ტატა ხვედელიანი უმრავლესობას - სახელმწიფო ინსტიტუტები ხალხს არ ემსახურებიან - ისინი მხოლოდ თქვენი პარტიის და საპატიო თავმჯდომარის ინტერესებს ემსახურებიან

დღეს სახელმწიფო ინსტიტუტები ხალხს არ ემსახურებიან - ისინი მხოლოდ თქვენი პარტიის და საპატიო თავმჯდომარის ინტერესებს ემსახურებიან, - ამ განცხადებით ფრაქცია “საქართველოსთვის“ დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა “ქართულ ოცნებას“, პარლამენტში რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვისას მიმართა.

მან “პრობლემური“ უწოდა პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენასთან დაკავშირებულ ცვლილებას, რომლის მიხედვით, პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, სესიაზე სიტყვით გამოსვლები აღარ გაიმართება.

“პრეზიდენტის ანგარიში იმ ფორმით, რა ფორმითაც ამჟამად ხორციელდება, შესაძლებლობაა ჩვენთვის - ერთადერთი საპარლამენტო ოპოზიციური ძალისთვის - პრეზიდენტის მიერ გადადგმული ნაბიჯები შევაფასოთ და პრობლემური საკითხების აქტუალიზება მოვახდინოთ. ის აძლიერებს პარლამენტის ანგარიშვალდებულებასა და პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე.

აქ ნამდვილად ვერ გამოდგება ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითი. უნდა აცნობიერებდეთ იმ გამოწვევებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში “ოცნების” პირობებში დადგა დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, თავისუფალი მართლმსაჯულებისა და, ზოგადად, სახელმწიფო ინსტიტუტების თავისუფლების მიმართულებით”, - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

ფრაქცია “საქართველოსთვის“ წევრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევის პროცედურის ცვლილებაც გააკრიტიკა. ხვედელიანის შეფასებით, ბორდის წევრების შესარჩევი ღია კონკურსის წესის გაუქმება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან საზოგადოების კიდევ უფრო მეტად გარიყვას ემსახურება.

“საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს ავალდებულებს, უზრუნველყოს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა. ეს გულისხმობს პოზიტიურ ვალდებულებას, როგორც სამართლებრივი, ისე ფაქტობრივი მექანიზმებით აღსრულდეს აღნიშნული კონსტიტუციური დებულება.

სწორედ ამ პრინციპიდან გამომდინარე, “მაუწყებლობის შესახებ“ კანონით დადგინდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო კონსტიტუციური ორგანოებისა და საპარლამენტო სუბიექტების მიერ კომპლექტდება.

კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის მთავარი ამოცანა სამეურვეო საბჭოს წევრთა ნეიტრალიტეტისა და ობიექტურობის უზრუნველყოფაა, თუმცა წარმოდგენილი ცვლილება ამ კონსტიტუციურ ფუნქციას პოლიტიკურ პრივილეგიად აქცევს, რაც აკნინებს მის არსს და ნებისმიერ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც გამოეყო ან გამოეყოფა სახელისუფლებო ფრაქციას, კანდიდატის წარდგენის შესაძლებლობას აძლევს.

საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ეკუთვნის და მიუკერძოებელი უნდა იყოს, ამ ცვლილებით ცალკეული პოლიტიკოსების პირად ინსტრუმენტად იქცევა. მიდგომა, რომელსაც თქვენ გვთავაზობთ, ემსახურება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან საზოგადოების კიდევ უფრო მეტად გარიყვას“, - განაცხადა ტატა ხვედელიანმა. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება