ევროპა აგრძელებს გაფართოებას და მიუხედავად რუსეთის მცდელობისა, რომ ევროკავშირი, ნატო და დასავლეთი დასუსტდეს, რაც იყო უკრაინაში აგრესიული ომის დაწყების უმთავრესი მიზანიც, ეს გეგმა პუტინს ჩაუვარდა - საქართველო დღეს არის აბსოლუტურად გამორიცხული ამ პროცესიდან, არ არსებობს ევროპის კონტინენტზე არც ერთი სხვა სახელმწიფო საქართველოს გარდა, რომელსაც ასე მზაკვრულად ეღალატა ევროკავშირში გაწევრიანების სურვილისა და დანაპირებისთვის, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა არმაზ ახვლედიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
ამასთან, პოლიტიკოსის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მხრიდან იმის თქმა, რომ ევროკავშირი ისეთი აღარ არის როგორიც წარსულში და რომ ის ჩამოშორდა დემოკრატიულ ღირებულებებს, არის არსით კრემლისტური პროპაგანდა, რომელსაც ძირითადად პუტინის გარემოცვა იყენებს და მას ზედმიწევნით იმეორებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება.
„უმნიშვნელოვანესი ამბავი ხდება დღეს ევროპაში, იმიტომ, რომ უკრაინისთვის და მოლდოვისთვის კარის გახსნა ევროკავშირის მიერ, ნიშნავს არა მხოლოდ წარმოუდგენლად ახალ შესაძლებლობებს ამ ორი ქვეყნისთვის, არამედ ნიშნავს იმას, რომ ევროპა აგრძელებს გაფართოებას. ომში მყოფი ქვეყანა ახერხებს, რომ იკისროს ვალდებულებები ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და სცადოს ამ ვალდებულებების პირნათლად შესრულება, აღარაფერს ვამბობ მოლდოვაზე. ამ ფონზე, საქართველო, სადაც გვეზეიმებოდა რამდენიმე წლის წინ სტატუსის მიღება და ვიყავით მეტ-ნაკლებად იმედით, რომ ამ გზაზე აღარაფერი დაგვაბრკოლებდა, დღეს არის აბსოლუტურად გამორიცხული პროცესიდან. არ არსებობს ევროპის კონტინენტზე არც ერთი სხვა სახელმწიფო საქართველოს გარდა, რომელსაც ადრე გასჩენოდა სურვილი, მიზანი, პრეტენზია, რომ ყოფილიყო ევროპული ოჯახის წევრი და შემდეგ ასე მზაკვრულად ეღალატა ამ შეთანხმებისთვის, ამ სურვილისა და დანაპირებისთვის.
ივანიშვილ-კობახიძის „ოცნების“ პროპაგანდა ევროკავშირთან მიმართებით არის არსით კრემლისტური, რუსული ხასიათის. მხოლოდ პუტინის გარემოცვა საუბრობს ასე ევროპასა და დასავლეთზე და ერთი ერთში იმეორებს ამას ივანიშვილ-კობახიძის დაჯგუფება. ევროპა არათუ არ შეცვლილა, არამედ ამ წარმოუდგენელ კატაკლიზმებში და დაპირისპირებაში, რაც დღეს, მათ შორის, ევროპის კონტინენტზეა, ევროკავშირი ახერხებს, რომ გაძლიერდეს, გაითვალისწინოს საკუთარი შეცდომები და გამოცდილებაც, ამის მაგალითია ორბანი, რომ ასეთი რაღაც არ განმეორდეს და ევროკავშირი არ შეფერხდეს ცალკეული თავკერძა პოლიტიკური ლიდერების ამბიციების თუ გადაწყვეტილებების გამო“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ ევროკავშირში „ორბანის ეფექტის“ თავიდან ასაცილებლად შესაბამისი საგარანტიო მექანიზმების ჩადება ევროპის კავშირის გადაწყვეტილების მიმღებ პროცედურებში ძალიან მნიშვნელოვანია.
„რომ არ გამოჩნდეს რომელიმე ცხელი თავი ევროკავშირის, რომელიმე წევრ სახელმწიფოში, პოპულისტი პოლიტიკოსი, რომელიც დაიწყებს შანტაჟს ევროპული ფასეულობებით და ბინძურ ვაჭრობას, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ შესაბამისი საგარანტიო მექანიზმების ჩადება ევროპის კავშირის გადაწყვეტილების მიმღებ პროცედურებში იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
მან, ამასთან, განმარტა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ევროატლანტიკური მისწრაფებების დასაცავად „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ სანქციების დაწესების შემაფერხებელი ფაქტორი, უნგრეთის პრეზიდენტის სახით აღარ არსებობს, თუმცა პოლიტიკოსი აქვე ამბობს, რომ ვერც ერთი სანქცია ვერ იქნება ეფექტური, სანამ ქვეყანაში ოპოზიცია არ გამოფხიზლდება.
„ევროკავშირი და მისი ხელმძღვანელობა რა ხანია აცნობიერებს, რომ ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის ევროპული მისწრაფებების დაცვაა საჭირო და ამ გზაზე ივანიშვილის მიერ გადადგმული ანტიევროპული და ანტიდემოკრატიული ნაბიჯები აიძულებს ბრიუსელს, რომ მიიღოს შესაბამისი ზომები. სანქციების პოლიტიკა, როგორც ჩანს, დღემდე არ არის ეფექტური და ამის ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი რომ ორაბანი იყო, ცხადზე ცხადია. დღეს ეს პრობლემა მოგვარებულია. მაგრამ, უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ევროკავშირის მიერ სანქციები, პირველ რიგში, მიემართება საქართველოს დღევანდელ რეჟიმს. რაც შეეხება ქართველ ხალხს, ევროპელი ლიდერები ყოველთვის ამხნევებენ ქართველ ხალხს იმ გზაზე, ჩვენ რომ ავირჩიეთ ბრძოლისთვის, ეს არის გზა თავისუფლების და დემოკრატიის, მაგრამ მოდით ვაღიაროთ, რომ არც ერთი სანქცია არ იმუშავებს ეფექტურად, არც ამერიკული და არც ევროპული, თუ საქართველოში არ გამოფხიზლდა პოლიტიკური ოპოზიციური ველი, რომელიც მიძინებულ მდგომარეობაშია“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
ის დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილთან ერთად, საქართველოს ევროპული პერსპექტივა არ აქვს.
„ყველაფერი, რაც განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში ხდება „ოცნების“ მხრიდან ევროპული პერსპექტივის საწინააღმდეგოდ, მეტყველებს მხოლოდ იმაზე, რომ სრული შეუსაბამობაა ივანიშვილ-კობახიძის მიერ არჩეულ პოლიტიკურ გეზს, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სურვილებს, მისწრაფებებსა და ევროკავშირის და მთავარი ევროპული წარმატებული სახელმწიფოების ინტერესებს შორის ჩვენთან მიმართებით. რაც შეეხება დემოკრატიულობის ხარისხის კრიტიკას პაპუაშვილის მხრიდან, ვფიქრობ, რომ ეს სასაცილოცაა, დემაგოგიაა. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ივანიშვილმა რა ხანია გადაწყვიტა, დარჩეს, იბატონოს, მისი კორუფციული სქემები გაასმაგოს, შესაბამისად, ამ მიზნებს ეწინააღმდეგება ევროპასთან კონტაქტები. ჩვენ ვხვდებით, რომ ფუნდამენტური აცდენაა ივანიშვილის გეგმებს, ზრახვებს შორის და ნორმალურობის გზას შორის. ივანიშვილთან ერთად ევროპული პერსპექტივა საქართველოს არ აქვს“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
რაც შეეხება საქართველოში სერბეთის პრეზიდენტის ვიზიტს, პოლიტიკოსი აცხადებს, რომ „იმ ფონზე, როდესაც საქართველოს დღევანდელ რეჟიმს აღარსად წაესვლება და ვიზიტები შემოიფარგლება ცენტრალური აზიით უკეთეს შემთხვევაში, რა თქმა უნდა შუაგული ევროპიდან სერბეთის პრეზიდენტის ჩამოსვლა დიდი ზეიმია „ოცნებისთვის“.
„მაგრამ აქვე ყველას შევახსენებ, ვისაც ეზეიმება, რომ თავად პრეზიდენტ ვუჩიჩს დიდი პრობლემები აქვს სერბეთში. ჩვენ უნდა ვხვდებოდეთ, რომ საქართველოს ერთადერთი გზაა არა ნახევრად დემოკრატიულ ან კითხვის ნიშნის ქვეშ მყოფ პოლიტიკურ რეჟიმებთან ურთიერთობა, არამედ წელში გამართულ, დემოკრატიას რომ სრულად და უპირობოდ აღიარებენ და სამართლებრივი სახელმწიფო რომ უალტერნატივო მოცემულობაა, ასეთ წარმატებულ ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებთან ურთიერთობა“, - აღნიშნა ახვლედიანმა.