პრემიერის ანგარიში - თანმიმდევრულად გაგრძელდა საქმიანობა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის კონტექსტში - ეფექტიანად გამოიყენებოდა საერთაშორისო პლატფორმებიც

თანმიმდევრულად გაგრძელდა საქმიანობა ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის კონტექსტში. ძალისხმევა მიმართული იყო საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაციასა და პარტნიორების ჩართულობის გაღრმავებაზე, რათა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევები მუდმივად დარჩენილიყო საერთაშორისო დღის წესრიგის მაღალ დონეზე,- ამის შესახებ ნათქვამია სამთავრობო პროგრამების შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს საკითხი აქტიურად განიხილებოდა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

„ეფექტიანად გამოიყენებოდა საერთაშორისო პლატფორმები, სადაც საქართველო სისტემატურად აყენებდა ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა მდგომარეობასთან დაკავშირებულ საკითხებს. გაიმართა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 64-ე, 65-ე და 66-ე რაუნდები, რომელთა ფარგლებშიც, ქართული მხარის აქტიური ძალისხმევითა და პარტნიორების მხარდაჭერით, ყურადღება გამახვილდა დღის წესრიგის ფუნდამენტურ საკითხებზე. მათ შორის იყო 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულება და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უზრუნველყოფა.

საანგარიშო პერიოდში, რომელიც მოიცავს პერიოდს 2025 წლის 1-ელი ივნისიდან 2026 წლის მაისის ჩათვლით, ერგნეთში გაიმართა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შვიდი შეხვედრა (125-137 რაუნდები). ამასთან, გალში აღნიშნული მექანიზმის შეხვედრები კვლავ შეჩერებულია 2018 წლიდან, რაც დამატებით ართულებს ადგილზე არსებული გამოწვევების ეფექტიანად მართვას.

გრძელდებოდა ინტენსიური მუშაობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) გაძლიერებისა და მისი მანდატის სრულად განხორციელების ხელშეწყობის მიმართულებით, მათ შორის, მისიის შეუფერხებელი და სრულმასშტაბიანი წვდომის უზრუნველყოფის აუცილებლობის მუდმივი ხაზგასმით. ამავე დროს, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა არაღიარების პოლიტიკის განმტკიცებას, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული უკანონო პროცესების წინააღმდეგ საერთაშორისო საზოგადოების კონსოლიდაციასა და საოკუპაციო რეჟიმებთან უკანონო კონტაქტების პრევენციას.

ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რეალობისა და მიმდინარე უკანონო ოკუპაციის თანმდევი გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა ურყევად აგრძელებდა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ინტერესებზე ორიენტირებულ სამშვიდობო პოლიტიკას, მათ შორის, ნდობის აღდგენისა და ჩართულობის სხვადასხვა, დეპოლიტიზირებული, სტატუს-ნეიტრალური მექანიზმის განხორციელების გზით, რაც შესაბამის შედეგებში აისახება.

შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში, აქტიურად გრძელდებოდა ომით ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის კომუნიკაციის, სახალხო დიპლომატიის, სექტორული თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის პროექტების განხორციელების მხარდაჭერა ყველა არსებული ფორმალური თუ არაფორმალური არხის მეშვეობით. საანგარიშო პერიოდში, ოკუპირებული რეგიონების მიმართულებით, 25 ახალი ჰუმანიტარული და ნდობის აღდგენის პროექტი იქნა ინიციირებული, ხოლო ჯამში – 70-ზე მეტი პროექტი განხორციელების პროცესშია.

სტრასბურგის სასამართლოში „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“ ე. წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ მორიგი ისტორიული გამარჯვების მოპოვების შემდეგ, აღნიშნული დავის ფარგლებში, გაგრძელდა წარმოება დაზარალებულთა კომპენსაციის საკითხზე. შედეგად, 2025 წლის 14 ოქტომბერს სტრასბურგის სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება სამართლიან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, რუსეთის ფედერაციას დაეკისრა 253 000 000 ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება 29 000-ზე მეტი დაზარალებული საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ. ამასთანავე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში ქართული მხარის აქტიური ჩართულობით, მიმდინარეობს „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (I)“ (ე. წ. დეპორტირებულების საქმე) და „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“ (ე. წ. აგვისტოს ომის საქმე) სახელმწიფოთაშორის საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პროცედურები.

აღსანიშნავია, რომ აგვისტოს ომის დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ეპიზოდზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მიერ 3 ბრალდებულის (ცხინვალის დე ფაქტო „ხელისუფლების“ წარმომადგენლების) მიმართ გამოცემული დაპატიმრების ორდერების აღსრულების მიზნით, გრძელდება თანამშრომლობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან, რათა დამნაშავე პირები წარდგნენ საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშე. საანგარიშო პერიოდში, გრძელდებოდა საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციის საკითხის აქტიურად დაყენება საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგში და მათი/წევრი ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვება. გაეროს, ეუთოსა და ევროპის საბჭოს სხვადასხვა ფორმატში, გაკეთდა 145-მდე ეროვნული განცხადება, ორგანიზაციების დღის წესრიგის სხვადასხვა საკითხზე განხილვების ფარგლებში, მათ შორის, 85 ეროვნული განცხადება რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას ეხებოდა“, - ნათქვამია დოკუმენტში.

გიორგი კობერიძე - ხელისუფლება არათანმიმდევრულია ავტოკრატიულ რეჟიმებთან მიმართებით და არც დასავლურ ბანაკში უნდა ყოფნა და ვერც სხვა ბანაკში გადასვლას ბედავს, ამ ყველაფრით კი სახელმწიფო ინტერესები ზიანდება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია