ფიტნეს-კლუბ “რეფორმერის” დამფუძნებელი - მივიღე გადაწყვეტილება მეწარმე იურიდიული პირისთვის პოლიტიკური აქტივობის აკრძალვაზე კანონი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრო

ფიტნეს-კლუბ “რეფორმერის” დამფუძნებელი, გიორგი ფუტკარაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს.

კერძოდ, ფუტკარაძე საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს კანონს, რომელიც მეწარმე სუბიექტებისთვის საჯარო პოლიტიკური აქტივობების აკრძალვას ეხება.

სარჩელს ის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 10 ივნისს, 12:00 საათზე შეიტანს.

ბიზნესმენის თქმით, რა დროც არ უნდა დასჭირდეს სარჩელის განხილვას ან როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნას მიღებული სასამართლოს მიერ, არ აპირებს თვითცენზურას, თუმცა „უაღრესად მნიშვნელოვანია“ საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი პოზიცია საკითხზე, რათა პროცესი ისტორიას დარჩეს.

„ძვირფასო საზოგადოებავ,

როგორც იცით, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შემზღუდავ სხვა უამრავ კანონთან ერთად, 2026 წლის 4 მარტს ხელისუფლებამ დაჩქარებული წესით კიდევ ერთი ცვლილება განახორციელა, ამჯერად უკვე მეწარმე სუბიექტების მისამართით. კერძოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს დაემატა 153¹³-ე მუხლი, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსს — 355³-ე მუხლი.

აღნიშნული ცვლილებები, თავად ავტორთა განმარტებით, გულისხმობს მეწარმე იურიდიული პირისთვის საჯაროდ ისეთი პოლიტიკური აქტივობის განხორციელების აკრძალვას, რომელიც მის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის და მიმართულია საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოსახდენად, ანდა საქართველოს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის ჩამოყალიბების, გატარებისა და შეცვლისკენ. კანონის დარღვევის შემთხვევაში კი გათვალისწინებულია როგორც დიდი ოდენობით ფინანსური სანქციები, ისე კომპანიის ლიკვიდაცია და მეწარმის პატიმრობა.

მიმაჩნია, რომ ბიზნესი, როგორც ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი, გარდა მოგებაზე ორიენტირებული სამეწარმეო საქმიანობისა, აქტიურად უნდა მონაწილეობდეს დემოკრატიულ პროცესებში. გამოხატვის თავისუფლებისა და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში იგი უნდა ახდენდეს გავლენას საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, აფიქსირებდეს საკუთარ პოზიციას და რეაგირებდეს ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ მოვლენებზე, თავისუფლად გამოთქვამდეს ხელისუფლების კრიტიკას, მომხმარებლის წინაშე ანგარიშვალდებულების ფარგლებში მოქმედებდეს და განკარგავდეს თავის ინტელექტუალურ თუ ფინანსურ რესურსებს საკუთარი შეხედულებებისა და ღირებულებების შესაბამისად.

საკანონმდებლო ცვლილებების ინტერპრეტაციის ფართო დიაპაზონი, ბუნდოვანება და ლეგიტიმური მიზნის დაუსაბუთებლობა სამართალდამცავ სისტემას აძლევს შეუზღუდავ ბერკეტს, ნებისმიერი მეწარმე სუბიექტის მიმართ გაატაროს სადამსჯელო ღონისძიებები და იმოქმედოს შერჩევითად, საკუთარი შეხედულებისამებრ, ანგარიშსწორების მიზნით. ეს ყოველივე მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს როგორც კონსტიტუციით დაცულ ფუნდამენტურ უფლებებს, ისე მკვეთრად გააუარესებს საერთო ბიზნესგარემოს და ავნებს სახელმწიფოს.

სწორედ ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება აღნიშნული მუხლების კონსტიტუციურობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გავასაჩივრო და მოვითხოვო მათი გაუქმება.

ცხადია, რა დროც არ უნდა დასჭირდეს სარჩელის განხილვას ან როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნას მიღებული სასამართლოს მიერ, მე არ ვაპირებ მივმართო თვითცენზურას. თუმცა, უაღრესად მნიშვნელოვანია მოვისმინოთ საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ეს პროცესი ისტორიას შემოვუნახოთ.

ამ პროცესში ჩემ გვერდით არიან თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია და ადვოკატი ვასილ ჟიჟიაშვილი ამავდროულად, მოვუწოდებ კოლეგებს, ბიზნესასოციაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას, გაერთიანდნენ ამ სამართლებრივი დავის გარშემო, რადგან თავისუფალი მოქალაქე და თავისუფალი ბიზნესი არის თავისუფალი სახელმწიფოს საძირკველი!

უფრო დაწვრილებით აღნიშნულ სარჩელზე ვისაუბრებთ ხვალ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან. 12:00.“, - წერს განცხადებაში ფუტკარაძე.

სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო, მაგრამ გაიმარჯვა, მთავრობის დაკომპლექტებისა და ევროპასთან ინტეგრაციული პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2026
სოკარმა Italiana Petroli-ს შეძენის პროცესი დაასრულა
სილქ+ ახალ პაკეტებში ყველაზე პოპულარული მობილური პირობები გაერთიანდა
მსოფლიოში პირველი Rotana-ს მთის კურორტი გუდაურში აშენდება
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა