16, 17 და 18 ივნისს „წისქვილის თეატრი“ მაყურებელს ახალ მუსიკალურ კომედიას - „ჭირვეულის მორჯულება ანუ Felicità“ წარუდგენს.
როგორც „წისქვილი ჯგუფის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, წარმოდგენა უილიამ შექსპირის ცნობილი პიესის „ჭირვეულის მორჯულების“ მოტივებზეა შექმნილი და შექსპირისეულ სიუჟეტთან ერთად კასტელანოსა და პიპოლოს ლეგენდარული იტალიური ფილმის ელემენტებს აერთიანებს.
მუსიკალური კომედია „წისქვილი ჯგუფის“ მხარდაჭერით შეიქმნა. სპექტაკლის იდეისა და ინსცენირების ავტორები ზაალ ჩიქობავა და თეა ყიფშიძე არიან.
„ჩვენი მიზანი იყო შეგვექმნა მიუზიკლი, რომელიც მაყურებელს პირველივე წუთიდან სიყვარულის, იუმორისა და მუსიკის სამყაროში გადაიყვანდა. შექსპირის უკვდავი ისტორია და ყველასთვის საყვარელი იტალიური კინოს ატმოსფერო ერთმანეთს ისე დავაკავშირეთ, რომ მაყურებლისთვის ახლობელი, ემოციური და ცოცხალი სანახაობა მიგვეღო. მიხარია, რომ „წისქვილის თეატრი“ მაყურებელს კიდევ ერთ ახალ გამოცდილებას სთავაზობს - წარმოდგენას, სადაც სცენაზე განვითარებული ამბავი, ცოცხალი მუსიკა და გასტრონომია ერთ მთლიან სანახაობად ერთიანდება. ვფიქრობ, „Felicità“ სწორედ ის სიტყვაა, რომელიც ყველაზე ზუსტად გამოხატავს ამ საღამოს მთავარ ემოციას - ბედნიერებას“, - აცხადებს დამდგმელი რეჟისორი ზაალ ჩიქობავა.
მიუზიკლის მთავარი გმირები არიან იტალიელი ფერმერი ელია სორჩინელი და ლიზა არმანი, რომელთა როლებს გიგი დედალამაზიშვილი და თინათინ წულაძე ასრულებენ.
სპექტაკლში ასევე მონაწილეობენ მარიკო ებრალიძე, ანა ქურთუბაძე, ანდრია გველესიანი, ალექსანდრე ბეგალიშვილი და თეატრის მსახიობებისა და მოცეკვავეების დასი.
წარმოდგენა ცოცხალ მუსიკას, ქორეოგრაფიასა და პოპულარულ იტალიურ ჰიტებს აერთიანებს. ქორეოგრაფიაზე გიორგი ტორიაშვილმა იმუშავა, ხოლო სიმღერების ქართული ტექსტების ავტორები ირინა სანიკიძე და თეა ყიფშიძე არიან. ვოკალის პედაგოგი კი თამუნა არჩვაძეა.
„წისქვილის თეატრის“ ინფორმაციით, წარმოდგენას სპეციალურად ამ საღამოსთვის შექმნილი მენიუც ახლავს. ბრენდ შეფ ალექს ნათაძის მიერ შექმნილი ვახშამი აპეტაიზერს, ხემსს, მთავარ კერძსა და დესერტს მოიცავს. სტუმრებს არჩევანის გაკეთება კლასიკურ და ვეგანურ სეტ-მენიუს შორის შეეძლებათ.
„პრემიერის შემდეგ მიუზიკლი რეპერტუარში დარჩება და მისი ნახვა მაყურებელს მთელი წლის განმავლობაში, სპეციალურად განსაზღვრულ თარიღებში შეეძლება. ივნისში წარმოდგენები 16, 17, 18 და 30 ივნისს გაიმართება, ივლისში კი — 9 და 14 რიცხვებში. სეზონი სექტემბრიდან განახლდება, ხოლო ბილეთების შეძენა ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი ვებგვერდზე teatri.ge“, - აცხადებს „წისქვილი ჯგუფის“ მარკეტინგის ხელმძღვანელი ანანო თავხელიძე.
(R)