აშშ-ის ცენტრალური სარდლობა - აშშ-მა ირანის წინააღმდეგ თავდაცვითი დარტყმები განახორციელა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა ირანის კეშმის კუნძულზე თავდაცვის მიზნით დარტყმები განახორციელეს.

მათი მტკიცებით, დარტყმები იყო პასუხი ირანის მიერ ახლო აღმოსავლეთში განხორციელებული „თავდასხმების მცდელობებზე“.

„ირანმა რეგიონული მეზობლების მიმართულებით რამდენიმე ბალისტიკური რაკეტა გაუშვა; თუმცა, დასახულ სამიზნეს ვერცერთმა ვერ მიაღწია. ქუვეითისკენ გასროლილი ორი ირანული რაკეტა გზაში ჩამოვარდა, ხოლო ბაჰრეინისკენ გაშვებული სამი რაკეტა აშშ-ისა და ბაჰრეინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს“, - აღნიშნულია ცენტრალური სარდლობის მიერ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ცენტრალური სარდლობის ცნობით, აშშ-მა კეშმის კუნძულზე ირანის სამხედრო სახმელეთო კონტროლის პუნქტს დაარტყა, ამერიკელი სამხედროები არ დაშავებულან.

მანამდე, ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ ვაშინგტონის მიერ ჰორმუზის სრუტეზე დაწესებული საზღვაო ბლოკადის ფარგლებში, ირანის მიმართულებით მიმავალ დაუტვირთავ ნავთობტანკერს დაარტყა და მწყობრიდან გამოიყვანა.

ამერიკულმა თვითმფრინავმა ბოტსვანას დროშის ქვეშ მცურავი M/T გემის ძრავის ოთახს Hellfire-ის ტიპის რაკეტა ესროლა მას შემდეგ, რაც მისმა ეკიპაჟმა რამდენიმე გაფრთხილება უგულებელყო.

ამასთან, განცხადება გაავრცელა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმაც, რომლის თანახმადაც, ქუვეითზე მისი თავდასხმები იყო პასუხი აშშ-ის ძალების მიერ კეშმის კუნძულზე განხორციელებული „თავხედური და აშკარა აგრესიის“. მათი ინფორმაციით, ქუვეითის მიმართულებით მინიმუმ 10 ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, თავდასხმები „საწყისი პასუხია“ და გაცილებით უფრო ძლიერ საპასუხო დარტყმას განახორციელებენ.

გიორგი კობერიძე - ხელისუფლება არათანმიმდევრულია ავტოკრატიულ რეჟიმებთან მიმართებით და არც დასავლურ ბანაკში უნდა ყოფნა და ვერც სხვა ბანაკში გადასვლას ბედავს, ამ ყველაფრით კი სახელმწიფო ინტერესები ზიანდება
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია