მწერალი და ქართული ენის ციფრული სუვერენიტეტის პროექტის ამბასადორი გიორგი კეკელიძე ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ქართული ენის დაცვისა და სუვერენიტეტის აუცილებლობას უსვამს ხაზს. ის დადებითად აფასებს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ინიციატივას, რომელიც ენის გრამატიკულად გამართულ ათვისებასა და გლობალურ ციფრულ სივრცეში მის ღირსეულ წარდგენას ისახავს მიზნად.
თქვენი აზრით, რამდენად აქტუალურია დღეს ქართულ ენას ციფრული დაცვისა და სუვერენიტეტის საკითხი?
ყველა დროს საკუთარი განმსაზღვრელი ნიშანი აქვს. თანამედროვეობის მთავარი გამოწვევა, უპირატესობა და ზოგჯერ პრობლემათა რიგიც ხელოვნური ინტელექტის ბუმს უკავშირდება. თითქოს მოულოდნელი და წამლეკავი აფეთქება, რეალურად, მასშტაბურ მოსამზადებელ სამუშაოსა და მონაცემთა ბაზის შექმნას უკავშირდება. ჩვენ ამ მხრივ ახლა ვიწყებთ პროცესისთვის მხარის აბმას.
ქართული ენა საუკუნეთა მანძილზე უამრავი წინაღობის დამლევი გენიალური ფენომენია. თუმცა, ბუნებრივია, რომ ყველა გლობალურ მოვლენას მცირერიცხოვანი ხალხის ენებისთვის შესაბამისი მომზადება და სამუშაო სჭირდება.
როგორ შეაფასებთ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროექტს?
ვფიქრობ, ეს არათუ სასურველი, არამედ აუცილებელი პროექტია. ამგვარი წამოწყებები ქვეყნის ისტორიაში ხშირად საეტაპო მოვლენებად იქცევა, საჭიროა მხოლოდ, რომ მცდელობა და მონდომება არ მოვაკლოთ.
რა არის დღეს ყველაზე დიდი პრობლემა, როდესაც ხელოვნური ინტელექტი ქართულად თარგმნის ან წერს? რა გხვდებათ თვალში ყველაზე ხშირად?
ზოგჯერ ვაწყდებით სრულიად გაუმართავ გრამატიკას, ზმნებისა და არსებითი სახელების დამახინჯებულ გამოყენებას, შაბლონურ სტრუქტურებს, სიტყვათა კომბინაციების სიმწირეს, კომპოზიტების უქონლობასა და იდიომების იგნორირებას.
რა საფრთხის წინაშე დავდგებით, თუ ხელოვნური ინტელექტი ქართულ ენას მხოლოდ ზედაპირულად ისწავლის და გრამატიკულ ლოგიკას ვერ ჩაწვდება?
ადამიანთა უმრავლესობა დღეს, კარგია ეს თუ ცუდი, სამყაროს დიდწილად სწორედ ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა მოდელის მეშვეობით ეცნობა. თუ ჩვენ ვერ მოვახერხებთ საკუთარი ენის დროულ და სრულფასოვან ჩართვას ამ პროცესში, ქართველებისთვის კომუნიკაციისა და ცოდნის მიღების მთავარ საშუალებად სხვა რომელიმე ენა იქცევა.
თქვენი აზრით, რამდენად რეალურია საფრთხე, რომ მომავალმა თაობამ ხელოვნური ინტელექტის გავლენით დამახინჯებული ქართულით დაიწყოს საუბარი? რა გამოწვევების წინაშე აყენებს ეს საფრთხე ქართულ ენას?
ცხადია, ეს კიდევ ერთი გამოწვევაა. ენა ცოცხალი ორგანიზმია და მის ბედს ადამიანები განსაზღვრავენ. თუ მოვლენები ამავე ინერციით გაგრძელდა, სასურველი მომავლის მოლოდინი რთული იქნება. ამიტომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ეს პროექტი, შესაძლოა, სასიცოცხლო მნიშვნელობის აღმოჩნდეს.
როგორ ფიქრობთ, როგორ შეცვლის ეს პროექტი გლობალურ ციფრულ სივრცეში ქართული ენის როლსა და პოზიციას? მეორე მხრივ, როგორ დაეხმარება ის რიგით ქართველს, რომელიც საკუთარ საქმიანობაში ხელოვნურ ინტელექტს იყენებს?
ცხადია, ერთი მხრივ, ამგვარი ინიციატივა ჩვენს ენას ამ სივრცეში მსოფლიო ენათა წრეში ღირსეულ ადგილს დაუბრუნებს; მეორე მხრივ კი, უამრავ ქართველ ახალგაზრდას სწორი ენობრივი მოდელის შეთავაზებით, უდიდეს საქმეს გავუკეთებთ.
ქართული ენა დიდი და უნიკალური ენაა და ის აუცილებლად და შესაბამისად უნდა წარდგეს ხელოვნური ინტელექტის ყველა პლატფორმაზე.
(R)