება. ერთობას გარკვეული ინსტრუქცია განაპირობებს, იმიტომ რომ არ იქნება [ოპოზიციის] ერთობა, არ იქნება დაფინანსება," - განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბრალდებულმა, ნიკა მელიამ საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მან მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა.
როგორც მელია წერს, „სადაც სააკაშვილია, იქ ქვეყნის ინტერესი არაა, იქ მხოლოდ კერძო ეგოისტური ინტერესია, რადგან იგი საკუთარ თავს არაჯანსაღად შესტრფის, მხოლოდ თავის ეგოზე ზრუნვით არის ორსული“.
ამასთან, როგორც მელია წერილში აღნიშნავს, სააკაშვილი ადგილობრივი არჩევნების წინ „საკუთარმა დაუძლეველმა ეჭვიანობამ აიძულა" ჩამოსულიყო. ნიკა მელიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილისგან მის მისამართით გაუთავებელი ტალახის სროლა და დროდადრო, მის წინააღმდეგ თითქოს ჩადენილ ღალატზე საუბარი, „მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება მისი უცხოეთში გაშვების სანაცვლოდ, ხელისუფლებასთან გარიგებაში შესვლის კონკრეტული ისტორიის გადაფარვის მცდელობას, რომელიც მას ბევრი მიზეზის გამო, დღეს ძალიან აწუხებს".
პასუხად კი, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: "ნიკა მელიას ბევრი რამე გავუტარე, სულ მქონდა იმედი, რომ რამე დადგებოდა მისგან - ბოლოს მაინც მარცხი განვიცადე და მელია აღმოჩნდა იმავე ჭაობში, სადაც უკვე არიან ოქრუაშვილი, ბოკერიები და ზოგი სხვაც".