ე.წ. რკინიგზის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი - გიორგი კურტანიძე ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს - მას ნამდვილად ჰქონდა შპს, თუმცა დანაშაულებრივ საქმიანობაში მონაწილეობას უარყოფს

სუს-ის ანტიკორუფციული სამსახურის მიერ „საქართველოს რკინიგზის“ საქმეზე დაკავებულ ერთ-ერთ პირს, გიორგი კურტანიძეს ბრალი წარედგინა.

ადვოკატ დიანა გვიშიანის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალად ედება ორგანიზებული თაღლითობა, ყალბი ანგარიშფაქტურის შექმნა და ფულის გათეთრება.

“ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. ამ ეტაპზე იყენებს კანონით მინიჭებულ დუმილის უფლებას. ძალიან დიდი მოცულობის არის საქმე, თითქმის 50 ტომია. დეტალურად გაცნობა ვერ მოვასწარით, თუმცა საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, ბრალთან მიმართებით ჩვენი პოზიცია გვექნება. ბრალად ედება ორგანიზებული თაღლითობა, ყალბი ანგარიშფაქტურა და ფულის გათეთრება”, - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, გიორგი კურტანიძე მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში რაიმე სახით მონაწილეობას უარყოფს.

“მას ნამდვილად ჰქონდა შპს და ნამდვილად იყო მისი დირექტორი, თუმცა დანაშაულებრივ საქმიანობაში მონაწილეობას უარყოფს”, - განაცხადა დიანა გვიშიანმა.

ცნობისთვის, სუს-ის ანტიკორუფციული სამსახურის მიერ დაკავებულ 6 და ძებნაში მყოფ 2 პირს, მათ შორის, „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილ გენერალურ დირექტორს, დავით ფერაძეს ბრალდება დღეს წარედგინება.

დაკავებული პირები არიან: ანზორ ჯამალაშვილი, რევაზ რევაზიშვილი, გიორგი კურტანიძე, მალხაზ ომარაშვილი, გიორგი მარუქაშვილი, ალექსანდრე ტორიაშვილი. ძებნაში იმყოფება დავით ფერაძე და კიდევ ერთი პირი.

ცნობისთვის, სუს-ის ანტიკორუფციულმა სამსახურმა სააქციო საზოგადოება „საქართველოს რკინიგზის“ ყოფილი გენერალური დირექტორი დავით ფერაძე და კიდევ 7 პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა. მათგან 2-ზე, მათ შორის დავით ფერაძეზე ძებნა გამოცხადდა, დანარჩენები კი თბილისში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 25, 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენისა და მათ მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების განხორციელების მიზნით.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც ავტორიტარიზმს ვერ ეგუება, მაგრამ, დემოკრატიულად მართვის სისტემის შექმნის არც უნარი და არც ნება ჯერ არ აღმოაჩნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში
მსოფლიო ჩემპიონატის საკულტო მომენტები, რომლებიც „კოლორპაკმა“ და „ნიკორამ“ 11 განსხვავებულ შეფუთვაზე გააცოცხლეს
Mastercard Economics Institute-მა თბილისში ტურიზმისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა