დღეისათვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოცულია მოსახლეობის 95%. პროგრამის დაწყებიდან დღემდე, 3 მილიონ მოქალაქეს 12.5 მილიონი სამედიცინო შემთხვევა 8 მილიარდი ლარით დაუფინანსდა, - ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის მოხსენებაშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს წარედგინა.
დოკუმენტის მიხედვით, 2026 წლის იანვრიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ახალი სერვისის დამატებისთვის ან არსებული სერვისების მიწოდების შეწყვეტისთვის კრიტერიუმები და პირობები ამოქმედდა.
„უნივერსალური მოცვის მისაღწევად, ჯანდაცვაზე სახელმწიფო დაფინანსების ზრდისა და სერვისების ეფექტიანი დაგეგმვის შედეგად, უკანასკნელ დეკადაში 72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა და მნიშვნელოვნად შემცირდა ბავშვთა სიკვდილიანობა (ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობა 10.8-იდან (2012) — 7.6-მდე (2025) და ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობა 12.4-იდან (2012) – 9.1-ამდე (2025)).
სერვისების თანაბარი განაწილების, რესურსების რაციონალური გამოყენებისა და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, 2026 წლის იანვრიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ახალი სერვისის დამატებისთვის ან არსებული სერვისების მიწოდების შეწყვეტისთვის კრიტერიუმები და პირობები ამოქმედდა.
მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის გაუმჯობესებისთვის გრძელდება რეფერენტული ფასების განსაზღვრა. დღეის მდგომარეობით, რეფერენტული ფასების კატალოგი აერთიანებს ფასებს 313 ნივთიერების 7 521 მედიკამენტზე. ინოვაციურ მედიკამენტებზე მწარმოებელთან პირდაპირი შესყიდვის მექანიზმების გამოყენებით შეძენილ იქნა 22 დასახელების ონკოლოგიური მედიკამენტი, აქედან 17 ერთი წყაროს პატენტით დაცული ინოვაციური/ორიგინალური ფარმაცევტული პროდუქტია, ასევე აქონდროპლაზიის, სპინალური კუნთოვანი ატროფიისა და გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტები“,- ნათქვამია ანგარიშში.
ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში, საქართველოსა და უცხოეთის კლინიკებში მომსახურება მიიღო 0 -დან – 21 წლამდე 66-მა ონკოლოგიურმა პაციენტმა, ჯამურმა ხარჯმა კი შეადგინა 1.2 მლნ ლარი.
„ბავშვთა ონკოლოგიის სერვისების გაძლიერებისთვის ისრაელის, ესპანეთისა და თურქეთის კლინიკებთან ჩამოყალიბებული თანამშრომლობის ფარგლებში, განხორციელდა 0 – 18 წლამდე ბავშვთა ონკოლოგიური პროგრამის 43 ბენეფიციარის საზღვარგარეთ პროვაიდერ კლინიკებში მკურნალობა, რაც დაფინანსდა 2.1 მლნ ლარით, გამოჯანმრთელების მაჩვენებელი კი 90%-ს შეადგენს. გარდა აღნიშნულისა, რეფერალური მომსახურების პროგრამის საშუალებით იქმნება დამატებითი შესაძლებლობები, რათა ხელმისაწვდომი გახდეს ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურებები როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.
გარდა ამისა, სოლიდარობის ფონდის შემოწირულებების ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში, საქართველოსა და უცხოეთის კლინიკებში მომსახურება მიიღო 0 – 21 წლამდე 66-მა ონკოლოგიურმა პაციენტმა, ჯამურმა ხარჯმა კი შეადგინა 1.2 მლნ ლარი“,- ნათქვამია ანგარიშში.