ამჟამად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და მასშტაბური ფსკერ დაღრმავებითი სამუშაოებისთვის საჭირო ქმედებები ოფიციალურად დაწყებულია და პროექტი ხორციელდება წინასწარ გაწერილი გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, -ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენებაშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს წარედგინა.
ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის სექტემბრის მდგომარეობით, წარმატებით დასრულდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აკვატორიის ფსკერის დაღრმავებისა და ტალღისმჭრელის მობილიზაციის მოსამზადებელი (სამობილიზაციო) ფაზა.
“2025 წლის სექტემბრის მდგომარეობით, წარმატებით დასრულდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აკვატორიის ფსკერის დაღრმავებისა და ტალღისმჭრელის მობილიზაციის მოსამზადებელი (სამობილიზაციო)ფაზა. ამჟამად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა და მასშტაბური ფსკერ დაღრმავებითი სამუშაოებისთვის საჭირო ქმედებები ოფიციალურად დაწყებულია და პროექტი ხორციელდება წინასწარ გაწერილი გეგმა-გრაფიკის შესაბამისად”, - ნათქვამია ანგარიშში.
რაც შეეხება სხვა პროექტებს, დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ საჰაერო მიმოსვლის დაწყების მიზნით, შესაბამის სააგენტოში შესულია რუმინეთის ავიაკომპანია „DAN AIR"- ის განაცხადი, რომელიც 1-ელ ივლისიდან გეგმავს რეგულარული ფრენების შესრულებას ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის საჰაერო ხაზზე.
გარდა ამისა, ანგარიშში ყურადღება ეთმობა თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას, რისთვისაც, პრემიერის ინფორმაციით, გრძელდება საპროექტო კვლევითი სამუშაოები.
“თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარეობდა და გრძელდება ტერმინალის გაფართოება, ახალი საჰაერო ხომალდების სადგომი ბაქნისა და დამატებითი სატრანსპორტო საშუალებების საპარკინგე სივრცეების მოწყობა, რის შედეგადაც, თბილისის აეროპორტის გამტარუნარიანობა 5 მლნ მგზავრიდან 10 მლნ მგზავრამდე გაიზრდება.
აქტიურ ფაზაშია ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი, 3,5 კმ სიგრძის ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სხვა სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა. დასკვნით ეტაპზეა თელავის აეროპორტის პროექტის ოპტიმიზაცია, რის შემდეგაც, დაიწყება შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის პროცესი. დასრულებულია მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტზე მუშაობა.
2025 წელს საავიაციო სექტორმა საჰაერო მიმოსვლის ყველა ძირითადი მიმართულებით რეკორდული ზრდა აჩვენა. საქართველოს აეროპორტები რეგულარული და არარეგულარული რეისებით 8 494 640 მგზავრს მოემსახურა, რაც მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელი იყო ქვეყნისთვის. 2025 წლის პიკურ პერიოდში (აგვისტო-სექტემბერი) საქართველოს აეროპორტებში 70-ზე მეტი ავიაკომპანია 122 საჰაერო ხაზზე, საშუალოდ, 760 სიხშირით ოპერირებდა. 2025 წელს ქართულ ბაზარზე ოპერირების უფლება 13 ახალ ავიაკომპანიას მიენიჭა: British Airways, Easyjet UK, Easyjet Switzerland, Easyjet Europe, Edelweiss, Air Serbia, Transavia France, Air Serbia, Electra Airways, Almasria Airlines, SAM Air, Fly Khiva, Vision Air”, - ნათქვამია ანგარიშში.
პრემიერის შეფასებით, დადებითი დინამიკა შენარჩუნდა საჰაერო სატვირთო გადაზიდვების კუთხითაც.
“2025 წელს საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 38578.379 ტონა შეადგინა, რაც რეკორდული მაჩვენებელია საქართველოს აეროპორტებისთვის.
ახლო აღმოსავლეთისა და ყურის რეგიონში არსებული ვითარების გამო შემცირებული ავიარეისების მიუხედავად, 2026 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს საავიაციო სექტორში შენარჩუნდა საჰაერო მიმოსვლის მზარდი დინამიკა. 2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოს აეროპორტები 1 605 500 მგზავრს მოემსახურა, რაც 4.28%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას. 2026 წლის პირველ სამ თვეში საქართველოს აეროპორტებში, ჯამში, 7799 რეისი განხორციელდა. 2025 წლის იანვარ-მარტში განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით, რეისების რაოდენობა 8.70%-ით გაიზარდა. საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირების უფლება 2 ახალ ავიაკომპანიას მიენიჭა (Norwegian Air Sweden, China Eastern Airlines). ამასთან, საჰაერო მიმოსვლის დაწყების მიზნით, სააგენტოში შემოსულია რუმინეთის ავიაკომპანია „DAN AIR"- ის განაცხადი, რომელიც 1-ელ ივლისიდან გეგმავს რეგულარული ფრენების შესრულებას ბუქარესტი-თბილისი-ბუქარესტის საჰაერო ხაზზე“, - აღნიშნულია ანგარიშში.