„საქართველოს რკინიგზის“ საქმეზე დაკავებული ანზორ ჯამალაშვილის ადვოკატი - ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ ჰქონდა სატვირთო მანქანები და ვისაც შეუთანხმდებოდა, მიაქირავებდა, საიდან მოჰქონდათ ჯართი, მის კომპეტენციაში არ შედიოდა

სუს-ის ანტიკორუფციული სამსახურის მიერ დაკავებული ერთ-ერთი პირის, ანზორ ჯამალაშვილის ადვოკატის, გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, ანზორ ჯამალაშვილი ირწმუნება, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ტრაილერების და სატვირთოების გაქირავებით იყო დაკავებული.

„ინტერესით ველოდებით მასალების გადმოცემას, რადგან როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, მას გააჩნდა სატვირთო მანქანები, ვისაც დაურეკავდა და შეუთანხმდებოდა, მას მიაქირავებდა. საიდან მოჰქონდათ ჯართი თუ ლითონები და როგორ აბარებდნენ, ეს მის კომპეტენციაში არ შედიოდა. აქედან გამომდინარე, არც კავშირი ჰქონდა რკინიგზის ხელმძღვანელობასთან. ჩვენ ველოდებით ბრალის მასალებს, იქ გამოჩნდება რა დოკუმენტებია ან ჩვენებები. ალბათ, ძალიან მალე გვექნება. როგორც მეუბნებიან, 40 ტომია. წლებია ამ საქმის გამოძიება მიმდინარეობს“,- განაცხადა ადვოკატმა.

გელა ნიკოლაიშვილის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ საქმის ფარგლებში დაკავებულების ნაწილს იცნობდა მხოლოდ.

„როდესაც ადამიანი ჯართის ბიზნესით არის დაკავებული, თან წლების განმავლობაში, ისინი ყველა ერთმანეთს იცნობენ. მთავარია, მათ შორის იყო რაიმე კანონსაწინააღმდეგო თუ კანონშესაბამისი ურთიერთობები. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამტკიცებს, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია“, - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

ცნობისთვის, სუს-ის ანტიკორუფციული სამსახურის მიერ დაკავებულ 6 და ძებნაში მყოფ 2 პირს, მათ შორის, „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, დავით ფერაძეს ბრალდება დღეს წარედგინება.

დაკავებული პირები არიან: ანზორ ჯამალაშვილი, რევაზ რევაზიშვილი, გიორგი კურტანიძე, მალხაზ ომარაშვილი, გიორგი მარუქაშვილი, ალექსანდრე ტორიაშვილი. ძებნაში იმყოფება დავით ფერაძე და კიდევ ერთი პირი.

ცნობისთვის, სუს-ის ანტიკორუფციულმა სამსახურმა სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და კიდევ 7 პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. მათგან 2-ზე, მათ შორის დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა, დანარჩენები კი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 25, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენისა და მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების განხორციელების მიზნით.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც ავტორიტარიზმს ვერ ეგუება, მაგრამ, დემოკრატიულად მართვის სისტემის შექმნის არც უნარი და არც ნება ჯერ არ აღმოაჩნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში
მსოფლიო ჩემპიონატის საკულტო მომენტები, რომლებიც „კოლორპაკმა“ და „ნიკორამ“ 11 განსხვავებულ შეფუთვაზე გააცოცხლეს
Mastercard Economics Institute-მა თბილისში ტურიზმისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა