დღეს, ფინეთში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის სოციალური ინკლუზიისა და ადამიანური ღირსების კომიტეტის (SOC) სხდომა იმართება, რომელშიც საქართველოს დელეგაციის წევრი, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი, ზუგდიდის საკრებულოს წევრი ბელა მოსია მონაწილეობს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია “გახარია საქართველოსთვის” ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პარტიის წარმომადგენლები საერთაშორისო პლატფორმებზე აქტიურად მუშაობენ საქართველოს მოქალაქეების ინტერესების, ევროპული ინტეგრაციისა და დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად.
„კომიტეტის დღის წესრიგში განხილულია სოციალური, დემოგრაფიული და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის რეგიონებიდან მოსახლეობის გადინების მიზეზები და სოფლის თემების გაძლიერების გზები, უკრაინელი ლტოლვილების ადგილობრივ საზოგადოებებში ინტეგრაციის პროცესი, ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი პოლიტიკის ფორმირებაში, სოციალური უფლებების დაცვისა და ევროპული სოციალური ქარტიის განხორციელების საკითხები, ასევე ადამიანის ღირსებისა და სოციალური ინკლუზიის უზრუნველყოფის მექანიზმები ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე.
კომიტეტის წევრი, ბელა მოსია მონაწილეობს იმ პოლიტიკისა და რეკომენდაციების შემუშავებაში, რომლებიც ევროპის მასშტაბით სოციალური სამართლიანობის, თანასწორობისა და მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.
„გახარია საქართველოსთვის“ მიიჩნევს, რომ სოციალური პოლიტიკა, ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობა და მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობა დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს განვითარების აუცილებელი საფუძველია. სწორედ ამიტომ, პარტიის წარმომადგენლები საერთაშორისო პლატფორმებზე აქტიურად მუშაობენ საქართველოს მოქალაქეების ინტერესების, ევროპული ინტეგრაციისა და დემოკრატიული ღირებულებების დასაცავად.
ბელა მოსია ასევე არის ევროპის საბჭოს კონგრესის სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეების პოლიტიკური ჯგუფის წევრი”, - ნათქვამია ინფორმაციაში.