საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობა. საქართველოს მთავრობის ამოცანაა, მიღწეულ იქნეს აშშ-თან ურთიერთობების გადატვირთვა, რაც მოიაზრებს, მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით, თანასწორ, სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული ურთიერთობების აღდგენას, ყველა მიმართულებით თანამშრომლობის სრული მოცულობით განახლებასა და განვითარებას,- ამის შესახებ ნათქვამია სამთავრობო პროგრამების შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამჟამად მიმდინარეობს აქტიური პოლიტიკური დიალოგი აშშ-ის ადმინისტრაციასთან, რათა მოხდეს „აშშ-ის წინა ადმინისტრაციის მიერ შეჩერებული აშშ- საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა“.
„მიმდინარე პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში, საგარეო უწყება ამერიკულ მხარესთან მუშაობს ახალი ორმხრივი დღის წესრიგის შემუშავებაზე, რომელშიც ასახული იქნება ორივე ქვეყნის სტრატეგიული ინტერესები და რომელიც ეფექტიანად მოემსახურება ჩვენს ორმხრივ, რეგიონულ და გლობალურ მიზნებს. 2026 წლის თებერვალ-მარტის პერიოდში საქართველომ უმასპინძლა აშშ-ის რამდენიმე დელეგაციას აშშ-ის კონგრესიდან და ადმინისტრაციიდან. ამავდროულად, განხორციელდა საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი ვაშინგტონში, მინისტრის მოადგილის დონეზე, ასევე, საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ვაშინგტონში.
საანგარიშო პერიოდში შედგა რამდენიმე კომუნიკაცია მაღალ და უმაღლეს დონეზე: მათ შორის, სატელეფონო საუბარი გაიმართა საქართველოს მთავრობის მეთაურსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შორის, შედგა საქართველოს პრეზიდენტისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერაქცია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანთან“, - ნათქვამია დოკუმენტში.