ნიკოლ ფაშინიანი - რუსეთის მიერ სომხურ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე დაწესებული შეზღუდვები არასწორი ნაბიჯია

სომხურ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე შეზღუდვების დაწესება მცდარი ნაბიჯია, რადგან ის ხალხს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წინააღმდეგ განაწყობს, - სომხური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

„ვთვლი, რომ ეს ნაბიჯები არასწორია, რადგან ისინი ხალხს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წინააღმდეგ განაწყობს და როგორც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მაღალი თანამდებობის პირი, ამას პრობლემად მივიჩნევ. თუმცა, ჩვენ ყველა პრობლემას მოვაგვარებთ“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

მისი თქმით, მთავრობა დაიწყებს დახმარების პროგრამებს იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც რუსეთის მიერ სომხურ საქონელზე დაწესებული აკრძალვით დაზარალდნენ.

ფაშინიანმა ხაზი გაუსვა, რომ ექსპორტისთვის უსამართლო ბარიერების არსებობის შემთხვევაში, მთავრობა განახორციელებს სუბსიდირებისა და მხარდაჭერის პროგრამებს და დაეხმარება მწარმოებლებს, რომლებმაც ზარალი განიცადეს, ახალი ბაზრების პოვნაში.

„მთავრობამ უკვე გადაწყვიტა, რომ ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ექსპორტის უსამართლო ბარიერები არსებობს, ჩვენ განვახორციელებთ დახმარებისა და სუბსიდიების პროგრამებს ამ საქონლისთვის, რათა ჩვენს ეკონომიკაში წაგებული არავინ დარჩეს“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

მან განმარტა, რომ ეს ეხება შემთხვევებს, როდესაც დაბრკოლებები არ არის დაკავშირებული პროდუქტის ხარისხთან და განაცხადა, რომ არსებობს სიტუაციები, როდესაც ექსპორტირებული საქონელი არ აკმაყოფილებს ხარისხის სტანდარტებს.

ამასთან, მისი თქმით, სომხეთი უკვე მუშაობს ახალი საექსპორტო ბაზრების განვითარებაზე.

„დღეს უკვე გვყავს რამდენიმე ბიზნეს დელეგაცია, რომლებიც გაემგზავრნენ. მადლიერნი ვართ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების სწრაფი რეაგირებისთვის და უკვე გვაქვს კონკრეტული წინადადებები ვარდების, ხილისა და ბოსტნეულის შესყიდვასთან დაკავშირებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ფაშინიანმა ასევე ხაზი გაუსვა საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციას მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ სომხეთის ეკონომიკა არ უნდა იყოს დამოკიდებული ერთ მიმართულებაზე.

შეგახსენებთ, რუსეთმა სომხეთიდან კურკოვანი ხილისა და ყურძნის იმპორტზე შეზღუდვები დააწესა. რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა, „როსსელხოზნადზორმა“ განაცხადა, რომ სომხეთიდან კურკოვანი კულტურებისა (ალუბალი, ბალი, გარგარი, ქლიავი, ატამი) და ყურძნის იმპორტზე შეზღუდვები ძალაში 2 ივნისიდან შევა.

გიორგი კობერიძე - ხელისუფლება არათანმიმდევრულია ავტოკრატიულ რეჟიმებთან მიმართებით და არც დასავლურ ბანაკში უნდა ყოფნა და ვერც სხვა ბანაკში გადასვლას ბედავს, ამ ყველაფრით კი სახელმწიფო ინტერესები ზიანდება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია