არის თუ არა პარტიების აკრძალვაზე უარის თქმა, აშშ- საქართველოს ერთიერთოების გადატვირთვის ერთ-ერთი წინაპირობა
რას ნიშნავს ოპოზიციის სამოქმედო გეგმაში “თავგანწირვა და რისკზე წასვლა” და სწორი იყო თუ არა ბოიკოტი
არჩევნები სომხეთში - “ეს მხოლოდ არჩევნები არაა, “გეოპოლიტიკური რეფერენდუმია”
* * *
არის თუ არა პარტიების აკრძალვაზე უარის თქმა, აშშ- საქართველოს ერთიერთოების გადატვირთვის ერთ-ერთი წინაპირობა
“მმართველი პარტიის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების აკრძალვის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს და მათ არანაირი ბერკეტი არ აქვთ. ამასთან, საკითხი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღების საგანია და ანალიტიკოსებიც არ გამორიცხავენ, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადატვირთვის ვაშინგტონის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაც ამ საკითხის უკან წაღება იყოს. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ “ქართული ოცნება” “ვერც ვერასდროს მიიღებს” პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას. “ჩვენ არანაირი გადაწყვეტილება პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით არც არასდროს მიგვიღია და ვერც ვერასდროს მივიღებთ. ჩვენ ერთადერთი გვაქვს ჩვენი მოსაზრება, რომ კონკრეტული პარტიები არიან არაკონსტიტუციური პარტიები და კონსტიტუცია გვეუბნება, რომ თუკი პარტია არის არაკონსტიტუციური, ის არ უნდა არსებობდეს. ამიტომ, მივმართეთ სასამართლოს, რომ განსაჯოს ჩვენი და მოსახლეობის უმეტესობის აზრი”, - განაცხადა პაუაშვილმა, რომლის თქმით, “საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით არის თუ არა პარტიების აკრძალვაზე უარის თქმა, აშშ- საქართველოს ერთიერთოების გადატვირთვის ერთ-ერთი წინაპირობა.
“ჩვენ 1 120 000-მა ადამიანმა მოგვცა მანდატი, რომ მიგვემართა სარჩელით. ამიტომ ამ სარჩელის უკან დგას არა “ქართული ოცნების” თუ პარლამენტის წევრები, არამედ 1 120 000 ადამიანის სარჩელია ეს კონკრეტულ პარტიებთან დაკავშირებით. თუ საკონსტიტუციომ დაადგინა, რომ პარტია არაკონსტიტუციურია - ასეთი პარტია უნდა არსებობდეს?” - თქვა პაპუაშვილმა. ამა წლის აპრილში “ქართულმა ოცნებამ” ძველი საკონსტიტუციო სარჩელი უკან გამოითხოვა, სადაც ენმ-ს, “ახალისა” და “ლელოს” აკრძალვას ითხოვდა, ახლით შეცვალა და ამ სიას “ფედერალისტები” დაამატა. ძველი სარჩელის განხილვის 9 თვიანი ვადა ამა წლის ივლისში ეწურებოდა. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, რომ პარტიების აკრძალვის უკან წაღება შეიძლება იყოს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა ვაშინგტონის მხრიდან. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძეც არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული საკითხი ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა იყოს ურთიერთობების გადატვირთვაში”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ცალსახა პასუხის გაცემა რთულია, გააჩნია ფსონზე რა დევს - “ქართული ოცნებისთვის” რა უფრო მნიშვნელოვანია, პოლიტიკური პარტიები აკრძალოს, თუ აშშ-სთან სტრატეგიულად გადატვირთოს ურთიერთობები. აქ საუბარია არა იმდენად “ქართულ ოცნებაზე”, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. ბევრს ჰგონია, რომ თითქოს მმართველ პარტიას გავლენა აქვს სასამართლოზე, მაგრამ მთლად ასე არაა. თუმცა, სარჩელის გამოტანაც შეუძლია, ყველა ვარიანტი დასაშვებია, უბრალოდ გააჩნია ამის სანაცვლოდ რას მიიღებენ. თუ სარჩელის უკან გამოტანით მიღებული ზიანი უფრო ნაკლები აღმოჩნდება, ვიდრე ის სარგებელი, რასაც არა მარტო “ოცნება”, არამედ ზოგადად ქვეყანა მიიღებს აშშ-სთან ურთიერთობების სტრატეგიულად გადატვირთვით, რასაც დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად მოჰყვება ევროპასთან ურთიერთობების გადატვირთვაც, რადგან ისინიც აშშ-ს უყურებენ, როგორც უფროსს პარტნიორს, ამ ყველაფრით გათვალისწინებით ბოლომდე არაფერი გამორიცხული არაა”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
“აშშ-ში პოლიტიკური ტრადიციებიდან გამომდინარე, ალბათ ასეთ ნაბიჯს და გადაწყვეტილებას მთლად დადებითად არ უყურებენ, პარტია შეიძლება აკრძალო მაშინ, როდესაც მის მიმართ არსებობს წყალგაუმტარი ძალიან მძიმე ბრალდებები. ეს რომ მარტო ენმ იყოს, კიდევ შეიძლებოდა ამის გამართლება იმით, რომ კომისიაზე რაც ითქვა და რაც არა, ბრალდებები ამ პარტიის მიმართ საკმაოდ მძიმეა, მაგრამ იმ სიაში სხვა პარტიებიც არის მოხსენიებული. ამიტომაც ეს პოლიტიკურად სენსიტიური საკითხია და დასავლელ პოლიტიკოსს ვერ დაარწმუნებ, რომ საქართველოში ამდენი პარტია აკრძალვას იმსახურებდეს. ასეთ საჩოთირო სიტუაციაშია მოხვედრილი დღეს ქვეყანაც და ხელისუფლებაც. რაღაცა ირიბი კავშირი შეიძლება იკითხებოდეს, მაგრამ შეიძლება ამერიკელებისთვის არა ეს, არამედ უფრო სხვა რამ იყოს მნიშვნელოვანი, კერძოდ ანაკლიის პორტი, ამერიკული კომპანიის შემოსვლა და ჩინეთის განდევნა, ირანის საქმეებში დახმარება და სხვა სტრატეგიული საკითხები”, - ამბობს ანჯაფარიძე.
“პაპუაშვილის განცხადებაში არ იკითხება, რომ მმართველი პარტია უკან იხევს - სად არის უკანდახევა? მმართველ პარტიას არავითარი უფლება არ აქვს რომელიმე პარტიის აკრძალვის. ეს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გააკეთოს. საკონსტიტუციო სარჩელის განახლებით შეიძლება მმართველ პარტიას უნდოდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მეტი დრო მიეცა, რომ მას უფრო მეტად განესაჯა ეს საკითხი. შესაძლოა მოისურვა, რომ ენმ თავის განაყოფებიანად მთლიანად ყოფილიყო პოლიტიკური ველიდან განდევნილი, არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღება უჭირდა და დრო მისცეს. ყველა ვარიანტის დაშვება შეიძლება, მაგრამ ამაზე ზუსტი პასუხი მმართველი პარტიის გარდა არავინ იცის. მაინც ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილების უკან გამოტანა, ეს იქნებოდა ძალიან სერიოზული პოლიტიკური და რეპუტაციული დარტყმა მმართველ პარტიაზე და ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანი რამ უნდა იდოს სასწორის მეორე მხარეს, რომელიც ამ სარისკო გადაწყვეტილებას გადასწონის”, - დაასკვნის ზაალ ანჯაფარიძე.
“ვფიქრობ ეს აშშ-ს ერთ-ერთი წინაპირობაა. ჯერ ივანიშვილმა განაცხადა პარტიების აკრძალვაზე. საკონსტიტუციო სასამართლოც მათ მიერაა მართული და შეიძლება ვითომ წარმოებაში არ მიიღოს, ან საქმე გადადოს, რომ თითქოს ხელისუფლება არაფერ შუაშია. ეს უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს პრეროგატივაა, რომ თითქოს უმტკივნეულოდ გამოძვრნენ. მნიშვნელოვანწილად შესაძლებელია, რომ აღნიშნული საკითხი აშშ-საქართველოს ურთიერთობებთან იყოს დაკავშირებული. ერთი ვარიანტია, რომ დროის გაწელვა დასავლელ პარტნიორებთან სავაჭროდ სჭირდებოდათ. აი, ვთქვათ, თქვენ გვაღიარეთ ჩვენ როგორც ხელისუფლება და ჩვენ პარტიებს არ გავაუქმებთ - რაღაც დათმობაზე რომ წავიდეს. საბჭოთა სპეცსამსახურების მეთოდი იყო, რომ ცუდზე უარესი გააკეთე, რომ მერე ცუდზე ედავო. პაპუაშვილის განცხადებაში ახლა უკან დახევა იკითხება”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
რას ნიშნავს ოპოზიციის სამოქმედო გეგმაში “თავგანწირვა და რისკზე წასვლა” და სწორი იყო თუ არა ბოიკოტი
“ოპოზიციაში კვლავ მიზნის მიღწევის გზებზე მსჯელობენ - პატიმრობეში მყოფი ენმ-ს წევრი ლევან ხაბეიშვილი მიიჩნევს, , რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში მხოლოდ “ლოდინისა” და პასიური პროცესების იმედი არ უნდა ჰქონდეთ მოქალაქეებს. მისი თქმით, დასამარცხებლად აუცილებელია აქტიური მოქმედება, ოპოზიციის ნაწილს კი კვლავ მიაჩნია, რომ არჩევნებში შესვლაა ერთადერთი სწორი გზა და ბოიკოტმა მათი კოლეგები უფრო დააზიანა. “ოცნებაშიც” ამბობენ, რომ ბოიკოტი “კატასტროფა იყო”. “ის, რომ ბოიკოტი შეცდომა კი არა, კატასტროფა იყო, ფაქტია. აქ მხოლოდ იმაზე კი არ არის საუბარი, რომ ამ ბოიკოტის გამო ოპოზიცია მანდატების გარეშე დარჩა და პარლამენტში არ შემოვიდა, არამედ მთავარი ისაა, რომ მათ ამ “შეტევით” დემოკრატიის წინააღმდეგ, ფაქტობრივად, შეტევა განახორციელეს საქართველოს წინააღმდეგ... არავის არ უნდა თავისი კატასტროფული შეცდომის აღიარება”,- ამბობს “ქართული ოცნების” დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი. ლევან ხაბეიშვილი კი წერილში წერს, რომ “თავგანწირვა და რისკია” საჭირო”, - წერს გაზეთი “რეზონმანსი” სტატიაში სათაურით რას ნიშნავს ოპოზიციის სამოქმედო გეგმაში “თავგანწირვა და რისკზე წასვლა” და სწორი იყო თუ არა ბოიკოტი.
“უბრალოდ უნდა გავიხსენოთ, რომ ასე მდორე, “დაველოდოთ” , “თავისით მოხდება”, პროცესით ვერ მოვერევით ბიძინას, მოქმედება და ბრძოლაა საჭირო. კლავიატურაზე კაკუნის იქით გვაქვს საბრძოლო, თავგანწირვა და რისკი საჭირო აქტიურობაა... მომეცა უფლება ფოსტით მივიღო წერილები, გთხოვთ, არ დაიზაროთ და მომწეროთ თქვენი ანალიზი და პოზიციები, ასევე, წერილთნ ერთად გამომიგავნეთ რაიმე ბეჭდური მასალა (გაზეთები)”, - წერს ხაბეიშვილი. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ლევან ხაბეიშვილმა თავადვე უნდა ახსნას თავის სიტყვებში რას გულისხმობს. მისი თქმით, ამას უნდა მოაყოლოს მან და ბოიკოტის მომხრეებმაც, თუ რა მოუტანა ბოიკოტმა და შეასრულეს თუ არა ის მიზანი, რაც ჰქონდათ. ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე კი აცხადებს, რომ ის, რაზეც ხაბეიშვილი ლაპარაკობს, რევოლუციური სცენარია, თუმცა, მისი თქმით, დღეს არ არის ის პირობები, რაც საქართველოში 2003 წელს იყო”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ხაბეიშვილი თქვას რა შეცდომები დაუშვეს - პარლამენტში რომ არ შევიდნენ სწორი იყო თუ არა, რა მიზნები ჰქონდათ და მიიღეს თუ არა ეს მიზნები. მერე, ამას რომ პირდაპირ ადგილობრივი არჩევნების ბოიკოტი მოჰყვა, ამას რა მიზანიც ჰქონდათ მიაღწიეს? შედეგები და ანგარიში დადეს? მაინცდამაინც 4 ოქტომბერს რატომ დანიშნეს ის უდღეური ვითომ რევოლუცია? თუ ეს “ქართული ოცნების”" ინტერესებში არ იყო და ადგილობრივ არჩევნებზე მკაფიოდ ოპოზიციის მომხრეების არმისვლაში. მან უნდა თქვას, როგორც პოლიტიკურმა ფიგურამ, ეს ყველაფერი შეაფასოს როგორც პოლიტიკოსმა, რადგან ეს წარსული კი არაა. უნდა თქვას 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში შედის თუ არა, ანდა 2029 წლის ადგილობრივ არჩევნებს უცხადებს თუ არა ბოიკოტს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“თან აცხადებ, რომ ავტორიტარული რეჟიმიაო და თან გაიძახი სამართლიანი არჩევნებიო და რომელი ავტორიტარული რეჟიმი ატარებს სამართლიან არჩევნებს? ბრძოლაში უნდა შეხვიდე. 26 მაისს ტრიბუნა არ მოგვცესო, ვაი თქვენს პატრონს უბედურს, თქვენ ტრიბუნაზე უარი თქვით მთელი 4 წლის განმავლობაში, არა პარლამენტის წინ, არამედ პარლამენტის შიგნით და ახლა ცხვირ-პირი ჩამოგტირით ტრიბუნა არ მოგვცესო... ვინმემ შეაფასა ეს ყველაფერი რა იყო? ხაბეიშვილმა, ან სხვა ვინმემ კეთილი ინებოს და გააანალიზოს ეს ყველაფერი. არაფერი არ დასრულებულა და ეს ყველაფერი წარსული არაა, განგრძობითი დროა მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე გაგრძელდება და კითხვები იქნება... აზრზე არ ვარ რისკსა და თავგანწირვაში რას გულისხმობს. თუ რისკი არ იყო პარლამენტში შესვლა, აბა რა იყო? გახარიას დღემდე ლანძღავენ, ეს იყო რისკი და შევიდა. ანდა, რამდენს ლანძღავდნენ “ლელოს”, რომელმაც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, ესეც რისკი იყო. ამიტომ ხაბეიშვილმა თვითონ განსაზღვროს რას გულისხმობს",- დაასკვნის ზაქარეიშვილი.
“არაფერი სათქმელი არ აქვთ, ვერანაირად ვერ მოძებნეს რაიმე ისეთი ნარატივი, აგიტაცია, პროპაგანდა, პროგრამა, მოწოდება ისეთი, რომ შექმნან ის მუხტი, რომელიც სჭირდებათ. ჩაფიქრებულია არა პოლიტიკური მუხლჩაუხრელი მუშაობა, არამედ მიზნის სწრაფად მიღწევა, ანუ არსებული ხელისუფლების დამხობა, რასაც მათი გაგებით ასობით ათასი ადამიანის ქუჩაში გამოყვანა სჭირდება. განცხადების შინაარსი რა თქმა უნდა რევოლუციური სცენარია, ეს ვერ მოიძებნა. ხაბეიშვილის ლოზუნგები გვახსოვს, რომ მე თვითონ შევვარდები “ვივა-მედში” პირადად, გამოვიყვან და ა.შ. თუმცა, საქმე-საქმეზე რომ მიდგებოდა არაფერს კეთებდა, მაგრამ თავის მოწოდებებში, ლოზუნგებში ნათქვამია, რომ ძალიან გამოყენებაა საჭირო. მათ ამ სცენარისთვის არანაირი რესურსი არ აქვთ. ამ აქციამ ეს უფრო ცხადყო. უცხოელმა პროფესიონალმა კოლეგებმა მითხრეს, დრონებიდან რომ ანგარიშობენ ხოლმე, რომ 4 ათას ადამიანამდე შეიკრიბა, მეტი არაო. საქართველოსთვის ეს რაოდენობა, თან უმუხტოდ, რომელიც არც ერთი შტურმზე არ წავა, სტატისტიკური ნულია”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.
“პოლიტიკოსები ასეთ ვითარებას ვერ ქმნიან, ვითარებას ყოფა-ცხოვრება ქმნის, როდესაც მაცივარი თანდათან ტელევიზორს ერევა, მაშინ ხალხი ქუჩაში გამოდის და სჯერა, რომ დაამხობენ რა ამა თუ იმ გზით ხელისუფლებას, უკეთესიც იქნება. ასე იყო 2003 წელს, როცა ტოტალურმა კორუფციამ საქართველო წალეკა. ამან ხალხი იქამდე მიიყვანა, რომ ოღონდ ვინმე გამოჩნდეს, რომელიც გაგვიძღვება. გვახსოვს 14 ლარიანი არ გაცემული პენსიები, ყველა ნაბიჯზე და უწყებაში ქრთამის მიცემა, საერთოდ პოლიციასთან ურთიერთობა მხოლოდ ქრთამით იყო. ეს ხალხმა ვეღარ აიტანა და შევარდნაძე სამართლიანად ამბობდა, რომ ან ჩვენ დავამარცხებთ კორუფციას, ან კორუფცია დაგვამარცხებსო, ახლა მსგავსი არაფერია, კორუფციასთან ბრძოლის ინდექსით საქართველო ერთ-ერთი წამყვანია, ვხედავთ რა შედეგებია. “ოცნების” დროს სიღატაკე არნახული ტემპებით შემცირდა. ისტორიაში პირველად საქართველო გახდა საშუალო-მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყანა საერთაშორისო ინდექსით, სომხეთსა და აზერბაიჯანს გაუსწრო და ა.შ. თითქმის 2 მილიონი მსუბუქი ავტომობილი დადის, ოჯახების რაოდენობა კი ერთი მილიონია, ეს ერთ-ერთი მაღალი მონაცემია. რა უნდა ქნან როგორ უნდა ააგორონ რაღაცა?” - დასძენს მამრაძე.
არჩევნები სომხეთში - “ეს მხოლოდ არჩევნები არაა, “გეოპოლიტიკური რეფერენდუმია”
“სომხეთის საპარლამენტო არჩევნების მოახლოების ფონზე, რუსეთი ეკონომიკურ ზეწოლას აძლიერებს და ერევანს აფრთხილებს, რომ ევროკავშირი სომხეთიდან რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის განდევნას ცდილობს. თავის მხრივ, ევროალიანსი დახმარების გაზრდის გზებს ეძებს. 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე კი, ანალიტიკოსები რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ და ამბობენ, რომ ეს მხოლოდ არჩევნები კი არა, გეოპოლიტიკური რეფერენდუმია. რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებით, “ევროკავშირი სომხეთს ევროინტეგრაციის სავალდებულო წინაპირობად მოსკოვთან საუკუნოვანი რელიგიური და სულიერი კავშირების სრულად გაწყვეტას უყენებს... ევროკავშირი ცდილობს, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ერევან-სომხეთის ეპარქიას საეკლესიო უძრავი ქონებით სარგებლობის უფლება ჩამოართვას და სომხეთის სამოციქულო ეკლესიასთან მისი დიალოგი დაბლოკოს... აპრილში შექმნილი ევროკავშირის პარტნიორობის მისია სომხეთში, ამ პოლიტიკურ-იდეოლოგიური ამოცანის ფარგლებში, რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაზე ბოროტ თავდასხმას ახორციელებს”, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ეს მხოლოდ არჩევნები არაა, “გეოპოლიტიკური რეფერენდუმია” - სომხეთში არჩევნების სავარაუდო შედეგები და შემდგომი სცენარები.
“იქამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა სომხეთიდან კურკოვანი ხილისა და ყურძნის იმპორტზე შეზღუდვები დააწესა. რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარული ზედამხედველობის ფედერალურმა სამსახურმა, “როსსელხოზნადზორმა” განაცხადა, რომ სომხეთიდან კურკოვანი კულტურებისა (ალუბალი, ბალი, გარგარი, ქლიავი, ატამი) და ყურძნის იმპორტზე შეზღუდვები ძალაში 2 ივნისიდან შევა. ამას სომხეთის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს არასწორი ნაბიჯია. “ვთვლი, რომ ეს ნაბიჯები არასწორია, რადგან ისინი ხალხს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წინააღმდეგ განაწყობს და როგორც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მაღალი თანამდებობის პირი, ამას პრობლემად მივიჩნევ. თუმცა, ჩვენ ყველა პრობლემას მოვაგვარებთ”, - აღნიშნა ფაშინიანმა. მისი თქმით, მთავრობა დაიწყებს დახმარების პროგრამებს იმ ბიზნესებისთვის, რომლებიც რუსეთის მიერ სომხურ საქონელზე დაწესებული აკრძალვით დაზარალდნენ. გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, მარტა კოსი კი აცხადებს, რომ ალიანსი სომხეთისთვის ევროკავშირის დახმარების გაზრდის გზებს ეძებს. მარტა კოსი სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრა და გამოხატა სოლიდარობა რუსეთის მხრიდან ეკონომიკური ზეწოლის ფონზე”, - აღნიშნავს გამოცემა.
“სომხეთი სუვერენული და დამოუკიდებელი ქვეყანაა და მის ხალხს თავისუფლად შეუძლია ქვეყნის მიმართულების არჩევა. პროდუქტიული სატელეფონო საუბარი მქონდა შუადღეს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან, რომლის დროსაც კიდევ ერთხელ გამოვხატე სომხეთის მიმართ სოლიდარობა რუსეთის მხრიდან ეკონომიკური ზეწოლის ფონზე. ვეძებთ მოკლე ვადებში სომხეთისთვის ევროკავშირის დახმარების გაზრდის გზებს. ასევე დავაჩქარებთ სამხრეთ კავკასიასთან და სამხრეთ კავკასიაში სავაჭრო და ენერგეტიკული კავშირების გაძლიერებაზე მუშაობას, რაც დაეხმარება სომხეთის ეკონომიკურ კავშირებს უშუალო მეზობლებთან”, - წერს კოსი. სომხეთის საპარლამენტო არჩევნებს ბევრი ანალიტიკოსი ქვეყნისთვის “გეოპოლიტიკურ რეფერენდუმად” აღწერს, რადგან მხოლოდ ერთი საკითხი, ანუ ვინ გაინარჯვებს არ არის დაყენებული. საუბარია იმაზე, ქვეყანა დასავლეთისკენ გააგრძელებს სვლას თუ კვლავ რუსეთის ორბიტისკენ შებრუნდება”, - განაგრძობს გამოცემა.
“ამ ეტაპზე ანალიტიკოსების უმრავლესობა ვარაუდობს, რომ ნიკოლ ფაშინიანი და მისი პარტია დარჩებიან ყველაზე ძლიერ ძალად, თუმცა, ძველი მასშტაბის უპირატესობის მიღწევა გაუჭირდებათ. გამოკითხვებში ისინი ლიდერობენ, მაგრამ ოპოზიციაც საკმაოდ აქტიურია. არჩევნების შემდეგ ყველაზე ხშირად სამ სცენარს განიხილავენ - პირველი ვერსიის მიხედვით, ფაშინიანი ინარჩუნებს ხელისუფლებას. ეს ყველაზე სავარაუდო სცენარად მიიჩნევა. ასეთ შემთხვევაში სომხეთი გააგრძელებს ევროკავშირთან და აშშ-სთან დაახლოებას, შეეცდება აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმების დასრულებას და რუსეთის გავლენის შემცირებას. მეორე - რუსეთი ზეწოლას გააძლიერებს. ანალიტიკოსები ელიან, რომ მოსკოვი შეიძლება ეკონომიკური ბერკეტებით იმოქმედოს - ენერგომატარებლების, ვაჭრობისა და სხვა სფეროების გამოყენებით. მესამე, - შიდა პოლიტიკური კრიზისი. თუ შედეგები ძალიან მჭიდრო იქნება ან ოპოზიცია გაყალბებაზე ისაუბრებს, შესაძლებელია საპროტესტო აქციები და ხანგრძლივი პოლიტიკური დაპირისპირება”, - დასძენს გამოცემა.
“სომხურ პოლიტიკაში უკვე რამდენიმე თვეა მაღალი პოლარიზაციაა, მათ შორის ეკლესიასა და ხელისუფლებას შორისაც. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ბევრი დასავლელი ანალიტიკოსი არჩევნების შემდეგ უფრო მნიშვნელოვან მოვლენად აზერბაიჯანთან სამშვიდობო შეთანხმებასა და შესაძლო საკონსტიტუციო რეფერენდუმს მიიჩნევს. თუ ფაშინიანი გაიმარჯვებს, სწორედ ეს საკითხი შეიძლება გახდეს ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ბრძოლა 2026 წლის მეორე ნახევარში”, - წერს სტატიის ავტორი.