საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს

საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩი, გარეთ უორდი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან, გიორგი ზურაბაშვილთან შეხვედრაზე იქნა მოწვეული, - ამის შესახებ ინფორმაციას თავად საგარეო უწყება ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე, საუბარი შეეხო საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების რეჟიმების დაცვის საკითხს და საქართველოს მთავრობისა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მუშაობას ამ მიმართულებით.

“აღინიშნა, რომ იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების დარღვევის არცერთი ფაქტი არ არსებობს და საქართველოს ხელისუფლება შეუფერხებლად თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორებთან, გაუგებარია მუდმივი სპეკულაციები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

ამ კონტექსტში, შემაშფოთებელია დიდი ბრიტანეთის მიერ გემის SILVAR (IMO 9291262) დასანქცირების საკითხზე საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში საქართველოზე გაკეთებული აქცენტი, რომელიც მიზანმიმართულად ემსახურება არასწორი აღქმების განმტკიცებას და საქართველოს ინტერესების დაზიანებას.

მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს ხსენება მიუღებელია მაშინ, როდესაც გემის საქართველოში შემოსვლისა და ოპერირების დროს, მის მიმართ არ არსებობდა არცერთი საერთაშორისო სანქცია, იგი ფლობდა Lloyd's Register-ის (გაერთიანებული სამეფო) მოქმედ კლასს, ოპერირებდა საერთაშორისო საზღვაო ვაჭრობის მრავალრიცხოვან მარშრუტებზე და სტუმრობდა როგორც ევროპულ, ისე აზიურ და აფრიკულ პორტებს, მათ შორის მალტას, დანიას (სკაგენი), ეგვიპტეს, მალაიზიას, ინდოეთს, ჩინეთსა და სხვა. ამასთან, საქართველოს ყველა კომპეტენტურმა ორგანომ იმოქმედა მოქმედი ეროვნული და საერთაშორისო ვალდებულებების სრული დაცვით.

ბრიტანული მხარისთვის ასევე კარგადაა ცნობილი, რომ საქართველოში შემოსვლამდე, სულ რამდენიმე კვირით ადრე, აღნიშნულ გემს დანიის სამეფოში, ჩაუტარდა ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ინსპექტირება, რომლის ფარგლებშიც გემი არ დაკავებულა, რაც ადასტურებს მის შესაბამისობას საერთაშორისო საზღვაო უსაფრთხოების და ტექნიკური ზედამხედველობის მოთხოვნებთან.

გიორგი ზურაბაშვილმა დიდი ბრიტანეთის ელჩთან საუბრისას აღნიშნა, რომ მიუღებელია საელჩოს განცხადების სულისკვეთება და ამგვარი მანიპულაციური ქმედებები ჩრდილს აყენებს საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობებს. შეხვედრის დასასრულს, ხაზი გაესვა კონსტრუქციული თანამშრომლობის მნიშვნელობას”, - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში გარეთ უორდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე დაბარებული იქნა 2026 წლის 26 თებერვალსაც, გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების პაკეტში ქართული ტელეკომპანიების - „იმედის“ და "POSTV“-ის ჩართვასთან დაკავშირებით.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც ავტორიტარიზმს ვერ ეგუება, მაგრამ, დემოკრატიულად მართვის სისტემის შექმნის არც უნარი და არც ნება ჯერ არ აღმოაჩნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.06.2026
განაახლე ტექნიკა „მერე“ ბარათით „სილქნეტის“ საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში
მსოფლიო ჩემპიონატის საკულტო მომენტები, რომლებიც „კოლორპაკმა“ და „ნიკორამ“ 11 განსხვავებულ შეფუთვაზე გააცოცხლეს
Mastercard Economics Institute-მა თბილისში ტურიზმისა და ეკონომიკური ტენდენციების შესახებ კონფერენცია გამართა