თბილისის საკრებულოს ენიჭება უფლებამოსილება, დაუმთავრებელი მშენებლობებისა და ავარიული სახლების დასრულება/ჩანაცვლების მიზნით, საპროექტო ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების მოჭრა-გადარგვის საკითხზე განსხვავებული რეგულაციები დაადგინოს.
ამას “ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელსაც პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს.
აღნიშნულ კანონში ამ მიმართულებით კიდევ ერთი ცვლილება შედის. კერძოდ, კანონის მოქმედი რედაქციით, მწვანე ნარგავების ჭრის ერთ-ერთი საფუძვლად განსაზღვრულია, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში, მოსაჭრელი ხეების რაოდენობა შესაბამის ტერიტორიაზე არსებული მერქნიანი მცენარეების 25%-ს არ უნდა აჭარბებდეს. აღნიშნული ჩანაწერი ტერიტორიაზე არსებულ ყველა მერქნიან მწვანე ნარგავს გულისხმობს.
აღნიშნულ მუხლი კორექტირდება და კანონში იწერება, რომ მოსაჭრელი ჯანსაღი მწვანე ნარგავების რაოდენობა შესაბამის ტერიტორიაზე არსებული ჯანსაღი მწვანე ნარგავების 25%-ს არ უნდა აჭარბებდეს, რომელშიც არ ითვლება ხილ-კენკროვანი, ბუჩქოვანი და არამერქნიანი მცენარეები, აგრეთვე არაუმეტეს 12 სმ დიამეტრის მქონე შემდეგი სახეობის მწვანე ნარგავები: აილანთუსი (ხემყრალა), თუთა, აკაცია (რობინია), კერლეუტერია, იუდას ხე (არღავანი), დიადი ბოყვი, გლედიჩია, იასამანი, ამერიკული ნეკერჩხალი.
“კანონპროექტის მიღების უმთავრესი ამოცანაა, რომ დაინტერესებულმა პირებმა შესძლონ მათ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების სამშენებლო განვითარება იმგვარად, რომ არ დაირღვეს ბალანსი ეკოლოგიურ წონასწორობასა და საკუთრებით სარგებლობას შორის. აღნიშნული რეგულაციები წარმოშობს უფლებამოსილებას ჯანსაღი ნარგავები მოიჭრას გარკვეული პირობების დაცვით და რაც მთავარია, კანონპროექტის მიღება უზრუნველყოფს საკანონმდელო ნორმებისა და პრაქტიკაში არსებული მიდგომების ჰარმონიზაციას. ასევე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეძლევა უფლებამოსილება, დააწესოს განსხვავებული რეგულაციები დაუმთავრებელი და ავარიული მშენებლობების დასრულების/ჩანაცვლების ხელშესაწყობად”, - ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.