საქართველო კვლავაც ურყევად განაგრძობდა უკრაინის პოლიტიკურ და დიპლომატიურ მხარდაჭერას, ასევე ჰუმანიტარული დახმარების გაწევას საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში,- ამის შესახებ ნათქვამია სამთავრობო პროგრამების შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებაში.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ და უკრაინის მხარდასაჭერად, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, საქართველომ დაასპონსორა/მხარი დაუჭირა 850-მდე რეზოლუციას/გადაწყვეტილებას/დეკლარაციას/რეკომენდაციას; გააკეთა 380-ზე მეტი ეროვნული განცხადება.
„ეუთოს ფარგლებში, საქართველომ მხარი დაუჭირა „მოსკოვის მექანიზმის“ გააქტიურებას რუსეთთან მიმართებით. საქართველო ასევე გახდა უკრაინისთვის საერთაშორისო საჩივრების კომისიის დამფუძნებელი კონვენციის ხელმომწერი ქვეყანა. საგარეო საქმეთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო უკრაინელი ბავშვების დაბრუნების საერთაშორისო კოალიციის მაღალი დონის შეხვედრაში. ქართული მხარე მონაწილეობდა ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის ეგიდით გამართულ შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაში. საანგარიშო პერიოდში საქართველო კვლავ აქტიურად ახორციელებდა საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეთა მხარდაჭერას სხვადასხვა სოციალური თუ საგანმანათლებლო პროგრამის მეშვეობით. ასევე, უკრაინის ენერგეტიკული საჭიროებების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობის მიერ უზრუნველყოფილ იქნა გენერატორების მიწოდება ჰუმანიტარული დახმარების სახით”, - ნათქვამია დოკუმენტში.
აქვე აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში, რომელიც მოიცავს 2025 წლის 1-ელი ივნისიდან 2026 წლის მაისის ჩათვლით პერიოდს, საქართველო კვლავაც ახორციელებდა დაბალანსებულ სამეზობლო პოლიტიკას, რომელიც მიმართული იყო რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებისა და მდგრადი მშვიდობის ხელშეწყობისკენ.
„საქართველომ არაერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, გახდეს დიალოგის სივრცე მეზობელი სახელმწიფოებისთვის, როგორც ორმხრივ, ისე სამმხრივ (საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი) ფორმატში, რაც ხელს შეუწყობს ნდობისა და თანამშრომლობის განვითარებას. 2025 წლის 17 აპრილს, თბილისში, საქართველოს ინიციატივით, გაიმართა საქართველო - აზერბაიჯანი-სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების პირველი სამმხრივი შეხვედრა, სადაც გამოიკვეთა თანამშრომლობის პრიორიტეტული სფეროები. 2025 წლის 18 დეკემბერს, საქართველომ, მოსაკრებლის გარეშე, გაატარა აზერბაიჯანიდან 1220 ტონა 95-ოქტანიანი ბენზინით დატვირთული 22 ვაგონი სომხეთის მიმართულებით.
საქართველოს თურქეთთან, აზერბაიჯანსა და სომხეთთან აკავშირებს მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა. თურქეთსა და აზერბაიჯანთან თანამშრომლობას კიდევ უფრო ამყარებს არსებული სტრატეგიული მნიშვნელობის ერთობლივი პროექტები. აღსანიშნავია, რომ თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი კვლავაც რჩებიან საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორთა ათეულში. სამივე მეზობელ სახელმწიფოსთან შენარჩუნებული იყო ურთიერთობების ინტენსიური დინამიკა მაღალ და უმაღლეს დონეზე. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივ ფორმატს. ამ მიმართულებით, რეგულარულად იმართება საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების სამმხრივი შეხვედრები, აგრეთვე, საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის ბიზნესფორუმი“, - ნათქვამია ანგარიშში.
მოხსენების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2025 წლის 1-ელი ივნისიდან 2026 წლის მაისის ჩათვლით პერიოდში სომხეთსა და აზერბაიჯანთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხები განიხილებოდა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტებისა და შეხვედრების ფარგლებში.