მსოფლიო თამბაქოს გარეშე დღე საქართველოში მოზარდების ანტითამბაქო კამპანიით აღინიშნა

„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ინფორმაციით, მსოფლიო თამბაქოს გარეშე დღე საქართველოში მოზარდების ანტითამბაქო კამპანიით აღინიშნა.

კერძოდ, მათივე ცნობით, მიუხედავად თამბაქოს კონტროლის მიმართულებით მიღწეული პროგრესისა, ახალი ნიკოტინური პროდუქტების მზარდი პოპულარობა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, სწორედ ამიტომ, წლევანდელი კამპანიის მთავარი ხმა ახალგაზრდებს დაეთმო.

„მსოფლიო თამბაქოს გარეშე დღე, რომელიც ყოველწლიურად 31 მაისს აღინიშნება, წელს საქართველოში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს დავუკავშირეთ, რაც ცხადია, შემთხვევითი არ იყო. ღონისძიებების მთავარი აქცენტი მოზარდების ჩართულობასა და თამბაქოს ინდუსტრიის ახალი მარკეტინგული სტრატეგიების წინააღმდეგ ცნობიერების ამაღლებაზე გაკეთდა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წლევანდელი კამპანიის მთავარი გზავნილია - „მიმზიდველობის ნიღბის ჩამოხსნა – ნიკოტინსა და თამბაქოზე დამოკიდებულების წინააღმდეგ ბრძოლა“, რომელიც მიზნად ისახავს თამბაქოსა და ნიკოტინის ინდუსტრიის იმ ხრიკების გამოაშკარავებას, რომლებიც ახალი პროდუქტების, მათ შორის ვეიპებისა და თამბაქოს გასახურებელი მოწყობილობების პოპულარიზაციისთვის გამოიყენება, განსაკუთრებით ახალგაზრდებსა და ბავშვებში.

ღონისძიების ფარგლებში სასკოლო კლუბების ასოციაციამ წარადგინა პროექტი „სიმართლის ნიღაბი“, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და მავნე ჩვევების პრევენციას ემსახურებოდა.

პროექტის ფარგლებში სხვადასხვა სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები, პრეზენტაციები, სპორტული აქტივობები, პოსტერების გამოფენები და თამბაქოსა და ნიკოტინის საწინააღმდეგო კამპანიები.

ღონისძიების კულმინაცია გახდა ფლეშმობი „სიმართლის ნიღაბი“. ახალგაზრდებმა ლათინოამერიკული საცეკვაო მუსიკისა და ქართული ცეკვის ელემენტების გამოყენებით წარმოადგინეს გზავნილი „მსოფლიო თამბაქოს გარეშე“.

კამპანიის მთავარი მიზანი იყო ეჩვენებინა, რომ ახალგაზრდების გაერთიანება შესაძლებელია არა ნიკოტინური პროდუქტების, არამედ ჯანსაღი ცხოვრების წესის, კულტურის, მუსიკისა და სპორტის გარშემო.

ღონისძიების ფარგლებშიც განვიხილეთ თამბაქოსა და ნიკოტინის ახალი პროდუქტების მოხმარებასთან დაკავშირებული გამოწვევები, პრევენციული ღონისძიებები და სამომავლო ნაბიჯები.

შეხვედრაზე შეფასდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციასთან საქართველოს მიერთებიდან გასული 20 წელი და ითქვა ამ პერიოდში მიღწეულ შედეგებსა და არსებულ გამოწვევებზე.

მიუხედავად თამბაქოს კონტროლის მიმართულებით მიღწეული პროგრესისა, ახალი ნიკოტინური პროდუქტების მზარდი პოპულარობა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, სწორედ ამიტომ, წლევანდელი კამპანიის მთავარი ხმა ახალგაზრდებს დაეთმოთ. მათი საუკეთესო მომავლისათვის აუცილებელია:

თამბაქოსგან თავისუფალი თაობის კანონმდებლობა (2015 წლის შემდეგ დაბადებულთათვის ყველა სახის თამბაქოს პროდუქტის მიყიდვის აკრძალვა);

თამბაქოს შეძენის მინიმალური ასაკის გაზრდა 21 წლამდე;

ნიკოტინის და მისი ანალოგების შემცველობის მკვეთრი შემცირება (95%-ით);

სპეციალიზებული ლიცენზირებული მაღაზიების შემოღება;

მოწევის შეწყვეტის მხარდაჭერის გაძლიერება;

კანონის აღსრულებაზე მონიტორინგის გაძლიერება და საჯარიმო სანქციების გაზრდა;

ინტერნეტში რეალიზაციისა და რეკლამის აკრძალვის აღსრულების გაძლიერება;

გადასახადების გათანაბრება თამბაქოს ყველა ნაწარმზე და მათი ყოველწლიური ზრდა (20%);

ფილტრების გამოყენების აკრძალვა;

არომატიზატორებისა და დანამატების აკრძალვა თამბაქოს ყველა ნაწარმისათვის;

ელ. სიგარეტებისა და საწუწნი ნიკოტინის ბალიშების წარმოების, იმპორტისა და რეალიზაციის აკრძალვა;

თამბაქოს ინდუსტრიის მიერ ზიანის კომპენსაცია;

თამბაქოს ინდუსტრიის ლობირების აკრძალვა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კობერიძე - ხელისუფლება არათანმიმდევრულია ავტოკრატიულ რეჟიმებთან მიმართებით და არც დასავლურ ბანაკში უნდა ყოფნა და ვერც სხვა ბანაკში გადასვლას ბედავს, ამ ყველაფრით კი სახელმწიფო ინტერესები ზიანდება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს