უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხე რეალურია, - ამის შესახებ „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ განაცხადა, რითაც უვიზო რეჟიმზე 11 ივნისს დაგეგმილ ევროკავშირ-საქართველოს დიალოგს ეხმაურება.
„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ პაატა დავითაიამ განაცხადა, რომ თუ ევროკავშირმა საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმი გააუქმა, ამის აღდგენას წლები დასჭირდება ხელისუფლების ცვლილების შემდეგაც კი.
„ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია ამ თემასთან დაკავშირებით და ყოველთვის ვაფრთხილებდი ხელისუფლებას, რომ რეკომენდაციების შეუსრულებლობამ, შეიძლება, საფრთხის წინაშე დააყენოს უვიზო მიმოსვლის თემა. რატომ მოვედით ამ წერტილამდე? რა არის ევროკავშირი, სადაც ჩვენ ვისწრაფით და კანდიდატი ქვეყანა ვართ? ესაა ქცევის წესები ოჯახში და ჩვენ გამოვხატეთ სურვილი, რომ ამ ქცევის წესებით ვაპირებთ ცხოვრებას. ამდენი წელი ამისკენ ვისწრაფოდით, მივედით, კარი გავაღეთ და უცებ ამ გაღებულ კარში ვიძახით: „იცი, რა ჩვენ ჩვენი წესებით მოვდივართ აქ“. ვინმეს თუ ახსოვს 9 პუნქტი? არცერთი არ შესრულდა და ევროკომისიამ დააფიქსირა, რომ ეს არ შესრულებულა.
11 ივნისს არის ტექნიკური განხილვა, მაგრამ არის მზადება დეკემბრის სხდომისათვის. ოქტომბერში ასევე ტარდება ევროკომისიის სხდომა, საბოლოოდ დამტკიცდება იქ და იქიდან წავა რეკომენდაცია ევროპის საბჭოზე - ან მოიხსნას, ან არ მოიხსნას.
მიმაჩნია, რომ ევროკავშირი დაუშვებს სერიოზულ შეცდომას, თუ საქართველოს შეუჩერებს უვიზო მიმოსვლას. ევროჩინოვნიკები ხომ დარწმუნდნენ, რომ ქართველი ხალხი რუსთაველზე დგას. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც სულ იბრძვის, იმედი აქვს და უცებ ევროკავშირი [უვიზო მიმოსვლას გაუუქმებს]. წლები დასჭირდება ამის აღდგენას ხელისუფლების ცვლილების შემდეგ.
ველოდები, რა დოკუმენტი დაიდება 11 ივნისს, რის შემდეგაც ჩვენი პოლიტიკური პარტია აპირებს ყველასთან, ვისთანაც კი კონტაქტი გვაქვს, ჩასვლას და პირდაპირ საუბარს, რომ რაოდენ ცუდი ხელისუფლებაც არ უნდა იყოს, ქართველი ხალხი არ იმსახურებს უვიზო მიმოსვლის შეჩერებას. ეს იქნება დარტყმა ყველა მოქალაქის მიმართ, ვინც ევროპისკენ იყურება “, - განაცხადა პაატა დავითაიამ.