კომპანია „არემჯის“ ორგანიზებით და მხარდაჭერით ბოლნისის გერმანული უბანი, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი გაიმართა

31 მაისს, კომპანია „არემჯის“ ორგანიზებით და მხარდაჭერით ბოლნისის გერმანული უბანი, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი გაიმართა.

როგორც „არემჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამ შინაარსის ღვინის ფესტივალი საქართველოში უკვე მეოთხედ ტარდება და ის დაცული ადგილწარმოშობის ღვინის პოპულარიზაციასთან ერთად, ქართული ღვინის რუკაზე, ბოლნისის - როგორც ოქროსფერი ღვინის ქალაქის დამკვიდრებას ისახავს მიზნად.

„არემჯი“ 2028 წლიდან ხელს უწყობს ადგილობრივი მეღვინეობის განვითარებას. 4 წლის წინ გავხდით თანადამფუძნებლები ბოლნისის ღვინის ფესტივალის, წელს უკვე ვხედავთ რამხელა მასშტაბი შეიძინა ამ ფესტივალმა, როგორც მონაწილეების, ასევე დამსწრე სტუმრების თვალსაზრისით. მოხარულები ვართ, რომ ქვემო ქართლი და ბოლნისი ხდება ერთ-ერთი თანამედროვე ცენტრი ქართული მეღვინეობის,“ - განაცხადა „არემჯის“ კორპორაციულმა დირექტორმა კახაბერ მჭედლიშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ღვინის ფესტივალში ტრადიციულად საქართველოს სხვადასხვა კუთხის 60-მდე მეღვინეობა იყო წარმოდგენილი. მონაწილეებს შორის იყვნენ, როგორც მსხვილი მწარმოებლები, ასევე მცირე და საშუალო მარნები, საოჯახო მეღვინეობები - ყველა ვინც ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოს აწარმოებს.

„ფესტივალის ფარგლებში, ქართულ-გერმანულ ღვინის სახლში უკვე ჩატარდა ღვინის კონკურსი. ბრმა დეგუსტაციაზე საერთაშორისო გამოცდილების მქონე ჟიურიმ, 21 დაცული ადგილწარმოშობის დასახელების, 144 ნიმუში შეაფასა. წელს ფესტივალის ფარგლებში ბრინჯაოთი - 43 ღვინო დაჯილდოვდა, ვერცხლით - 45 ღვინო, ხოლო ოქრო - 10 მეწარმის ადგილწარმოშობის ღვინოს გადაეცა. ღვინის კონკურსზე გამოვლინდა 2 დიდი ოქროს მფლობელი ღვინო, გამარჯვებულები ამ კატეგორიაში ავთანდილ ირომაშვილის მარნის, წარაფი 2024 და მეღვინეობა რუისპირის ქინძმარაული 2023 გახდნენ.

კონკურსში 10 უმაღლესი ქულით შეფასებული ღვინო იტალიაში, მერანოს 2026 წლის საერთაშორისო ფესტივალზე გაიგზავნება. წელს ფესტივალს მთელი საქართველოდან უპრეცედენტო რაოდენობის სტუმარი დაესწრო. სტუმრებს შორის იყვნენ ღვინის ექსპერტები და იმპორტიორები უცხოელი ბლოგერები, მერანოს ღვინის ფესტივალის დამფუძნებელი და პრეზიდენტი ჰელმუტ კოხერი, რომელიც ბოლნისის ღვინის ფესტივალზე გამარჯვებული ღვინოების მერანოზე გაგზავნას მიესალმა.

ფესტივალის მიმდინარეობისას ჰორეკას სექტორის 10 წარმატებულმა ქართველმა სომელიემ საკუთარი ფავორიტი ღვინოები გამოავლინეს და მათ „სომელიეს რჩეულის“ სიგელები გადასცეს. ბოლნისის ძველ უბანში სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში სასიამოვნო მუსიკა, მრავალფეროვანი კვების ობიექტები, საბავშვო სივრცე, სხვადასხვა საინტერესო და შემეცნებითი აქტივობები ელოდათ. ფესტივალი საზეიმოდ ჯგუფმა „მგზავრებმა“ დახურა.

ფესტივალის ორგანიზატორი და წარმდგენი იყო, კომპანია „არემჯი“, ბოლნისის ღვინის გაერთიანება. სპონსორები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო. მხარდამჭერები: ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, საქპატენტი და ბოლნისის აგრო ცენტრი. „არემჯი“ ბოლნისელი მეღვინეების მხარდაჭერის პროგრამას 2018 წლიდან ახორციელებს. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ერთ-ერთი წარმატებული პროექტია ბოლნისის ღვინის ფესტივალი, რომელმაც ადგილობრივ მეღვინეებს უკვე მოუტანა ცნობადობა და არაერთი პოზიტიური შედეგი. თავის მხრივ, კომპანიის ყველა მსხვილი კორპორაციული პასუხისმგებლობის პროექტი 2022 წლიდან, გაეროს გლობალური შეთანხმების მდგრადი განვითარების მიზნებთან არის თანხვედრაში. სწორედ მე-8 მიზანს (ღირსეული სამუშაო & ეკონომიკური ზრდა) ეხმიანება ადგილობრივი მეღვინეების მხარდაჭერა, ბოლნისის ღვინის ფესტივალი კი ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კობერიძე - ხელისუფლება არათანმიმდევრულია ავტოკრატიულ რეჟიმებთან მიმართებით და არც დასავლურ ბანაკში უნდა ყოფნა და ვერც სხვა ბანაკში გადასვლას ბედავს, ამ ყველაფრით კი სახელმწიფო ინტერესები ზიანდება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
„რასაკვირველია, მშობლისთვის ყოველთვის ბავშვად რჩები“ — Wendy’s-ი 1 ივნისს ემოციური კამპანიით აღნიშნავს