აშშ-თან გადატვირთვის პოლიტიკა ვერ ამუშავდება მანამდე, სანამ ივანიშვილი არ გაათავისუფლებს ყველა პოლიტიკურ პატიმარს. არ შეწყვეტს რეპრესიული პროკურატურის მიერ მედიის, ჟურნალისტების, აქტივისტების ადა პოლიტიკოსების დევნას, - ამის შესახებ “ძლიერი საქართველო - ლელოს” გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
მან Freedom House-ის პოლიტიკისა და ადვოკატირების დირექტორის, კეტი ლაროქის განცხადება შეაფასა, რომლის თქმით, აშშ-მა საქართველოსთან ურთიერთობა არ უნდა გადატვირთოს პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე.
კუპრაძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილს დასავლეთთან თანამშრომლობა არ უნდა.
“გადატვირთვა ვერ მოხდება მანამ, სანამ არ შეიცვლება და არ გაუქმდება ის ძალადობრივი რუსული კანონები, რომელმაც შეზღუდა როგორც პოლიტიკური, ასევე სამოქალაქო და მედია საქმიანობა. ეს ორი მოთხოვნა - კანონების გაუქმება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება არის ძირითადი და ამ ყველაფრის გარეშე, არანაირი გადატვირთვა არ იქნება, როგორ ილუზიასაც არ უნდა უქმნიდნენ ივანიშვილს მის გარშემო მყოფი პატარა ბიჭები და გოგოები, რომლებიც რეალურად, მას ატყუებენ, ჩიხში შეჰყავთ და ამ ჩიხში ივანიშვილი ძალიან მძიმე მარცხით დაასრულებს. ცხადია, ივანიშვილს დასავლეთთან თანამშრომლობა არ უნდა. შეუძლებელია გინდოდეს თანამშრომლობა დასავლურ სამყაროსთან, შტატებთან, ევროკავშირთან და პარალელურად, შეურაცხყოფას აყენებდე, იღებდე ანტიდასავლურ გადაწყვეტილებებს, ქმნიდე ისეთ პოლიტიკას, სადაც ელჩები თავდასხმის მსხვერპლი არიან. ცხადია, ამ ვითარებაში ივანიშვილს არჩევანი გაკეთებულია რუსულ-ირანულ-ჩინურ ვექტორზე. ევროკავშირთან და აშშ-თან თანამშრომლობის პერსპექტივა კვდება და ნულს უახლოვდება”, -განაცხადა კუპრაძემ.
ცნობისთვის, Freedom House-ის პოლიტიკისა და ადვოკატირების დირექტორის, კეტი ლაროქის განცხადებით, აშშ-მა საქართველოსთან ურთიერთობა არ უნდა გადატვირთოს პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე.
როგორც ის აღნიშნავს, ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება ტრამპის ადმინისტრაციასთან კავშირების გაუმჯობესების სურვილის სიგნალებს აგზავნის, “თუმცა მაშინ, როდესაც “ქართული ოცნება” შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე მუშაობს, მათ კავშირების გააფართოვეს კოლეგებთან ჩინეთში.